შრედინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შრედი (სტილი))
ედი ვან ჰალენი
მაიკლ ენჯელო ბეიტიოუ
კრის იმპელიტერი
ინგვი მალმსტინი

შრედინგი (ასევე შრედი) ეწოდება ელექტრო გიტარაზე დაკვრის სტილს, რომელსაც თანამედროვე როკ მუსიკაში, განსაკუთრებით მძიმე მეტალის სტილში, გიტარისტების მთელი პლეადა მიჰყვება და ხასიათდება დიდი სირთულის პასაჟებითა და შესრულების სისწრაფით. ამ ტერმინის სათავეა სიტყვა „Shred“–ი და იგი დანაწევრებას, დანაკუწებას, ნაწილებად დაჭრას, დაქუცმაცებას ნიშნავს, რაც ზუსტად გამოხატავს ამ სტილის ტექნიკურ მხარეს: შრედინგის დროს გიტარისტი უდიდესი სისწრაფის ხარჯზე გრიფის რაც შეიძლება მეტ დანაყოფს იყენებს და მრავალრიცხოვანი ნოტების საშუალებით ქმნის მელოდიურ სოლო პარტიას. ცნობილი გიტარისტი და მეთოდისტი დეივ ჩელენტანო თავის ერთ–ერთ წიგნ „Secrets of Shred Guitar“-ში ამტკიცებს, რომ შრედ გიტარის საიდუმლოებები შეიცავს „ჩაქროლებას, მონაცვლეობას და ტრემოლოს არჩევანს; სიმებზე ხტომას, ბევრი თითების ჩაკაკუნებას“. შრედ გიტარისტები იყენებენ ორ, ზოგჯერ სამ ოქტავიან გიტარის დანაყოფებს, ტრიადებს, სწრაფი მაღლასვლისა და დაშვების მეთოდს დროის მცირე მონაკვეთში.

შრედის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკ მუსიკის არსებობის დასაბამიდანვე, მისი კომპოზიციური სტრუქტურის სირთულის გამო, განმსაზღვრავი ფაქტორი გახდა გიტარის დომინირებადი როლი, მისი საშემსრულებლო ტექნიკის მაღალი დონე, მუსიკალური და ვიზუალური ფაქტორი. გიტარისტი დანი სედრონი შეიძლება მივიჩნიოთ იმ პირველ გიტარისტად, ვინც მაყურებლის აღტაცებით დაბრმავების მიზნით თავის გამოსვლებში ხშირად მიმართავდა გიტარაზე დაკვრის უჩვეულო ტექნიკას, რომელიც, როგორც მუსიკოსი, ე.წ. „ქანთრის“ სტილის გიტარის– შემსრულებლის, ჯიმი ბრაიანტის დაკვრის სტილის თაყვანისმცემელი იყო, ბრაიანტი კი თავის მხრივ ლეგენდარული სისწრაფის გიტარისტად ითვლებოდა. ამავე მიზანს ისახავდა ლეგენდარული ბილი ჰეილიც მაქს ფრიდმანისა და ჯეიმზ მაიერის სიმღერის, „Rock Around the Clock“ შესრულების დროს თავის „კომეტებთან“ ერთად და ბრწყინვალე გიტარისტი ჩაკ ბერიც.

შრედის სტილის ევოლუცია მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. მისი ისტორია იწყება 70–იანი წლების ბოლოს და პირველ პროტოტიპად ითვლება ცნობილი გერმანული როკ–ჯგუფის სკორპიონსის (Scorpions ) გიტარისტის, ულრიხ როთის სოლო 1975 წლის ალბომში „In Trance“. 1978 წელს, იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობმა, ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელმა გიტარისტმა ედი ვან ჰალენმა გამოუშვა ინსტრუმენტალური ალბომი „Eruption“, რომელიც წარმოადგენდა გიტარის ერთგვარ „შტურმს“, რომელიც მანამდე როკ მუსიკაში ამგვარი სახით ჯერ არავის გაეგონა, ამ სტილის პიონერებად ითვლებიან, აგრეთვე, ელ დი მეოლა და რიჩი ბლეკმორი.

80–იან წლებში შრედის სტილი უფრო განავითარეს და საკუთარი ინოვაციური ხასიათის ელფერი შემატეს საყოველთაოდ ცნობილმა მძიმე მეტალის ჟანრის გიტარისტებმა დეივ მასტეინმა, მარტი ფრიდმანმა, კირკ ჰემეტმა, ჯეისონ ბეკერმა, ტონი მაკალპინმა, ჯორჯ ლინჩმა, ასევე, გიტარის ცნობილმა ვირტუოზებმა ჯო სატრიანმა, სტივ ვაიმ, ჯონ პეტრუჩიმ, მაიკლ რომეომ. ვინი მურმა, კარლ ლოგანმა, პოლ გილბერტმა, რიჩი კოცენმა, ერიკ ჯონსონმა, ენდი ტიმონსმა, და სხვ.

რენდი როუდსმა და ინგვი მალმსტინმა შრედის სტილი უფრო განავითარეს და ამგვარად მძიმე მეტალს შემატეს ახალი ქვეჟანრი — ნეო–კლასიკური მეტალი, რომლის შთაგონების წყაროდ ითვლება კლასიკური მუსიკის ჟანრის – ბაროკოსა და ცნობილი ნიკოლო პაგანინის მუსიკალური მემკვიდრეობა. განსაკუთრებით დიდი წვლილი ამ ჟანრის ჩამოყალიბებაში მიეკუთვნება ინგვი მალმსტინს, რომელმაც დაამკვიდრა ნეო–კლასიკური მეტალის სტილისტური ფორმები და ბევრი ზემოთხსენებული გიტარისტების წინამორბედად და შთამაგონებლად ითვლება.

