შუვალოვის პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუვალოვის პარკი (რუს. Шуваловский парк) — ისტორიული პარკი პარგოლოვოში, გრაფი შუვალოვების ყოფილი საკუთრება. მდებარეობს თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთ ნაწილში.

პარკს უჭირავს 142 ჰა ფართობი მდინარე სტაროჟილოვკის ჩრდილოეთით, საიდანაც 136 ჰა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიის საზღვრებში (აქ ახალი შენობების აგება აკრძალულია). პარკში ძალიან ბევრი საუკუნოვანი ნაძვის ხეა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია.

პარგოლოვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკს ეს სახელი ეწოდება გრაფ შუვალოვების გვარის მიხედვით, რომლებიც მიწებს ფლობდნენ პარგოლოვოში, პეტრე ივანეს ძე შუვალოვისთვის 1746 წელს გრაფის ტიტულის მიღებიდან 1903 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა თავადი ვორონცოვ-შუვალოვი, გვარის უკანასკნელი შტოს წარმომადგენელი. ამის შემდეგ მან მიწები მემკვიდრეობით დაუტოვა თავისი დის, ეკატერინეს, მეუღლეს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს.

1912-1915 წლებში არქიტექტორ სტეფან კრიჩინსკის პროექტის მიხედვით პარკში ააშენეს აგარაკის შენობა ნეოკლასიციზმის სტილში.

პარგოლოვოს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820-იან წლებში პარგოლოვოს ფლობდა პავლე შუვალოვის ქვრივი ვარვარა შუვალოვა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაყვა იმპერატორის კარის ცერემონმაისტერს, გრაფ ადოლფ პოლეს. 1830 წელს მეორე მეუღლის გარდაცვალებამ სერიოზულად იმოქმედა გრაფინიაზე. მან გადაწყვიტა უკვდავეყო მისი ხსოვნა. ვარვარა შუვალოვას თხოვნით არქიტექტორმა ალექსანდრე ბრიულოვმა შეიმუშავა მისი მეუღლის დასაკრძალავი აკლდამისა პროექტი. აკლდამა იმ წელსვე ააგეს, თაღოვან შესასვლელთან.

ძალიან მალევე ვარვარა პეტრეს ასულმა თხოვნით მიმართა სასულიერო კონსისტორიას, რათა ნება მიეცათ აკლდამაზე აეშენებინა ქვის ეკლესია იმავე ბრიულოვის პროექტის მიხედვით. პასუხად მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არამართლმადიდებელი გრაფის ნეშტი უნდა ყოფილიყო ტაძრის გარეთ. თავდაპირველად ფიქრობდნენ ტაძარი ეკურთხებინათ დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე, მაგრამ თავიდანვე ეკლესიას თვლიდნენ მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრად.

ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1831 წელს, მაგრამ მფლობელის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელი. კიდევ ხუთი წლის შემდეგ, 1846 წლის 9 ივლისს, ტაძარი აკურთხა იოაკიმე კოჩეტოვმა. ამ მომენტიდან პეტრესა და პავლეს ეკლესია გახდა შუვალოვ-ვორონცოვების საოჯახო ეკლესია. 1872 წლის 12 ივლისს ტაძარში ჯვარი დაიწერა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვმა და ნადეჟდა პურგოლდმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Г. И. Зуев. Шуваловская Швейцария: из истории предместий Санкт-Петербурга. СПб, 2005.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]