შილდის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდას ციხე-გალავანი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი შილდას ჩრდილოეთით, მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVIII საუკუნით. ეკუთვნოდათ ვახვახიშვილებს.

ციხე მდებარეობს ვაკეზე, ფლატის პირას. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ციხე გეგმით ოთხკუთხა ყოფილა . ოთხივე კუთხეში მდგარა ცილინდრული კოშკები. დროთა განმავლობაში ფლატე ჩაშლილა და გალავნის ჩრდილოეთი კედელი - კოშკებითურთ და დასავლეთი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი თან ჩაუტანია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი კედლების ნაწილები. მათგან დასავლეთი და სამხრეთი კედლების შუაში დგას თითო სწორკუთხა კოშკი, რომლებიც მთელი კორპუსით გალავნის ფარგლებს გარეთ არიან გასული. ციხის შესასვლელი სამხრეთი კედლის შუაში მდგარი, სამსართულიანი კოშკის ქვედა სართულშია მოწყობილი. სართული ორი განიერი, შეისრულთაღოვანი კარითაა აღჭურვილი. მათგან გარეთა კარი გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში, რომელსაც კუთხით შვერილი, აგურებით გამოყვანილი დაბალი ფრიზი აგვირგვინებს. სართულის გვერდის კედლებში თითო, განიერი, მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშაა. ეზოს მხრიდან, შიდა კარის დასაცავად, მოწყობილია თითო შეწყვილებული სათოფური, რომელთა ხვრელი კარის აქეთ-იქით გამოდის. სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. შემორჩენილი კვალის მიხედვით, ზედა სართულებს ხის გადახურვა ჰქონია. კოშკის მეორე და მესამე სართულები XIX საუკუნეში საცხოვრებლად გადაუკეთებიათ, რის გამოც თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ორივე სართულის კედლებში ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები ყოფილა განლაგებული. მეორე სართულის დასავლეთ კედელში ბუხარია. კოშკის მესამე სართულის, ეზოს მხარეს მოქცეულ კედელში გაჭრილია ორი დიდი და ერთი პატარა სარკმელი. ჰქონდა თუ არა კოშკს მეოთხე სართული ან საბრძოლო ბანი, არ ირკვევა. ციხის დასავლეთ კედელში ჩართული კოშკიც სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი და სამხრეთი კოშკის მსგავსია. კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელში ციხის სათადარიგო შესასვლელია. კარი შეისრული თაღითაა გადახურული და გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხედში, რომელიც ზემოთ კბილანებით სრულდება. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია ციხის ეზოში გასასვლელი კარი. დანარჩენ ორ კედელში კი - განიერი და ღრმა ნიშები. კოშკის მეორე და მესამე სართულები, გადაკეთების შედეგად, აქაც სახეშეცვლილია, რის გამოც რიგი თავდაპირველი დეტალების დადგენა არ ხერხდება. ორივე სართულის სამხრეთით ჰქონია კარი, რომელიც როგორც ჩანს, ხის აივანზე გადიოდა. ორივე სართულის კედლებში მოწყობილია ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები. ციხის კუთხეებში მდგარი კოშკებიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი, მაგრამ მასაც ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველ და მეორე სართულებს შესასვლელები ცალ-ცალკე აქვს - ეზოდან, პირველი სართული ყრუა, მეორე სართულზე ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია განლაგებული. ცალმაგი სათოფურები მიწისკენაა მიმართული, ორმაგი - პირდაპირ. კოშკის მესამე სართული მეორის მსგავსად ყოფილა გადაწყვეტილი, მაგრამ XIX საუკუნეში მოწყობილი კარ-სარკმლებით, მისი თავდაპირველი გადაწყვეტა დარღვეულია. კოშკის ბოლო, მეოთხე სართულიდან შემორჩენილია დაახლოებით 1,3 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელშიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებული, ექვსი სალოდეა მოწყობილი. ციხის სამხრეთ-დასავლეთი კუთხის კოშკიდან სამხრეთი კედლის ნაწილიღა დგას. მასში ორი შეწყვილებული სათოფური და ერთის ნაწილიღაა შემორჩენილი.

ციხის გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო, ძირითადად, მეორე იარუსია, მაგრამ სათოფურები ქვედა იარუსის კედლებშიცაა მოწყობილი. ქვედა იარუსის კედლების სისქე დაახლოებით 2 მეტრია, ზედასი - 0,8-0,9 მეტრი. გალავანის მეორე იარუსის დონეზე. კედლებს შორის სისქეთა სხვაობა, ქმნის 1-1,2 მეტრი სიგანის საბრძოლო ბილიკს. მეორე იარუსის კედლებში, ერთმანეთისგან 1,5-2 მეტრი დაშორებით, განლაგებულია ძირს დახრილი ცალმაგი და პირდაპირ მიმართული, შეწყვილებული სათოფურები. გალავანს თავი გადამრგვალებული აქვს. ციხეს კიდევ ერთი სათადარიგო კარი ჰქონია, რომელიც აღმოსავლეთი კედლის შუაშია მოწყობილი და შეისრული თაღითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]