შირიმნის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირიმნის ბრძოლა
საქართველო-ბიზანტიის ომის ნაწილი
თარიღი 1021
მდებარეობა შირიმნი, ახლანდელი ჩილდირი
შედეგი ბიზანტიელების გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერია საქართველო
მეთაურები
ბასილი II გიორგი I
რატი I
ხურსი

შირიმნის ბრძოლა 1021 — ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა.

ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014—1018, როდესაც ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცვა მოსთხოვა. არისტაკეს ლასტივერტცის ცნობით, საქართველოს მეფემ არ შეასრულა ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნა, ეს უკანასკნელი განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. გიორგი I-მა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი რიცხობრივი უპირატესობის გამო შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა დაიწყო. ბიზანტიელები დაედევდნენ. გიორგი I-მა, მტრის მოძრაობისთვის ხელი რომ შეეშალა, გადაწვა ოლთისი. ბიზანტიელები 1021 პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად, შირიმთან შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს. ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამან გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარი დაედევნა ქართველებს, კოლა-არტაან-ჯავახეთზე გადმოიარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლა აღარ გააგრძელა და უკან გაბრუნდა, თანაც „კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრა ქუეყანანი“.

შირიმნის ბრძოლაში ქართველი ფეოდალები ერთმანეთთან შეკავშირებულები გამოვიდნენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპნენ დიდი ფეოდალები კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]