შილდის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ცენტრში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჩრდილოეთი შესასვლელის ზემოთ არსებული ექვსსტრიქონიანი წარწერის თანახმად ძეგლი აშენებულია 1865 წელს, გიორგი, სოლომონ ასაბაშვილის და ივანე ლომოურის მიერ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით. შენობას ორი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთი კედლის შუაში და დასავლეთ კედელში ორივე კარი გარედან და შიგნიდან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ეკლესიის ვრცელი დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე განიერი, მაღალი ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. აფსიდში ოთხი თაღოვანი ნიშაა. მათგან ორი, რომლებიც სარკმლის აქეთ-იქით, ერთმანეთის სიმეტრიულადაა მოწყობილი, გეგმით ნახევარწრიულია, ხოლო ორი სწორკუთხა. მათ შორის ერთი სარკმლის ქვემოთაა, მეორე - აფსიდის ჩრდილოეთი გვერდის ბოლოსთან. თითო თაღოვანი ნიშაა, ერთმანეთის მოპირდაპირედ, გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესიას კიდევ ხუთი თაღოვანი სარკმელი აშუქებს: ერთი -დასავლეთით, შესასვლელის ზემოთაა, ორ-ორი კი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში. აფსიდის იატაკი ოდნავ შემაღლებულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს, რომლის შუაში მოწყობილია ტახტი. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია სამ-სამი ერთსაფეხურიანი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საფეხურით შეღრმავებული სამ-სამი თაღით. პილასტრების გასწვრივ სამსაფეხურიანი კრონშტაინებია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა.

ეკლესიას დასავლეთი მხრიდან მიდგმული აქვს გეგმით კვადრატული, სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული განიერი მაღალი თაღებითაა გახსნილი. თაღები გადაყვანილია ოთხივე კუთხეში მდგარ ოთხკუთხა ბოძებზე. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. პირველი სართულის მსგავსადაა გადაწყვეტილი მეორე სართულიც, მაგრამ, პირველთან შედარებით, იგი ოდნავ დაბალია, გადახურვის გარეშე. ორივე სართულის თაღების ქუსლებთან გამოყოფილია სამსაფეხურიანი იმპოსტები. მესამე სართული შიგნიდან წრიული, გარედან ექვსწახნაგიანი ფანჩატურია. ფანჩატურის წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, სამ-სამი ნახევარსვეტი ასდევს, რომლებიც დაყრდნობილი ანალოგიური ლილვებისგან შედგენილ ჰორიზონტალურ სარტყელზე თითოეულ წახნაგში თითო, ვიწრო, მაღალი, თაღია, თაღებს გარედან ლილვებით შედგენილი განიერი საპიე ევლება. ფანჩატურს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს.

ეკლესიის ფასადები ერთსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებითაა დანაწევრებული. გრძივ ფასადებზე ექვს-ექვსი თაღია, აღმოსავლეთ ფასადზე - სამი, დასავლეთ ფასადზე კი - ორი. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია სამსაფეხურიანი იმპოსტები. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე სამი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. სამრეკლოს პირველი სართულის სამივე ფასადზე, თაღებს ზემოთ, მოწყობილია მშვილდისებრი თაღით გადახურული ნიშა, რომლის ორივე მხარეს თითო შეღრმავებული რომბია. ფასადებს აგურის საფეხუროვანი ლავგარდნი ასრულებდა . ეკლესია დარბაზული იყო, ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]