შიმონოსეკის სამშვიდობო ხელშეკრულება
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
შიმონოსეკის სამშვიდობო ხელშეკრულება | |
|---|---|
| ტიპი | სამშვიდობო ხელშეკრულება |
| ხელი მოეწერა | 1895 წელი, 17 აპრილი |
| ადგილი | შიმონოსეკი, იაპონია |
| ძალაში შევიდა | 1895 წელი, 8 მაისი |
| ხელი მოაწერეს | |
| მხარეები | |
| მეანაბრე | ტაივანის ეროვნული სასახლის მუზეუმი, ტაივანი იაპონიის ეროვნული არქივი |
| ენები | იაპონური და ჩინური |


ცინის დინასტიასთან კორეის ვასალური ურთიერთობის დასრულების სიმბოლო.
შიმონოსეკის სამშვიდობო ხელშეკრულება (იაპონ. 下関条約 Shimonoseki Jōyaku?) , რომელიც ჩინეთში მაგუანის,[ა]ხოლო იაპონიაში ბაკანის ხელშეკრულების (იაპონ. 馬關條約 Bakan Jōyaku?) სახელითაა ცნობილი, 1895 წლის 17 აპრილს ქალაქ შიმონოსეკიში გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით ოფიციალურად დასრულდა ჩინეთ-იაპონიის პირველი ომი, რომელშიც იაპონიის იმპერიამ ცინის დინასტიის სახმელეთო და საზღვაო ძალები დაამარცხა. შეთანხმებას ხელი მოეწერა შუნპანროში (Shunpanrō) (სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზი). იაპონიის მხარეს წარმოადგენდნენ გრაფი იტო ჰირობუმი და ვიკონტი მუცუ მუნემიცუ, ხოლო ჩინეთის სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლი ჰუნჯანმა და მისმა ვაჟმა, ლი ძინფანმა.
სამშვიდობო კონფერენცია 1895 წლის 20 მარტიდან 17 აპრილამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ახალმა დოკუმენტმა 1871 წელს გაფორმებული ჩინეთ-იაპონიის მეგობრობისა და ვაჭრობის ხელშეკრულება ჩაანაცვლა. [1] [2] შეთანხმება სულ 11 მუხლისგან შედგებოდა, რომლებიც ითვალისწინებდნენ კორეასთან ჩინეთის ტრადიციული ვასალური დამოკიდებულების გაუქმებას, ჩინეთისთვის 200 მილიონი კუპინგის ტაელის (ვერცხლის ფულადი ერთეული) ოდენობის სამხედრო კონტრიბუციის დაკისრებას და ტაივანის (ფორმოზას), პენჰუს (პესკადორესის) კუნძულების და ლიაოდონგის ნახევარკუნძულის იაპონიისთვის გადაცემას. გარდა ამისა, იაპონური ვაჭრობისთვის სავაჭრო პორტებად ოთხი ქალაქი (შაში, ჩუნცინი, სუჭოუ და ჰანჯოუ) გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან სულ რაღაც ერთ კვირაში „სამმაგი ინტერვენციის“ შედეგად, იაპონია იძულებული გახდა ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე პრეტენზია უკან წაეღო, რის სანაცვლოდაც ჩინეთმა დამატებით 30 მილიონი ტაელის კომპენსაცია გადაიხადა.
