შრომის თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შრომის თავისუფლება — კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს შრომის უფლება ან პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვის უფლება, რომელთა განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია. შრომის თავისუფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მისი საერთაშორისო პაქტში - ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ - აღიარებით, სადაც შრომის თავისუფლება გამოხატავს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

განსაზღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:[1]

ვიკიციტატა
„ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.“

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ნაწილი III, მუხლი 6:[2]

ვიკიციტატა
„1.წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად.“
ვიკიციტატა
„2.ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.“

ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკის ქარტია, ასევე აღიარებს შრომის უფლებას, ხაზს უსვამს ანაზღაურების და სამუშაო პიროებების საკითხებს. მე-15 მუხლის თანახმად:[3]

ვიკიციტატა
„ყველა პიროვნებას უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს მიუკერძოებელ და დამაკმაყოფილებელ გარემოში, ასევე აქვთ უფლება მიიღონ თანაბარი ანაზაღაურება სამუშაოსთვის.“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაზა - „შრომის თავისუფლება“ პირველად გამოიყენა ფრანგმა სოციალისტურმა ლიდერმა ლუი ბლანმა XIX საუკუნის დასაწყისში სოციალური არეულობისა და 1864 წელს ფინანსური კრიზისის დროს უმუშევრობის ზრდის ფონზე, რამაც შემდგომ გამოიწვია 1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია.[4]საკუთრების უფლება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური თავისუფლებისა და თანასწორობის, ამასთანავე საკუთრებაზე ფეოდალური კონტროლის წინააღმდეგ. საკუთრება შეიძლება საფუძვლად დაედოს უფლებას ჰქონდეს პიროვნებას ცხოვრების სათანადო დონე. თავდაპირველად სწორედ საკუთრების მფლობელებს ჰქონდათ სოციალური და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის ხმის მიცემის უფლება. ვინაიდან ყველას არ ჰქონდა ქონების მესაკუთრე, წარმოიშვა შრომის უფლება (თავისუფლება), რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ცხოვრების სათანადო დონე.[5]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ლაფარგი, წიგნში „სიზარმაცის უფლება“ (1883) წერს: "წარმოიდგინეთ, ტერორის მმართველობის გმირების შვილებს საკუთარი თავები დაემცირებინათ შრომის რელიგიის აღიარებით, ამასთან 1948 წლის საფრანგეთის რევოლუციის ხანაში მოეთხოვათ მიეღოთ კანონი, რომელიც სამუშაო საათებს შეზღუდავდა მხოლოდ 12 სამუშაო საათამდე. ისინი რევოლუციურ პრინციპად აცხადებენ შრომის თავისუფლებას. სირცხვილი საფრანგეთის პროლეტარიატს! მხოლოდ მონები თუ წარმოიდგენდნენ ასეთ სიმდაბლეს.“[6]

შრომის თავისუფლება საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვალის კონსტიტუციის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ კანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.[7] მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.[8] კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლო კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევდა უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.[9]

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა სამართლის თავისებურება ის იყო, რომ შრომა განიხილებოდა როგორც უფლება, ისე მოვალეობაც. ფაქტობრივად იგნორირებული იყო შრომის თავისუფლების პრინციპი. სამართალი განამტკიცებდა იძულებით შრომას, რაზედაც მეტყველებს საბჭოთა სისხლის სამართალში არსებული ნორმები, რითაც ისჯებოდა ადამიანი, რომელსაც გააჩნდა შრომის უნარი, მაგრამ არ შრომობდა. საზოგადოდ შრომა წარმოადგენდა ნორმატიულ იძულებას. ამაზე მეტყველებს საბჭოთა სინამდვილეში გაბატონებული პრინციპი: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. შრომის მნიშვნელობაზე, ადამიანთა და საზოგადოდ სახელმწიფოს არსებობისათვის, ხაზი იყო გასმული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაშიც, მაგრამ განსხვავება საბჭოთა სამართლისგან იმაშია, რომ შრომა აღნიშნულ კონსტიტუციაში არ იყო გაგებული, როგორც ნორმატიული მოვალეობა. საბჭოთა სამართლის მიხედვით, შრომის უფლება ფორმალურად წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ უფლებას. ადამიანის ქონებრივი მდგომარეობა, როგორი მაღალიც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ვალდებული იყო ეშრომა.

საქართველოს 1995 წლის კონსიტიტუციის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველომ 1995 წლის კონსტიტუციაში შეცვალა შრომისადმი დამოკიდებულება და 30-ე მუხლის პირველ პუნქტში განაცხადა, რომ შრომა არის თავისუფალი. კონსტიტუციაში ასეთმა ჩანაწერმა განამტკიცა შრომის თავისუფლების საყოველთაო პრინციპი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართალში. რამაც შემდგომში ხელი შეუწყო საქართველოს საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციას საერთაშორისო აქტებთან, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოში მოქმედებს შრომის კოდექსი, რომელიც არსებითად განსხვავდება ძველი, საბჭოური კოდექსისაგან იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რომლებიც მასშია ჩადებული. შრომითი ურთიერთობები კიდევ უფრო დაუახლოვდა კერძო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და შრომის სამართალმა დაიკავა ადგილი კერძო სამართლის სისტემაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერბი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 4801430
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერბი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 30346
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერბი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 4801430
  • „შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I“, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ.2011 - „შრომის თავისუფლების არსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“, ავტორი ბესარიონ ზოიძე, გვ.1-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Universal Declaration of Human Rights : English. ციტირების თარიღი: 2016-02-03
  2. International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისი (1966).
  3. African Charter on Human and Peoples' Rights en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-19. ციტირების თარიღი: 2018-04-09
  4. Robertson, Priscilla Smith (1952). Revolutions of 1848: A Social History. Princeton University Press, გვ. 69. ISBN 9780691007564. „Right to work.“ 
  5. Alfredsson, Gudmundur (1999). The Universal Declaration of Human Rights: a common standard of achievement. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 533. ISBN 978-90-411-1168-5. 
  6. Paul Lafargue The Right To Be Lazy, Chapter II, 2nd paragraph
  7. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.
  8. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.
  9. „საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117