შინაარსზე გადასვლა

შოჰეი ოოკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 大岡昇平
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1909(1909-03-06)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ტოკიო ან უშიგომე-კუ
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1988(1988-12-25)[2] [3] [4] [5] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო
საქმიანობა მთარგმნელი[5] , რომანისტი, მწერალი[5] , სცენარისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი კიოტოს უნივერსიტეტი
Magnum opus „ცეცხლი ველზე“ და „ლეიტეს საომარი ქრონიკა“
ჯილდოები იომიურის პრემია, მაინიტის პრემია საგამომცემლო კულტურის დარგში, გამომცემლობა სინტიოსიის პრემია, მაინიტის პრემია კულტურის დარგში, ნომის ლიტერატურული პრემია[6] , ასაჰის პრემია და იაპონელი მისტიკური მწერლების პრემია
შვილ(ებ)ი ტომოე ოსადა

შოჰეი ოოკა (იაპონ.  大岡 昇平, ოოკა შოჰეი; დ. 6 მარტი, 1909 - გ. 25 დეკემბერი, 1988) — იაპონელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ლექტორი და ფრანგული ლიტერატურის მთარგმნელი, რომელიც აქტიური იყო შოვას პერიოდში. ოოკა განეკუთვნება ომისშემდგომ მწერალთა ჯგუფს, რომელთა ნაწარმოებებშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წყნარი ოკეანის ომის გამოცდილებას საშინაო პოლიტიკაში თუ საზღვარგარეთ. თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი აქვეყნებდა მოთხრობებსა და კრიტიკულ ესეებს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟურნალში იაპონიაში.

ოოკა დაიბადა ტოკიოს უშიგომეს უბანში (დღეს შინჯუკუს ნაწილი), მისი მშობლები წარმოშობით იყვნენ ვაკაიამის პრეფექტურიდან. მისი მამა საფონდო ბროკერი იყო, დედა კი — გეიშა.

ბავშვობიდანვე აქტუურად ასწავლიდნენ ლიტერატურას და საშუალო სკოლაშივე დაეუფლა ფრანგულ ენას. მშობლებმა ასევე დაიქირავეს ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსი კობაიაში ჰიდეო, როგორც მისი ინდივიდუალური მასწავლებელი. კობაიაშის მეთვალყურეობით მან გაიცნო პოეტი ნაკაჰარა ჩუია, კრიტიკოსი კავაკამი ტეცუტარო და სხვები, რომლებიც მოგვიანებით ცნობილი ლიტერატურული ფიგურები გახდნენ.

1929 წლის აპრილში იგი შევიდა კიოტოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ლიტერატურის სკოლაში და 1932 წლის მარტში დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი გახდა ჟურნალისტი გაზეთ კოკუმინ შიმბუნში, პროსამთავრობო გაზეთში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადადგა, რათა თავი მიეძღვნა სტენდალისა და სხვა ევროპელი მწერლების ნაწარმოებების შესწავლისა და იაპონურად თარგმნისთვის.[7]

1938 წელს, საკუთარი თავის შესანახად, მან იპოვა სამუშაო მთარგმნელად ტეიკოკუ სანსოში, ფრანგულ-იაპონურ სამრეწველო კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა კობეში. 1943 წლის ივნისში ოოკამ დატოვა ეს სამუშაო და იმავე წლის ნოემბერში მიიღო თანამდებობა კავასაკი ჰევი ინდასტრიზში. თუმცა, 1944 წელს იგი გაწვეული იქნა იაპონიის საიმპერატორო არმიაში, მხოლოდ სამი თვის ელემენტარული მომზადება გაიარა და გაგზავნეს ფრონტის ხაზზე მინდოროს კუნძულზე, ფილიპინებზე, სადაც მსახურობდა თავისი ბატალიონის საკომუნიკაციო ტექნიკოსად, სანამ მისი ბატალიონი არ დამარცხდა და მრავალი კაცი არ დაიღუპა.[8]

