შოთა ჩიკვაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა ჩიკვაიძე

შოთა ჩიკვაიძე (დ. 5 მარტი, 1927, წინანდალი — გ. 29 თებერვალი, 1992) — ქართველი სპორტსმენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა ჩიკვაიძე იყო თბილისის 1953 წლის ფალავანი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, გამოცდილი არბიტრი და სპორტის ოსტატი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. შოთა ჩიკვაიძე იყო ლადო კეცხოველის სტუდენტი. სწორედ აქ ჩამოყალიბდა იგი როგორც მოჭიდავე და ეროვნული სპორტის მცოდნე.

1953 წლის 10 დეკემბერს გაზეთი „ლელო“ წერდა: „დაძაბული ბრძოლით ხასიათდებოდა თბილისის აბსოლუტური პირველობა ქართულ ჭიდაობაში 7-9 დეკემბერს. თორმეტი უძლიერესი მოჭიდავე მონდომებით ერკინებოდა ერთმანეთს ჩემპიონობის მოსაპოვებლად. 1953 წლის ფალავნის წოდება მოიპოვა შოთა ჩიკვაიძემ (სახელმწიფო უნივერსიტეტი).“

1953—1954 წლებში მონაწილეობდა თბილისსა და ლენინგრადში გამართულ სსრკ-ის უმაღლესი განათლების სამინისტროსა და ცენტრალური საბჭოს სპორტული საზოგადოების „ნაუკას“ პირველობაზე სამბოში. 1953 წელს თბილისში იკავებს მეორე ადგილს (მძიმე წონაში), ხოლო 1954 წელს ლენინგრადში — პირველ ადგილს (მძიმე წონაში).

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ერთხანს სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მოღვაწეობდა პედაგოგად და, როგორც ჭიდაობის ენთუზიასტი, ახალგაზრდებსაც ავარჯიშებდა. სპორტისთვის თავი არ დაუნებებია სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოზე ყოფნის პერიოდშიც. უფრო მეტიც, აქტიურად იბრძოდა ქართული ჭიდაობის პროპაგანდისთვის. შოთა ჩიკვაიძე იყო არბიტრი 1980-იან წლებში ჩატარებულ საქართველოს პირველობებზე ქართულ ჭიდაობაში.

მისი თანაგუნდელი მეგობრები იყვნენ: ვ. ბალავაძე, შ. ეცადეიშვილი, ს. ბახტაძე, ს. მაისურაძე, ბათო თედეევი, ა. რაზმაძე, ლ. კაციაშვილი, ს. ხატიაშვილი, ძმები მურთაზ და თენგიზ ელერდაშვილები.