ჩინელი მეცნიერები და სახელმწიფო მოხელეები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ ხელშეკრულების მძიმე პირობებს, თუმცა იმპერატორმა გუანგსუმ ხელშეკრულების რატიფიცირება მაინც მოახდინა. ტაივანისა და პენჰუს კუნძულების დათმობამ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია, რის გამოც იაპონიამ ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება მხოლოდ 1895 წლის ოქტომბრისთვის შეძლო. მოგვიანებით, 1945 წელს, ჩინეთ-იაპონიის მეორე ომში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. 1952 წლის 28 აპრილს იაპონიასა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ტაიპეის ხელშეკრულება, რომელმაც ოფიციალურად გააუქმა შიმონოსეკის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების პირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუხლი 1: ჩინეთი საბოლოოდ აღიარებს კორეის სრულ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას. შესაბამისად, სამუდამოდ უქმდება კორეის მხრიდან ჩინეთისთვის ხარკის გადახდის ვალდებულება, ისევე როგორც ყველა ის საზეიმო ცერემონია თუ ფორმალობა, რომელიც კორეის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
- მე-2 და მე-3 მუხლები: ჩინეთი იაპონიას მუდმივ მფლობელობაში გადასცემს პენჰუს (პესკადორესის) კუნძულებს, ტაივანსა (ფორმოზა) და ლიაოდონგის ნახევარკუნძულს. აღნიშნულ ტერიტორიებთან ერთად, იაპონიის საკუთრებაში გადადის იქ არსებული ყველა სიმაგრე, არსენალი და სახელმწიფო ქონება.
- მუხლი 4: ომის კომპენსაციის სახით, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, იაპონიას გადაუხადოს 200 მილიონი კუპინგის ტაელი (7,500,000 კილოგრამი/16,534,500 ფუნტი ვერცხლი).
- მუხლი 5: ჩინეთი იაპონური მხარისთვის ხსნის რამდენიმე სტრატეგიულ პორტს, მათ შორის შაშის, ჩუნცინის, სუჭოუს და ხანჭოუს. ამასთანავე, ჩინეთი იაპონიას საგარეო ვაჭრობაში ანიჭებს „ყველაზე ხელშეწყობილი ერის“ სტატუსს, რაც მას იმავე პრივილეგიებს ანიჭებს, რომლებითაც მანამდე გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი სარგებლობდნენ.
ამ ხელშეკრულებამ წერტილი დაუსვა 1894-1895 წლების ჩინეთ-იაპონიის პირველ ომს, რომელიც იაპონიის იმპერიის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ჩინეთმა ოფიციალურად აღიარა ჩოსონის (კორეის სამეფო) „სრული და უპირობო დამოუკიდებლობა“, რითაც საბოლოოდ თქვა უარი კორეაზე საკუთარ იმპერიულ გავლენასა და ვასალურ პრეტენზიებზე. [3] შესაბამისად, სამუდამოდ გაუქმდა ყველა ის საზეიმო რიტუალი, რომლითაც კორეა ჩინეთისადმი დაქვემდებარებას გამოხატავდა. მომდევნო წელს სეულის მახლობლად დაანგრიეს იონგეუნმუნის კარიბჭე, სადაც ისტორიულად ეს ცერემონიები იმართებოდა. დღეს იქ მხოლოდ ორი ქვის სვეტია შემორჩენილი.
ტერიტორიული დათმობების თვალსაზრისით, ცინის დინასტიამ იაპონიას გადასცა ტაივანის კუნძული, პენჰუს კუნძულები და ლიაოდონგის ნახევარკუნძულის, დღევანდელი ლიაონინის პროვინციის სამხრეთ ნაწილი (ქალაქ დალიანის ჩათვლით). თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური ჩარევის გამო, იაპონია იძულებული გახდა, ლიაოდონგი ჩინეთისთვის დაებრუნებინა და იმავე წელს ნახევარკუნძულიდან საკუთარი ჯარები გაეყვანა.
ჩინეთს დაეკისრა 200 მილიონი კუპინგის ტაელის გადახდა ომის კომპენსაციის სახით, რაც შვიდ წელზე გადანაწილდა.
იაპონური მხარისთვის გაიხსნა რამდენიმე სტრატეგიული პორტი და სამდინარო გზა. იაპონიამ მიიღო ისეთივე სავაჭრო პრივილეგიები, როგორებითაც დასავლური სახელმწიფოები სარგებლობდნენ პირველი და მეორე ოპიუმის ომების შემდეგ.

