შხერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შხერი ნორვეგიაში
შხერები ფინეთში

შხერები (შვედ. skär) — ძველი კონტინენტური გამყინვარების არეში ზღვებისა და ტბების რთულ დანაწევრებულ ნაპირებთან მდებარე კლდოვანი კუნძულები, რომლებიც დაყოფილია ვიწრო სრუტეებითა და ყურეებით.[1]

ზოგჯერ ამოწეულია წყლის ზედაპირზე, ზოგჯერ კი პირიქით, მხოლოდ წყალქვეშ ვრცელდება („ბრმა შხერები“), სადაც ქმნის ვრცელ სარტყელს ზოგიერთი მაღალი კლდოვანი ნაპირების გასწვრივ. შხერები გვხვდება ცივ და ზომიერ სარტყელში. განსაკუთრებულად შხერები განვითარებულია ნაპირების გასწვრივ, რომლებიც ფიორდებითაა დანაწევრებული.[2]

კრისტალური ქანებით აგებულ კუნძულებზე მყინვარული დამუშავების კვალი (ვერძის შუბლი) ან მორენული წარმონაქმნებია (დრუმლინი, ოზები, მორენული ბორცვები). სიდიდით კუნძულები რამდენიმე კმ² აღწევს, სიმაღლით რამდენიმე მ-ს, მათი რიცხვი მრავალი ასეულია. შხერები გავრცელებულია პლეისტოცენური გამყინვარების ოლქებში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, კანადაში, პატაგონიის, გრენლანდიის, ლაბრადორისა და დალმაციის სანაპიროებზე და სხვა. წარმოდგენილია მომცრო კლდოვანი კუნძულებისა და წყალქვეშა მოგლუვებული კლდეების სახით. საკმაოდ კარგად მოჩანს იგი თეთრი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც.[3]

მრავალ კუნძულს აქვს გუმბათისებრი ფორმა და მყინვარული ნაიარევი; ნაწილობრივ წყლის დონეზე დაბლაა. ნაოსნობა შხერებს შორის მეტად გართულებულია და მიმდინარეობს მხოლოდ რეკომენდებული ფარვატერებით.[4]

შხერების ფართო გავრცელების ადგილებში წარმოიქმნება ნაპირის შხერული ტიპი, რომელიც ვიწრო ყურეებით ძლიერ არის შეჭრილ-შემოჭრილი. კუნძულები აგებულია კრისტალური ქანებით და მათ შორის გაბნეულია მრავალრიცხოვანი თავთხელები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 66, თბ., 1987 წელი.
  2. Геологический словарь, Т. 2, М-Я., М. 1955.
  3. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  4. Шхеры // Морской словарь
  5. Берег шхерного типа // Геологическая энциклопедия