ჩაის ბუჩქის გასხვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაის ბუჩქის გასხვლა — აგროტექნიკური ღონისძიება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბუჩქის ნახევრადოვალური ფორმა, ოპტიმალური სიმაღლე და სიგანე, ვეგეტატიური ცხოველმოქმედების გაძლიერება, გენერაციული მოქმედების შემცირება, მზარდი ნაზი დუყების რაოდენობის გადიდება, ყრუ დუყების შემცირება და მცენარის ინტენსიური ზრდა. პირველი გასხვლა ტარდება დაბუჩქების მიზნით 12-15 სმ-ზე, მეორე გასხვლა — მომდევნო წელს 40-45 სმ-ზე, მესამე გასხვლით კი მთავრდება ბუჩქის ფორმირება და იწყება ფოთლის კრეფა. გასხვლის ძირითადი სახეა შპალერული გასხვლა, რომლის შედეგად ბუჩქის ნეკებზე რჩება 1-2 ფოთოლი უბის კვირტიანად და ბუჩქს ეძლევა ნახევრად ოვალური ფორმა. გასხვლა ხდება მანქანებით ან შპალერული სასხლავი მაკრატლით. ფოთლის საკრეფად შემოსვლის რეგულირების მიზნით პლანტაციის გარკვეულ ფართობზე ტარდება მსუბუქი გასხვლა. მსუბუქად გასხვლისას მოუმწიფებელ მწვანე ყლორტებს აჭრიან წვერებს იმ ვარაუდით, რომ ბუჩქის ზედაპირი მოსწორდეს. მსუბუქი მოსწორებითი გასხვლა ხელს უწყობს ბუჩქის ადრეულ ვეგეტაციას, რის გამოც ფოთოლი 12 დღით ადრე შეიძლება მოიკრიფოს.

შპალერული და მსუბუქი გასხვლის შემდეგ ტარდება უფრო ღრმა გასხვლა (ბუჩქის ზედა დამუხვლის ქვემოთ 45-50 სმ-ზე); ეს უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა ვარჯი ბერდება და ფესვის ყელთან ამონაყრები შეინიშნება. მძიმე გასხვლა ხდება 10-15 სმ-ზე. ჩაის ბუჩქის გასხვლის საუკეთესო ვადაა ადრე გაზაფხული (მარტ-აპრილი), ნახევრად მძიმე და მძიმე გასხვლისას კი — ზამთარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფირცხალაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 72, თბ., 1987 წელი.
  • პატარავა დ., ფოთოლსაკრეფი ჩაის პლანტაციის გასხვლის სისტემა, «ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიულეტენი», 1951, №2.
  • ფირცხალაიშვილი ს., ჩაის პლანტაციის ექსპლუატაციის მეცნიერული საფუძვლები, თბ., 1976.