კომპენსაციის ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულების პირობების თანახმად, ცინის ჩინეთს იაპონიის სასარგებლოდ 200 მილიონი კუპინგის ტაელის (ვერცხლის ერთეული) ოდენობის სამხედრო კონტრიბუციის გადახდა დაეკისრა. ეს თანხა დაახლოებით 240,000,000 ტროას უნციას (7500 ტონა) შეადგენს. მოგვიანებით რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩარევის შედეგად, ჩინეთს დამატებით 30 მილიონი ტაელის გადახდა მოუწია. საბოლოო ჯამში, გადახდილმა ვერცხლმა 8600 ტონას მიაღწია, რაც 2015 წლის კურსით 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. [ბ]
ხელშეკრულება და ტაივანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1895 წლის მარტსა და აპრილში გამართული სამიტის დროს, იაპონიის პრემიერ-მინისტრს, იტო ჰირობუმსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მუცუ მუნემიცუს, სურდათ ცინის დინასტიის ძალაუფლების შემცირება არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ ტაივანზეც. მუცუ მუნემიცუ აცნობიერებდა კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას იაპონიის სამხედრო ექსპანსიისთვის სამხრეთ ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით. ეს იყო იმპერიალიზმის ეპოქა, როდესაც იაპონია ცდილობდა დასავლური სახელმწიფოების ქმედებების მიბაძვას. იმპერიული იაპონია კოლონიებსა და რესურსებს ეძებდა, რათა კონკურენცია გაეწია დასავლური ძალებისთვის. ამით იაპონიის ხელმძღვანელობას სურდა ეჩვენებინა, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა ქვეყანა 1867 წლის მეიჯის რესტავრაციის შემდეგ და როგორ სურდა შორეულ აღმოსავლეთში დადებული არათანაბარი ხელშეკრულებების შეცვლა.
იაპონიის იმპერიასა და ცინის დინასტიას შორის გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩინელი დიპლომატები, ლი ჰუნჯანი და ლი ძინფანი, თავდაპირველად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ტაივანის დათმობას. ისინი კარგად აცნობიერებდნენ კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას დასავლურ სახელმწიფოებთან ვაჭრობის კუთხით. მართალია, XIX საუკუნეში ცინის დინასტიამ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ომებში მარცხი განიცადა, მაგრამ იმპერატორს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შეენარჩუნებინა კონტროლი ტაივანზე, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში 1683 წლიდან შედიოდა. ერთთვიანი სამშვიდობო კონფერენცია 1895 წლის 20 მარტს, იაპონიის ქალაქ შიმონოსეკიში, შუნპანროს (春帆楼) დარბაზში გაიხსნა.
სამშვიდობო პროცესი ორ ძირითად ფაზად დაიყო. საწყის ეტაპზე იტო და ლი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მსჯელობდნენ, ხოლო კონფერენციის მეორე ნახევარი უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსის განხილვას დაეთმო. იაპონიის წარმომადგენლებმა, იტომ და მუცუმ, ტაივანზე სრული სუვერენიტეტის მოპოვება უპირობო მოთხოვნად დააყენეს. გარდა ამისა, იაპონური მხარე დაჟინებით ითხოვდა პენჰუს კუნძულებისა და ლიაოდონგის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის გადაცემა. ჩინელი დიპლომატი ლი ჰუნჯანი ამ მოთხოვნებს მტკიცე უარით შეხვდა. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ 1894-1895 წლების საომარი მოქმედებების დროს ტაივანი ბრძოლის ველს არ წარმოადგენდა. მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე, ლი საბოლოოდ დათანხმდა პენჰუსა და ლიაოდონგის ნაწილობრივ დათმობას, თუმცა ტაივანის საკითხზე პოზიციას არ იცვლიდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1885 წლიდან კუნძულს ჩინეთის პროვინციის სტატუსი ჰქონდა და განაცხადა: „ტაივანი უკვე პროვინციაა და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია“ (臺灣已立一行省,不能送給他國).
