შულგან-ტაში
შულგან-ტაში | |
---|---|
ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე
კაპოვას გამოქვაბული | |
მდებარეობა | ბაშკირეთი |
ქვეყანა | რუსეთი |
კოორდინატები | 53°02′00″ ჩ. გ. 57°03′00″ ა. გ. / 53.03333° ჩ. გ. 57.05000° ა. გ. |
ფართობი | 22 531 ჰა |
დაარსდა | 1958 |
შულგან-ტაში (რუს. Шульган-Таш, ბაშკ. Шүлгән-Таш) — ფედერალური სტატუსი მქონე სახელმწიფო ნაკრძალი ბაშკირეთში, რუსეთში. მდებარეობს სამხრეთ ურალის მთისწინეთზე, ტყიან მასივში, ბურზიანსკის რაიონის ტერიტორიაზე. ნაკრძალის საერთო ფართობი 22 531 ჰა-ს შეადგენს. ნაკრძალის სახელი მომდინარეობს ბაშკირული სიტყვებიდან „Шульган“ (დაშვება, ჩასვლა) და „Таш“ (ქვა).
დაარსდა 1958 წელს, როგორც ბაშკირეთის ნაკრძალის პრიბელსკური ფილიალი, ხოლო 1986 წლის 16 იანვრიდან გახდა დამოუკიდებელი ნაკრძალი. ნაკრძალის დაარსება ადგილობრივი ფუტკრის ენდემურმა სახეობამ, ბურზიანსკოის ბორტევოიმ, განაპირობა, რომელსაც სხვაგვარად „ბურზიანკებსაც“ უწოდებენ.
ნაკრძალის ტერიტორიაზე იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა -16° С, ხოლო ივნის-ივლისის კი +16° С-ია. კლიმატი ზომიერი-კონტინეტურია, ნალექების წლიური რაოდენობა განსხვავებულია წლების მიხედვით და მერყეობს 270-დან 750 მმ-მდე. რელიეფი დაბალმთიანია, შერეულ ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყის მასივებს ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით 92% უკავია.
ნაკრძალი წარმოადგენს ბუნების დაცვით, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო-ეკოლოგიურ დაწესებულებას, სადაც დაახლოებით 90 ადამიანი მოღვაწეობს.
ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს უნიკალური კარსტული კაპოვას გამოქვაბული, რომელსაც მეორენაირად, ნაკრძალის მსგავსად, შულგან-ტაში ჰქვია. გამოქვაბულის სიგრძე დაახ. 2,9 კილომეტრია. გამოქვაბული იყოფა 3 იარუსად, მათ ქვემოთ მოედინება მიწისქვეშა მდინარე შულგანი, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ეს გამოქვაბული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შულგან-ტაში ბაშკირულ ენციკლოპედიაში დაარქივებული 2009-04-17 საიტზე Wayback Machine.
- კაპოვას გამოქვაბული