1945 წლის იანვარში იგი ტყვედ ჩაუვარდა ამერიკულ ძალებს და გაიგზავნა სამხედრო ტყვეთა ბანაკში ლეიტეს კუნძულზე. გადარჩენამ მასზე მძიმედ იმოქმედა, რადგან ოოკა შეწუხებული იყო იმით, რომ ის, საშუალო ასაკის და, მისი აზრით, უღირსი ჯარისკაცი, გადარჩა, როცა მრავალი სხვა — არა. იგი დაბრუნდა იაპონიაში წლის ბოლოს და ცხოვრობდა აკაშიში, ჰიოგოში.

ლიტერატურული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწერლო კარიერა შოჰეი ოოკამ მხოლოდ ომის დასრულების მერე, რეპატრიაციის შემდეგ დაიწყო. ბავშვობაში ფრანგული ენის მასწავლებლისა და მენტორის, ჰიდეო კობაიაშის რეკომენდაციით, მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული მოთხრობა თავისი გამოცდილებიდან ომის ტყვედ ყოფნის შესახებ სათაურით ფურიოკი (იაპონ.  俘虜記; სიტყვასიტყვით — „სამხედრო ტყვის ანგარიში“), ინგლისურად გამოქვეყნებული, როგორც Taken Captive: A Japanese POW's Story, სამ ცალკეულ ნაწილად, 1948-დან 1951 წლამდე. მისმა გამოქვეყნებამ და იოკომიცუ რიიჩის პრემიის მოგებამ 1949 წელს წაახალისა იგი, რომ წერისთვის პროფესიული თვალით შეეხედა და შესდგომოდა მას, როგორც კარიერას.

ოოკას შემდეგი ნაწარმოები, მუსაშინო ფუჯინი (იაპონ.  武蔵野夫人, „ცოლი მუსაშინოში“, 1950), არის ფსიქოლოგიური რომანი, შექმნილი სტენდალის ნაწარმოებების სტილში.

მისი ყველაზე ცნობილი რომანი, ნობი (იაპონ.  野火, „ცეცხლი ველზე“, 1951), ასევე ძალიან კარგად მიიღეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა. მწერალმა ნაწარმოებისთვის მოიპოვა პრესტიჟული იომიური პრემია 1951 წელს. თხზულება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად ომისშემდგომ პერიოდში. ტექსტი ეფუძნება მწერლის პირად სამხედრო გამოცდილებას ფილიპინებში. ნობი იკვლევს ადამიანური არსებობის მნიშვნელობას, იბრძვის იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც შიმშილმა კანიბალიზმამდე მიიყვანა. მოგვიანებით (1959 წელს) რეჟისორმა იჩიკავა კონიმ რომანის ეკრანიზაცია შექმნა. ფილმმა სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, თუმცა აქ, ტექსტისგან განსხვავებით, არსებითად შცვლილია პროტაგონისტის დამოკიდებულება კანიბალიზმსა და ქრისტიანობის თემასთან.

1958 წელს შოჰეი ოოკამ გადაუხვია თავის ჩვეულ თემებს და შექმნა კაეი (იაპონ.  花影, „ყვავილების ჩრდილი“, 1958-1959), რომელიც ასახავს მოხუცი, უბრალო ღამის კლუბის მეპატრონის ბრძოლას და საბოლოო დაღუპვას სურვილისა და სიმდიდრის დესტრუქციული ძალებისგან დეკადენტურ 1950-იანი წლების გინძაში. გარემო შეიცვალა, მაგრამ განმეორებითი თემები — არა. მისი პერსონაჟები კვლავ დაბნეული იყვნენ და იბრძოდნენ გადარჩენისთვის არასასურველ გარემოში. კაეიმ მიიღო შინჩოშას ლიტერატურული პრემია 1961 წელს.