ხელმომწერები და დიპლომატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხელშეკრულების შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ვ. ფოსტერმა, რომელიც ცინის იმპერიის მრჩეველად მუშაობდა. დოკუმენტს იაპონიის იმპერატორის სახელით ხელი გრაფმა იტო ჰირობუმმა და ვიკონტმა მუცუ მუნემიცუმ მოაწერეს, ხოლო ჩინეთის იმპერატორის მხარეს ლი ჰუნჯანი და ლი ძინფანი წარმოადგენდნენ. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას 24 მარტს, ლი ჰუნჯანს თავს დაესხა იაპონელი რადიკალი ექსტრემისტი. ინჯოჯის ტაძარში დაბრუნებისას, ჩინელ დიპლომატს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. ამ მკვლელობის მცდელობამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რამაც იაპონიის მთავრობა აიძულა, შეემსუბუქებინა თავდაპირველი მკაცრი მოთხოვნები და დროებით ზავს დათანხმებოდა. კონფერენცია მცირე ხნით შეწყდა და მუშაობა მხოლოდ 10 აპრილს განაახლა.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთის ძალების შესვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც ექვს დღეში იაპონიის მიერ წაყენებულმა პირობებმა რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ამ მოვლენამ, რომელიც ისტორიაში „სამმაგი ინტერვენციის“ სახელით შევიდა, აიძულა იაპონია, უარი ეთქვა ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე. ევროპული სახელმწიფოები შეშფოთებულები იყვნენ, რომ ლიუიშუნის (პორტ არტურის) დაკავებით იაპონია რეგიონში გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებდა. რუსეთის ცარ ნიკოლოზ II-სა (საფრანგეთის მოკავშირე) და გერმანიის კაიზერ ვილჰელმ II-ს თავად ჰქონდათ სტრატეგიული ინტერესები პორტ არტურის მიმართ, რომელიც რუსეთისთვის „გაუყინავი ნავსადგურის“ საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენდა. [4]

ომის საფრთხის წინაშე მყოფმა იაპონიამ, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ აღიქმებოდა გლობალურ ძალად, დათმობაზე წასვლა არჩია. 1895 წლის ნოემბერში მან ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე პრეტენზია უკან წაიღო, რის სანაცვლოდაც ჩინეთისგან დამატებით 30 მილიონი ტაელი მიიღო. თუმცა, ევროპულმა სახელმწიფოებმა არ გაითვალისწინეს იაპონიის გავლენის ზრდა კორეაში, რაც სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდა. 1905 წლისთვის იაპონიამ კორეა დაიპყრო, რუსეთ-იაპონიის ომში კი რუსეთის იმპერია დაამარცხა და პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის პორტ შანდუნგში შეიჭრა. [5]
მას შემდეგ, რაც იაპონიამ ლიაოდონგის ნახევარკუნძული დათმო, რუსეთმა, ჩინეთის ოფიციალური პროტესტის მიუხედავად, რეგიონში აქტიური მშენებლობა და პორტ არტურიდან ჰარბინამდე რკინიგზის გაყვანა დაიწყო. საბოლოოდ, მანჯურიის პირდაპირი ანექსიის ნაცვლად, რაც საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა, რუსეთმა ცინის იმპერიას „დიპლომატიური გამოსავალი“ შესთავაზა, რაც რეგიონის სიმბოლური იჯარით გადაცემას მოიაზრებდა. ეს ნაბიჯი რუსეთს საშუალებას აძლევდა, ფორმალურად შეენარჩუნებინა რეპუტაცია, თუმცა დე-ფაქტო ტერიტორიაზე სრული კონტროლი მოეპოვებინა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასუსტებული ჩინეთის იმპერიის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც ისარგებლეს. ამ მოვლენამ, რომელიც ისტორიაში „ბრძოლა ჩინეთისთვის“ (Scramble for China) სახელითაა ცნობილი, გამოიწვია თითოეული ამ სახელმწიფოს ჩინეთის სხვადასხვა სტრატეგიულ რეგიონზე კონტროლი. იაპონიამ ყურადღებით გააანალიზა საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა, თუ როგორ ეპყრობოდნენ დიდი სახელმწიფოები სუსტ ერებს. ამ გამოცდილებამ იაპონიის ხელმძღვანელობას უბიძგა, კიდევ უფრო დაეჩქარებინა ქვეყნის მოდერნიზაცია, ინდუსტრიული განვითარება და სამხედრო გაძლიერება. იაპონიის ამ ძალისხმევის შედეგი სულ რაღაც ათ წელიწადში, რუსეთ-იაპონიის ომში გახდა თვალსაჩინო, სადაც იაპონიამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. [6]
ტაივანში, ცინის მომხრე ჩინოვნიკებმა და ადგილობრივი თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა 1895 წელს ფორმოსას რესპუბლიკა გამოაცხადეს. მიუხედავად ამ მცდელობისა, ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა ერთეულმა საერთაშორისო აღიარების მოპოვება ვერ შეძლო.
