შრი ჩინმოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შრი ჩინმოი

ჩინმოი კუმარ გჰოსე (დ. 27 აგვისტო, 1931, ბანგლადეში, შაკპურა — გ. 11 ოქტომბერი, 2007, ნიუ-იორკი, აშშ) — ინდოელი სულიერი მოძღვარი და ფილოსოფოსი. აღმსარებლობით ინდუისტი. 1964 წელს გადასახლდა აშშ-ში. ქადაგებდა ღმერთისადმი სიყვარულს, ყოველდღიურ მედიტაციას, სამყაროსთვის მსახურობას, რელიგიურ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი ჩინმოი დაიბადა აღმოსავლეთ ბენგალში (თანამედროვე ბანგლადეში). ოჯახში შვიდი ბავშვიდან ყველაზე უმცროსი იყო. 11 წლისა, სხვა და-ძმებთან ერთად, დაობლდა და გაიზარდა შრი აურობინდოს აშრამში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ესეებსა და სიმღერებს, ასევე დაკავებული იყო სპორტითაც, რაც აურობინდოს აშრამში სავალდებულო იყო. ბავშვობიდანვე იყო დაკავებული მედიტაციითა და სულიერი პრაქტიკებით.

1964 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც 1966 წელს დააარსა სექტა. შრი ჩინმოი ორჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე, მაგრამ, საბოლოოდ, არ მიუღია. 2007 წლიის 11 ოქტომბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულია კუინზში, ნიუ-იორკში.

მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი მკვლევარი შრი ჩინმოის მოძღვრებას ახასიათებს ნეოინდუიზმად ინტეგრალური იოგის ელემენტებით.

მის მიხედვით, ღმერთს ან — უზენაესს, ერთდროულად გააჩნია მამრობითი და მდედრობითი საწყისი. მამაღმერთი და დედაღმერთი ერთნი არიან ორ სახეში. ხსნისათვის აუცილებელია, მასწავლებლის მეშვეობით, ღმერთის სრული მორჩილება. ამის მისაღწევად საჭიროა „გულის გზით“ რეალიზაცია. სულიერი გული არის „სიყვარულის ტახტი და მსოფლიო ერთიანობის გრძნობა“, ინტელექტი კი — „შფოთვისა და ეჭვის ტახტია“. გულმა უნდა დაიმორჩილოს ინტელექტი.

მედიტაციურ მდგომარეობაში ჩასაფლობად რეკომენდირებულია ერთ საგანზე კონცენტრირება. შრი ჩინმოი საკონცენტრაციო ობიექტად თავის „ტრანსცენდენტულ პორტრეტს“ გვთავაზობს. ის ამბობს: „ჩემს პორტრეტთან მედიტაციის დროს, არაფერზე უნდა იფიქროთ“. ამავდროულად, რეკომენდირებულია მუსიკის მოსმენა, თავად ჩინმოის მიერ დაწერილი, და საკმევლის სუნის შესუნთქვა.

ამას უნდა დაემატოს მკაცრი ვეგეტარიანელური დიეტა და „უნაყოფო“ სექსუალური ცხოვრებისგან თავის შეკავება. ჩინმოი ქორწინებას არ იწონებდა, რადგან მშობლებს ყურადღება ბავშვზე გადააქვთ და შესაბამისად არა მასწავლებელზე, არამედ მათზე არიან კონცენტრირებულები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Shyam Dua: "The Luminous Life of Sri Chinmoy." Tiny Tot Publications, India 2005., ISBN 8130402211

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: