შტალჰელმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M35 ტიპის შტალჰელმი.

შტალჰელმი (გერმ. Stahlhelm; „ფოლადის ჩაფხუტი“) — ფოლადის გერმანული სამხედრო ჩაფხუტი, რომლის ძირითადი დანიშნულება იყო შრაპნელისა და ყუმბარის ფრაგმენტებისგან სამხედროს თავის დაცვა. შტალჰელმი არ იყო განკუთვნილი ტყვიის შესაკავებლად, თუმცა ხანდახან შეეძლო პისტოლეტის კალიბრის ტყვიების შეჩერება და თუკი შესაფერისი კუთხით მოხვდებოდა, საბრძოლო შაშხანის კალიბრის ტყვიების ასხლეტა. ფოლადის ჩაფხუტი პირველი მსოფლიო ომის დროს შემუშავდა და მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით გერმანიის ჯარების სტანდარტული დამცავი ჩაფხუტი იყო. ნაცისტური პერიოდის გერმანული ფოლადის ჩაფხუტი საშუალოდ 1 კილოგრამს იწონიდა და ტყავის ნიკაპის ღვედი გააჩნდა. ჩაფხუტებზე დატანებული იყო კონკრეტული საჯარისო ნაწილის ნიშანი ჯარისკაცის სამხედრო ნაწილის ადვილად ამოსაცნობად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესვერი საკუთარ ჩაფხუტებს ისევ შტალჰელმებს უწოდებდა, მაგრამ იმდროინდელ ჩაფხუტს უკვე აღარაფერი ჰქონდა საერთო ომისდროინდელ ჩაფხუტთან და ამერიკულ M1 მოდელზე იყო დაფუძნებული.

შტალჰელმი შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როცა ცხადი გახდა, რომ თხრილებში გამაგრებული ჯარისკაცებისთვის არტილერიის დაბომბვისგან თავის დასაცავად ტყავისა და ნაჭრისგან შეკერილი პიკელჰაუბეები და სხვა სამხედრო თავსაბურავები არაეფექტური იყო და საჭირო გახდა აღჭურვილობაში გამძლე ჩაფხუტის მიღება. ყველას ფრანგებმა დაასწრეს და 1915 წლიდან აღჭურვილობაში მიიღეს ადრიანის ჩაფხუტები, მათ მოყვნენ ბრიტანელები ბროუდის ჩაფხუტით და გერმანელები შტალჰელმით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომისა (მარჯვნივ) და მეორე მსოფლიო ომის (მარცხნივ) დროინდელი მოდელები.

ჩაფხუტის დიზაინზე ჰანოვერის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორმა ფრიდრიხ შვერდმა იმუშავა და მის მიერ შექმნილი მოდელი დაახლოებით ეფუძნებოდა მეთხუთმეტე საუკუნის სალეტის მუზარადს, რომელიც მაშინ ევროპასა და განსაკუთრებით გერმანიაში იყო გავრცელებული, რადგან ის უზრუნველყოფდა თავისა და კისრის კარგ დაცვას. შვერდმა ჩაფხუტზე მუშაობა 1915 წელს დაასრულა, თუმცა გამოცდებისა და სხვა მიზეზების გამო 1916 წლამდე არ დარიგებიათ გერმანელ ჯარისკაცებს. 1916 წელს შტალჰელმებით აღჭურვილმა გერმანელებმა პირველად იბრძოლეს ვერდენში და გამოჩნდა, რომ თავის სერიოზული დაზიანებების სიხშირე შესამჩნევად შემცირდა. შტალჰელმები თავდაპირველად შემტევი ჯგუფების ჯარისკაცებს დაურიგდათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ შტალჰელმი გერმანელი ჯარისკაცის იმიჯის განუყოფელი ნაწილად ჩამოყალიბდა და როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის თაობაში იმდენად გავრცელებული იყო მისდამი მიჯაჭვულობა, რომ ჰიტლერმა ამ მიზეზით უარყო შტალჰელმის უფრო გათანამედროვებული და დახრილი ფორმის მოდელი. შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შტალჰელმი ვერმახტის ძირითად ჩაფხუტადაც იქცა. 1935 წელს ძველი ვარიანტები სრულად ჩაანაცვლა M35 ტიპის მოდელმა, რომელიც წარმოადგენდა პირველი მსოფლიო ომის დროს შემუშავებული მოდელის შედარებით დაპატარავებულ და უფრო დახვეწილ ვარიანტს.

შტალჰელმი სხვა ქვეყნების ჯარებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიამ M35 ტიპის შტალჰელმები ბევრ ქვეყანაში გაუშვა ექსპორტზე, მათ შორის ჩინეთსა და ესპანეთში. უნგრელებმა გერმანელების ნებართვითა და დახმარებით შექმნეს შტალჰელმის საკუთარი ვერსიაც, შტალჰელმი ასევე იყო ფინელთა აღჭურვილობაში.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის მიმდინარეობასთან ერთად შემუშავდა შტალჰელმის ახალი ვარიანტები, რომლებიც, ძირითადად, ომისდროინდელი ეკონომიკის გამო წარმოების გაადვილებისა და ნაკლები მასალის დახარჯვისკენ იყო მიმართული. ამან განაპირობა შემდეგი მოდელების შექმნა: M1940, M1942, M1944 და M1945. ომის შემდეგ შეიქმნა აღმოსავლეთგერმანული და დასავლეთგერმანული M1956 მოდელებიც, თუმცა არცერთი მათგანი აღარ ჰგავდა კლასიკურ შტალჰლემს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sheldon, Jack (2007). The German Army on the Somme 1914–1916. Barnsley, South Yorkshire, UK: Pen & Sword Military.
  • Tubbs, Floyd R.; Clawson, Robert W. (2000). Stahlhelm: Evolution of the German Steel Helmet (Revised and expanded ed.). Kent, Ohio: Kent State University Press.
  • Bell, Brian C.; Lyles, Kevin (2004). Wehrmacht Combat Helmets 1933-45. Osprey Publishing.