ჩინეთის ბიუროკრატიულ წრეებში შიმონოსეკის ხელშეკრულება „ეროვნულ დამცირებად“ აღიქვეს, რამაც საგრძნობლად შეასუსტა ცინის დინასტიის ავტორიტეტი. წინა ათწლეულებში მიმდინარე „თვითგაძლიერების მოძრაობის“ წარუმატებლად გამოცხადდა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური სისტემის რადიკალური რეფორმირების მოთხოვნა წარმოშვა. ამ პროცესებმა 1898 წელს ე.წ. „ასდღიანი რეფორმა“ გამოიწვია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მანჯურიული თავადაზნაურობის წინააღმდეგობის გამო ეს რეფორმებიც ჩაიხშო, ქვეყანაში აჯანყებების ტალღა აგორდა, რაც საბოლოოდ, 1911 წელს, ცინის დინასტიის დამხობითა და მონარქიის დასასრულით დაგვირგვინდა.
იაპონელი ისტორიკოსების დიდი ნაწილი „სამმაგ ინტერვენციას“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადამწყვეტ გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ნაციონალისტური, ექსპანსიონისტური და მილიტარისტული ძალების კონსოლიდაცია. იაპონიის საგარეო კურსი, რომელიც მანამდე ეკონომიკურ ჰეგემონიაზე იყო ორიენტირებული, აშკარა იმპერიალიზმისკენ შეიცვალა. ეს იყო პირდაპირი პასუხი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებულ იძულებით ჩარევაზე, რამაც იაპონიას საკუთარი სამხედრო ძალის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ უბიძგა.

დღეს როგორც ჩინეთის რესპუბლიკა, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (რომელიც კონტინენტურ ჩინეთს მართავს) თანხმდებიან იმ საკითხზე, რომ ტაივანის იაპონიისთვის გადაცემის მუხლი ანულირებულია იაპონიის კაპიტულაციის აქტით. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ შიმონოსეკის ხელშეკრულება ოფიციალურად გააუქმა 1952 წლის ტაიპეის ხელშეკრულებამ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული სამართლებრივი ხედვებიც არსებობს. მაგალითად, ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტი ნგ ჩიაუ-ტონგი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაუქმება უნდა შეხებოდა მხოლოდ იმ პირობებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო სრულად შესრულებული, ხოლო ტერიტორიული დათმობის (ცესიის) მუხლი, რომელიც უკვე აღსრულებული იყო, სამართლებრივად ძალაში რჩებოდა.[7] აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საერთოდ არ ცნობს ტაიპეის ხელშეკრულების ლეგიტიმურობას.
