შინაარსზე გადასვლა

შტრამბერკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შტრამბერკი
Štramberk

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 49°35′30″ ჩ. გ. 18°07′03″ ა. გ. / 49.59167° ჩ. გ. 18.11750° ა. გ. / 49.59167; 18.11750
მმართველი დავიდ პლანდორი
პირველი ხსენება 1211
ფართობი 9,33 კმ²
ცენტრის სიმაღლე 415
მოსახლეობა 3 470[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 372 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 742 66
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი stramberk.cz
შტრამბერკი — ჩეხეთი
შტრამბერკი

შტრამბერკი (ჩეხ. Štramberk) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ნოვი-იიჩინის რაიონში მდებარეობს. ქალაქი ცნობილია ჩეხური საკონდიტრო ნაწარმით, რომელსაც შტრამბერკის ყურები ეწოდება. ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ქალაქის სახელწოდება (ფონეტიკური გამარტივებით) გადმოღებულია ციხესიმაგრის სახელიდან, რომლის თავდაპირველი სახელი იყო შტრალენბერგი („მსროლელთა მთა“).

შტრამბერკი რაიონულ ცენტრ ნოვი-იიჩინიდან აღმოსავლეთით 7 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი მორავია-სილეზიის მთისწინეთშია გაშენებული. ის საკმაოდ მთაგორიანი ქალაქია. შტრამბერკის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღლა მდებარე წერტილია ბილა-ჰორა, მისი სიმაღლე 557 მეტრია ზღვის დონიდან.[2]

ქალაქის გარშემო რამდენიმე დაცული ტერიტორიაა, აღსანიშნავია შიპკას მღვიმის ბუნების ძეგლი. ამ კარსტულ მღვიმეში ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთებია აღმოჩენილი მთელ ჩეხეთის ტერიტორიაზე.[3][4]

შტრამბერკი ისტორიულ წყაროებში პირველად 1211 წელსაა ნახსენები, ამ წყაროში დახასიათებულია ციხესიმაგრე და ციხისძირში გაშენებული სოფელი. შტრამბერკის ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია.

მორავიის მაკგრაფმა იან ინდრჟიხ ლუქსემბურგმა აქ ქალაქი 1359 წელს დააარსა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრივილეგია უბოძა.[5]

XV საუკუნიდან შტრამბერკი მორავიის ეკლესიის ცენტრი იყო. მორავიის ეკლესიას მორავიის საძმოსაც უწოდებენ და ერთ-ერთი უძველესი პროტესტანტული მოძრაობაა ქრისტიანობაში.

1624 წელს შტრამბერკი იეზუიტებმა შეიძინეს. ოცდაათწლიანი ომის დროს ქალაქი რამდენიმეჯერ დაარბიეს და ციხესიმაგრეც დაზიანდა. მისი წინა ფასადი 1783 წელს ჩამოიშალა.[5][6]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აქ კირქვის მოპოვება დაიწყო, რამაც ქალაქის შემდგომი ეკონომიკური განვითარება განაპირობა.

შტრამბერკის ციხე
შტრამბერკის ყურები

შტრამბერკში რკინიგზა 1881 წელს გაიყვანეს. შტრამბერკში მეზობელი ქალაქებისგან განსხვავებით 1938–1945 წლების მესამე რაიხის ოკუპაციამდეც მთლიანად ჩეხურენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული.[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტრამბერკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი ციხესიმაგრეა, მას ცილინდრული ფორმის კოშკი აქვს, რომელსაც ადგილობრივები ისტორიულად „ტრუბას“ ანუ მილს უწოდებენ. ის 1903–1904 წლებში შეაკეთეს და გადმოსახედ კოშკად გადააკეთეს.[5]

შტრამბერკში შემორჩენილია ქალაქის გალავნის ნაწილი და წმინდა ბართლომეს ტაძრის ნანგრევები.[6]

შტრამბერკის ისტორიულ ცენტრში შემორჩენილია XVIII-XIX საუკუნეებში აგებული ხის სახლების უნიკალური კოლექცია. ქალაქის მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა იან ნეპომუკის ბაროკოს სტილის სამრევლო ეკლესია. იგი დაარსდა 1721 წელს და XX საუკუნის დასაწყისში ჩეხმა მხატვარმა იანო კოლერმა გააფორმა.[7]

შიპკას მღვიმეში შესვლა უფასოა. ბილა-ჰორას ბორცვზე დგას 43 მეტრი სიმაღლის ორმაგი სპირალის ფორმის გადმოსახედი კოშკი.[2]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. 1 2 Štramberk cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  3. Jeskyně Šipka – místo objevu Šipecké čelisti ve Štramberku cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  4. Jeskyně cs. Tourist Information Centre Štramberk. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  5. 1 2 3 4 Z historie cs. Město Štramberk. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  6. 1 2 Historie hradu cs. Štramberk Castle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 2022-02-21
  7. Kostel sv. Jana Nepomuckého cs. Tourist Information Centre Štramberk. ციტირების თარიღი: 2022-02-21