ჩაიკოვსკელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროპაგანდისტთა დაპატიმრება, ი. ე. რეპინი

ჩაიკოვსკელები, პროპაგანდის დიდი საზოგადოება (რუს. Чайковцы, Большое общество пропаганды) — რევოლუციურ-ხელოსნური ორგნიზაცია რუსეთში. ჩაისახა 1868-1869 წლებში როგორც სერგეი ნეჩაევის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი. ნიკოლოზ ჩაიკოვსკის სახელი პირობითად ეწოდა. ორგანიზაციის ბირთვს შეადგენდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის სტუდენტთა თვითგანათლების წრე, რომელსაც ჩაიკოვსკი მიეკედლა. წრის ძირითად ამოცანას თვითგანათლების გარდა შეადგენდა პეტერბურგისა და სხვა ქალაქების მოწინავე სტუდენტთა გაერთიანება და შემდეგ კი რევოლუციური მომზადების მიზნით მუშებსა და გლეხებს შორის პროპაგანდა. ჩაიკოვსკელებმა გამოსცეს და გაავრცელეს კარლ მარქსის „კაპიტალის“ I ტომი და სხვა რევოლუციური ლიტერატურა. 1871 წელს მარკ ნატანსონის წრე გაერთიანდა ალექსანდრა კორნილოვას და სოფია პეროვსკაიას ქალთა თვითგანათლების წრესთან. 1872 წელს ჩაიკოვსკელებმა დაიწყეს მუშათა წრეების შექმნა სოფლად რევოლუციური მუშაობისთვის პროპაგანდისტთა მოსამზადებლად. პეტერბურგსა და ოდესაში გაერთიანდა დაახლოებით 400 მუშა. ჩაიკოვსკელების მიერ მომზადებული მუშები (ვიქტორ ობნორსკი, თ. კრავჩენკო და სხვ.) შემდგომ სათავეში ჩაუდგნენ მუშათა პირველ ორგანიზაციებს რუსეთში — „სამხრეთ რუსეთის მუშათა კავშირს“ და „რუს მუშათა ჩრდილოეთის კავშირს“. ორგანიზაციის დამამთავრებელი ეტაპი იყო „ხალხში სიარული“, რომლის ინიციატორებიც ჩაიკოვსკელები იყვნენ. 1873-1874 წლებში ორგანიზაცია ჟანდარმერიამ დაარბია. ჩაიკოვსკელების უმრავლესობა ე. წ. „193-ის პროცესზე“ გაასამართლეს, შემდგომში კი ისინი რევოლუციური ხალხოსნობის ყველა ორგანიზაციაში მონაწილეობდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]