შუა რუსეთის მაღლობი
შუა რუსეთის მაღლობი — მაღლობი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ფარგლებში. გადაჭიმულია მდინარე ოკიდან დონეცის ჭიუხამდე, დაახლოებით 1000 კილომეტრზე. სიგანე 500 კილომეტრი. მაქსიმალური სიმაღლე 293 მეტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება კალაჩის მაღლობი. მაღლობს ქვეშ უდევს კამბრიულისწინა კრისტალური ფუნდამენტი. ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია დევონური და კარბონული კირქვებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია იურული და ქვედა ცარცული ქვიშიან-თიხიანი ნალექებით. სამხრეთი ნაწილი აგებულია ზედა ცარცული ნალექებით - ცარცით, მერგელებით, რომლებიც დაფარულია პალეოგენური თიხებით, ქვიშებითა და ქვიშაქვებით. ზედაპირზე ყველგან გვხვდება ლიოსები და ლიოსისებრი თიხნარები. მაღლობი მდიდარია რკინის მადნით (კურსკის მაგნიტური ანომალია), მურა ნახშირითა და სხვა წიაღისეულით. რელიეფი ეროზიულია, დახრამული. შუა რუსეთის მაღლობი კასპიის, შავი და აზოვის ზღვების წყალგამყოფია. მოქცეულია ტყის, ტყესტეპისა და სტეპის ზონაში. განვითარებულია შავმიწა ნიადაგები. უმთავრესად დახრამულია. არის ნაკრძალები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 51.