2003 წელს ცნობილმა ჟურნალ „Guitar One Magazine“-მა ყველა დროის უსწრაფეს შრედ გიტარისტად აღიარა მაიკლ ენჯელო ბეიტიოუ, რომელიც, ამასთან ერთად, ორმაგი გიტარის გამომგონებლად ითვლება. იმავე წელს, ამ ჟურნალის მიხედვით, მეორე უსწრაფეს შრედ გიტარისტად დასახელდა კრის იმპელიტერი, მესამე ადგილი კი მიეკუთვნა ნეო-კლასიკური მეტალის მამად აღიარებულ გიტარისტ – ვირტუოზს ინგვი მალმსტინს.

შრედი და თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელ პერიოდში, არაპროფესიონაული მუსიკის განვითარების გამო, შრედის სტილმა დაკარგა ადრინდელი პოპულარობა და მნიშვნელობა, მაგრამ გარკვეული სახით მაინც აგრძელებს თავის განვითარებას გიტარის ისეთი ცნობილი ვირტუოზ–შემსრულებლების ძალისხმევით, როგორებიც არიან რასტი კული, მაიკლ ენჯელო ბეიტიოუ, კრის იმპელიტერი, ფრანჩესკო ფარერი და ინგვი მალმსტინი.

გიტარაზე დაკვრის ეს სტილი არაერთხელ გახდა მუსიკალური კრიტიკოსების კამათისა და კრიტიკის საგანი. ხშირ შემთხვევაში ნეგატიურად აფასებენ მის ფორმას, კერძოდ, მის ზედმეტ, გადამეტებულ ვირტუოზულობას, სირთულით გატაცებას, გარდა ამისა, ხშირად მას უწუნებენ გრძნობიერების ნაკლებობას, „მექნიკურობას“. ამ დამოკიდებულების საბაბს, არც თუ ისე იშვიათად, იძლევა ზოგიერთ შრედ გიტარისტის მიერ მხოლოდ საკუთარი საშემსრულებლო ტექნიკის ჩვენების მიზნად დასახვა. სხვა შემთხვევაში, მუსიკალური კომპოზიციების სირთულე თითქმის არარეალურს ხდის გიტარისტის მიერ შრედინგის დროს მელოდიურ ასპექტზე კონცენტრირებას.

და მაინც, უკვე საყოველთაოდ აღიარებული შრედ გიტარისტების მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ ისინი კომპოზიციური სტრუქტურის სირთულის უარყოფისა და უკუგდების გარეშე დაკვრის პროცესში ინარჩუნებენ მელოდიის ელემენტსა და არ კარგავენ მსმენელთან კავშირს, ახდენენ რა დემონსტრირებას იმისა, თუ რამდენად ჭეშმარიტი ღირებულებისა და დონის გიტარისტები არიან.

ბოლო თაობის წარმატებულ შრედ გიტარისტებად აღირებული არიან: გათრი გოვანი, მათიას „აია“ ეკლანდი, უოლტერ ჯიარდინო, ჯორჯ ბელასი, ჯოო ტეფოლა, ჯეფ ლუმისი, რანა ჰასანი, მარლ ტრემონტი, თეოდორე ზაირესი, რონ ჯარზომბეკი, როდერიკ ჯიბერსონი, ერიკ სარდინასი, ნეილ ზაზა, ელიას ვილჯანენი, ვიქტორ სლომსკი, ალეხანდრო სილვა, მარკო სფოლი, ჯონ 5, ჯანი ლიიმატაინენი, ალექსი ლეიჰო, გას ჯი, დეივ მარტონე, დეივ სუზუკი, ბლიუზ სეარსენო, გებრიელ მოუსესი, კიკო ლოურეირო და ანტონიო კორონადო.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე მძიმე მეტალის ჟანრში, განსაკუთრებით, ნეო–კლასიკურ მეტალში, არსებობენ მთელი რიგი ჯგუფები, რომელთა შემოქმედება ეწინააღმდეგება წარსულში დამკვიდრებულ „სოლო“ მუსიკოსების ფაქტორს. ამ ჯგუფებში უფრო დახვეწილი, კომპაქტური და შეიძლება ითქვას, კარგად „დოზირებულია“ მუსიკოსების საშემსრულებლო ტექნიკის დემონსტრირების ასპექტი და ისინი ჯგუფის საერთო მუსიკის პრინციპებს და მიზნებს ემსახურებიან, ნაცვლად წარსულში არსებულ ზოგჯერ თითქმის ნახევარსაათიან სოლოებისა და ტექნიკის გაუთავებელი ჩვენებისა.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით კარგად ჩანს შემდეგ ნეო–კლასიკური ჯგუფებში: Trans-Siberian Orchestra,Cacophony, Symphony X, Stratovarius, Artension, Narnia, Rhapsody of Fire, Time Requiem, At Vance, Galneryus, Versailles, Sound Horizon, Necrophagist, Heavenly, Concerto Moon, Adagio, Dark Moor, Warmen, და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრედ ლეიბლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hippieshredder Productions
  • Shred N Dakind
  • Shredded Flesh Productions
  • Shredded Records
  • ShredGuy Records
  • Shredomatic Records