ომის წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სამმაგი ინტერვენციის“ შემდეგ რუსეთის იმპერიამ დრო არ დაკარგა და ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტინგენტისა და სამშენებლო მასალების გადასროლა დაიწყო. მათი მიზანი იყო რკინიგზის მშენებლობა პორტ არტურიდან და ჰარბინიდან. ამ პერიოდში ჩრდილოეთ მანჯურიაში უკვე მიმდინარეობდა სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა, რომელსაც უნდა შეემცირებინა გზა რუსეთის მთავარ საზღვაო ბაზამდე, ვლადივოსტოკამდე წყნარ ოკეანეში, რომლის ნავსადგურიც წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში ყინულით იყო დაფარული. პარალელურად, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პორტ არტურის ინფრასტრუქტურა და ტერიტორიის იჯარის ოფიციალურად გაფორმებამდე მის სიახლოვეს დააარსა კომერციული ქალაქი დალნი (თანამედროვე დალიანი, რომლის შემადგენლობაშიც დღეს პორტ არტური შედის, როგორც ლიუიუშენის რაიონი).
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა რუსეთს პორტ არტურსა და ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე „დე იურე“ მმართველობის უფლება გადასცა, მანჯურიაში (განსაკუთრებით ჯილინისა და ჰეილონძიანგის პროვინციებში) რუსული გავლენა მკვეთრად გაიზარდა. სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის 550-მილიანი შტოს მშენებლობა გაორმაგებული ტემპით გაგრძელდა. ჩანდა, რომ რუსეთის იმპერიამ საბოლოოდ მიაღწია იმას, რაც პეტრე დიდის ეპოქიდან მოყოლებული მისი სტრატეგიული მიზანი იყო, გლობალური ძალაუფლების მოპოვება წყნარ ოკეანეზე გასასვლელით. პორტ არტურის (ლუშუნის) ბუნებრივი, ყინულისგან თავისუფალი პორტი რუსეთს დიდ საზღვაო და სახმელეთო ძალად აქცევდა. ეს პორტი იმპერიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, რადგან ევროპაში ძალთა ბალანსის პოლიტიკა რუსეთის ამბიციებს მუდმივად ზღუდავდა (ოსმალეთის იმპერია და მისი მოკავშირეები ხელს უშლიდნენ რუსეთის გაძლიერებას). შესაბამისად, აღმოსავლეთში ფეხის მოკიდება რუსეთისთვის ევროპული ჩიხიდან გამოსვლის გზა იყო.
თუმცა რუსეთის მხრიდან სტრატეგიული შორსმჭვრეტელობის ნაკლებობაზე მიუთითებდა იმ გეოპოლიტიკური რეალობის იგნორირება, რომ შიმონოსეკის ხელშეკრულებამ იაპონიას კორეასა და ტაივანში მოქმედების თავისუფლება მიანიჭა. პორტ არტურში მყარი პოზიციების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად რუსეთს მოუწევდა აღმოსავლეთ მანჯურიის კიდევ ასობით მილზე კონტროლის დამყარება ჰარბინიდან ვიდრე ფენგტიანის პროვინციამდე (თანამედროვე ლიაონინი). იაპონია კი კორეის მთელი საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებს დიდი ხანია საკუთარი სტრატეგიული გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. შესაბამისად, ლიაოდონგის ნახევარკუნძულის იჯარით აღებითა და რკინიგზის კონცესიების მოპოვებით რუსეთის ინტერესები პირდაპირ და მწვავედ დაუპირისპირდა იაპონიის გავლენის სფეროს.
ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღვივა იაპონელთა აღშფოთება მთელი დასავლეთის მხრიდან გამოვლენილი უპატივცემლობის გამო. სამმაგი ინტერვენციის დაუყოვნებლივმა შედეგებმა, რუსეთის აქტიურმა პოლიტიკამ და იაპონიის მთავრობის სისუსტემ, რომელიც უცხოურ ზეწოლას დაჰყვა, ტოკიოში მასობრივი არეულობები გამოიწვია. საზოგადოებრივმა მღელვარებამ თითქმის დაამხო მოქმედი მთავრობა და მნიშვნელოვნად გააძლიერა იმპერიალისტური და ექსპანსიონისტური ფრაქციების პოზიციები იაპონიაში. რუსეთის მზარდმა აქტიურობამ და მანჯურიაში შეჭრამ გარდაუვალი გახადა ბრძოლა რუსეთსა და იაპონიას შორის კორეასა და მანჯურიაში ბატონობის მოსაპოვებლად. ამ მოვლენებმა საბოლოოდ განაპირობა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომი. მოდერიზებულმა იაპონურმა სამხედრო ძალებმა რუსეთს მძიმე მარცხი აგემეს, რაც ბევრი ისტორიკოსის აზრით, რომანოვების დინასტიის დასასრულის დასაწყისი გახდა. [8]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არათანაბარი ხელშეკრულებები
- კვანტუნგის იჯარით აღებული ტერიტორია
- ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზა
- სამხრეთ მანჯურიის რკინიგზა
- იონგეუნმუნი
- დამოუკიდებლობის კარიბჭე
- ტაივანის წინააღმდეგობა იაპონური კოლონიალიზმის მიმართ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ikle, Frank W. (1967). „The Triple Intervention. Japan's Lesson in the Diplomacy of Imperialism“. Monumenta Nipponica. 22 (1/2): 122–130. doi:10.2307/2383226. JSTOR 2383226.
- ↑ Jansen, Marius B. (1975) Japan and China: From War to Peace, 1894–1972. Rand McNally College Publishing Company. pp 17–29, 66–77. ISBN 9780528666001
- ↑
- ↑ Connaughton, R. M. (2020). Rising Sun And Tumbling Bear: Russia's War with Japan, Kindle (English), Weidenfeld & Nicolson, გვ. 15–16.
- ↑ Zachmann, Urs Matthias (2006). „Imperialism in a Nutshell: Conflict and the "Concert of Powers" in the Tripartite Intervention, 1895“. Japanstudien. 17: 57–82. doi:10.1080/09386491.2006.11826924. S2CID 164754606.
- ↑ Cheng, Tien-fong (1957) A History of Sino-Russian Relations. Public Affairs Press. pp. 55–78
- ↑ Ng, Yuzin Chiautong (1972). Historical and Legal Aspects of the International Status of Taiwan (Formosa), 2nd, Tokyo: World United Formosans for Independence.
- ↑ Steinberg, John W. et al., eds. (2005) The Russo-Japanese War in Global Perspective: World War Zero.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაი, იანგი; ჟუ, ჯიონგი (2024). „ კოოპერატიული კულტურა და თანამედროვე საწარმოების დაბადება ჩინეთში: მტკიცებულებები შიმონოსეკის ხელშეკრულების ხელმოწერიდან “. ევროპული ეკონომიკური მიმოხილვა
- ჩემბერლენი, უილიამ ჰენრი. (1937). იაპონია აზიაზე. ბოსტონი:, ლიტლი, ბრაუნი და კომპანია.
- ჩენგი, პეი-კაი და მაიკლ ლესტი. (1999). თანამედროვე ჩინეთის ძიება: დოკუმენტური ფილმების კრებული. ნიუ-იორკი: WW Norton & Company.
- კოლიერსი. (1904). რუსეთ-იაპონიის ომი. ნიუ-იორკი: PF Collier & Son.
- მუცუ, მუნემიცუ . (1982). კენკენროკუ (მთარგმნ. გორდონ მარკ ბერგერი). ტოკიო: ტოკიოს უნივერსიტეტის გამოცემა. ISBN 9780860083061 ; OCLC 252084846
- სედვიკი, ფრ (1909). რუსეთ-იაპონიის ომი, 1909. ნიუ-იორკი: მაკმილანის კომპანია.
- უორნერი, დენისი და პეგი უორნერი. (1974). მოქცევა მზის ამოსვლისას. ნიუ-იორკი: ჩარტერჰაუსი.