შტერნის ცდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტერნის ცდააირის მოლეკულების სითბური მოძრაობის სიჩქარეთა ექსპერიმენტული განსაზღვრა; განახორციელა ოტო შტერნმა 1920 წელს. შტერნის ცდით დამტკიცდა აირთა კინეტიკური თეორიის საფუძვლების სისწორე. ამ ცდაში საკვლევ აირად იყენებდნენ ვერცხლის გაუხშოებულ ორთქლს, რომელსაც ღებულობდნენ პლატინის მავთულში ელექტრული დენის გატარებისას მასზე დაფენილი ვერცხლის შრის აორთქლებით. მავთულს ათავსებდნენ ჭურჭელში, საიდანაც ჰაერი ამოტუმბული იყო. ამ ატომების ვიწრო კონის მისაღებად მათ გზაზე დადგმული იყო ზღუდე ჭვრიტეთი. ვერცხლის ატომები ეფინებოდა თითბრის ფირფიტაზე ვიწრო ზოლის სახით და ქმნიდა ჭვრიტეს ვერცხლის გამოსახულებას. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მთელ ხელსაწყოს აბრუნებდნენ ფირფიტის სიბრტყის პარალელური ღერძის ირგვლივ. ხელსაწყოს ბრუნვის შედეგად, ატომები ფირფიტას სხვა ადგილზე ეცემოდა. ვიდრე ისინი გაივლიდნენ მანძილს ჭვრიტედან ფირფიტამდე, თვითონ ფირფიტა გადაინაცვლებდა, რის შედეგადაც მიიღებოდა ჭვრიტეს წანაცვლებული გამოსახულება. გადანაცვლება იზრდებოდა ხელსაწყოს ω კუთხურ სიჩქარესთან ერთად და მცირდებოდა ვერცხლის ატომთა v სიჩქარის ზრდასთან ერთად.რადგან ატომები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ, ხელსაწყოს ბრუნვისას ზოლი წაირეცხება, გაგანიერდება. ზოლის მოცემულ ადგილას ნალექის სიმკვრივე განსაზღვრული სიჩქარით მოძრავი ატომების რიცხვის პროპორციულია. უდიდესი სიმკვრივე შეესაბამება ატომთა უდიდეს ალბათურ სიჩქარეს. შტერნის ცდით მიღებული ყველაზე უფრო ალბათური სიჩქარის მნიშვნელობები კარგად თანხვდება თეორიულ მნიშვნელობებს, რომლებიც მიღებულია სიჩქარეების მიხედვით მოლეკულათა მაქსველის განაწილების საფუძველზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]