შილონგის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შილონგის პლატო
Shillong peak.jpg
კოორდინატები: 25°34′55″ ჩ. გ. 91°59′56″ ა. გ. / 25.582000° ჩ. გ. 91.999000° ა. გ. / 25.582000; 91.999000
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტერიტორიული ერთეული მეგჰალაია
უმაღლესი წერტილი შილონგის პიკი
სიმაღლე 1961 
სიგრძე 350 კმ
შილონგის პლატო — ინდოეთი
შილონგის პლატო

შილონგის პლატო, ასამის მთები (ინგლ. Shillong Plateau) — მთიანეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. მისი დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ესკარპები ცნობილია შესაბამისად, გაროს, კჰასისა და ჯაინტიის ბორცვების სახელწოდებით.[1]

აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მდინარე ბრაჰმაპუტრის ხეობასა და აღმოსავლეთ ბენგალის დაბლობებს შორის გადაჭიმულა 350 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 1961 მ (შილონგის პიკი). ძველი კრისტალური ფუნდამენტის შვერილია, რომელიც დაყოფილია განივი ნასხლეტებით კულისისებურად განლაგებულ ბლოკებად.[2]

გეოლოგიურად ინდოეთის ფარის ნაწილია. აგებულია კამბრიუმამდელი გნაისებით, გრანიტებითა და ბაზალტებით, ხოლო სამხრეთით — ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.[3] შილონგის პლატოს დასავლეთი ნაწილი დანაწევრებულია დაბალი გუმბათისებური ბორცვების, დამრეცი მწვერვალების მქონე მთებისა და ღრმად ჩაჭრილი მდინარეთა ხეობების ჯგუფით. აღმოსავლეთი ნაწილი — ზეგანია ციცაბო ფლატოვანი სამხრული კალთებით.[4]

შილონგის პლატოს სამხრეთი მონაკვეთი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო ადგილია; ქალაქ ჩერაპუნჯში, რომელიც ზღვის დონიდან 1430 მ სიმაღლეზე მდებარეობს წელიწადში 11,777 მმ ნალექი მოდის.[5] პლატოზე ჭარბობს ბუჩქნარი რაყები და ნოტიო ტროპიკული ტყეები; იქ, სადაც ტყეები გაკაფულია, კალთები ძლიერაა ეროზირებული. გვხვდება ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები. არის ქვანახშირის, რკინის მადნისა და კირქვის საბადო.[1]

შილონგის პლატო სეისმურად აქტიური რეგიონია; იყო ასამის მიწისძვრის ეპიცენტრი 1897 წლის 12 ივნისს.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]