1953-დან 1954 წლამდე ოოკა იყო ფულბრაიტის მოწვეული პროფესორი იელის უნივერსიტეტში. ასევე იყო ფრანგული ლიტერატურის ლექტორი მეიძის უნივერსიტეტში, ტოკიოში.

1960-იანი წლების ბოლოს მწერალი დაუბრუნდა წყნარი ოკეანის ომისა და ფილიპინებში იაპონიის დამარცხების თემას, რათა შეექმნა დეტალური ისტორიული რომანი რეიტე სენკი (იაპონ.  レイテ戦記, „ლეიტეს ბრძოლის ჩანაწერი“, 1971). მან შეაგროვა და გამოიკვლია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია სამი წლის განმავლობაში, რათა შეექმნა ეს რომანი. როგორც ყველა ნაწარმოებში, ის ხედავს ომს კრიტიკულად იმ ადამიანის პერსპექტივიდან, რომელიც, ეთიკური ღირებულებების მიუხედავად, იძულებული იყო, ემსახურა. რომანმა მოიპოვა მაინიჩი არტ ავორდი.

1971 წლის ნოემბერში მწერალს შესთავაზეს იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრობა, მაგრამ მან უარი თქვა, ნაწილობრივ, მისი თქმით, ჯარისკაცობისა და ომის ტყვედ ყოფნის გამო.

თარგმანებისა და მხატვრული ლიტერატურის გარდა, იგი ასევე ქმნიდა ბიოგრაფიულ ტექსტებს, მათ შორის დაწერა ტომინაგა ტაროსა და ნაკაჰარა ჩუიას კრიტიკული ბიოგრაფიები და მიიღო ლიტერატურული პრემია ნომა 1974 წელს. მას მიენიჭა პრესტიჟული ასაჰი პრემია 1976 წლის იანვარში და იაპონელი მისტიკური მწერლების პრემია 1978 წლის მარტში.

შოჰეი ოოკა გარდაიცვალა 1988 წელს, 79 წლის ასაკში. მისი საფლავი მდებარეობს ტამას სასაფლაოზე, ტოკიოს გარეუბანში. სიკვდილის შემდეგ მწერალს მიენიჭა მეორე იომიური პრემია (1989 წ.) ნაცუმე სოსეკის ბიოგრაფიისთვის. 1994 წლის ოქტომბერში, იაპონელმა მწერალმა კენძაბურო ოემ, როდესაც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ახსენა შოჰეი ოოკა, როგორც ერთ-ერთი იმ იაპონელ მწერალთაგანი, რომლებმაც მისთვის „გაკვალეს გზა ნობელის პრემიისკენ“.[9]

რჩეული ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოოკა, შოჰეი. „ცეცხლი ველზე“ (ინგლისური თარგმანი: Fires on the Plain). Tuttle Publishing (2001). ISBN 0-8048-1379-5.
  • ოოკა, შოჰეი. „ტყვედ აყვანილი: იაპონელი სამხედრო ტყვის ამბავი“ (ინგლისური თარგმანი: Taken Captive: A Japanese POW's Story). Wiley (1996). ISBN 0-471-14285-9.
  • ოოკა, შოჰეი. „ყვავილების ჩრდილი“ (ინგლისური თარგმანი: The Shade of Blossoms). University of Michigan Press (1998). ISBN 0-939512-87-4.
  • ოოკა, შოჰეი. „ცოლი მუსაშინოში“ (ინგლისური თარგმანი: A Wife in Musashino). Center for Japanese Studies University of Michigan (2004). ISBN 1-929280-28-9.

რესურსები ინტერნეტშიი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 Babelio — 2007.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 abART
  6. https://www.kodansha.co.jp/award/description/noma_b_history.html
  7. Air Liquide: 100 years of development in Japan.
  8. Air Liquide: 100 years of development in Japan.
  9. Sterngold, James (14 October 1994). „Nobel in Literature Goes to Kenzaburo Oe of Japan“. The New York Times.