შილდის აბულის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის აბულის მარანიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი შილდის ჩრდილოეთით, 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ ვეძისხევის ტერიტორიაზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

შენობა გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვით, სარკმლები, პილასტრები, საბჯენი თაღები და კამარა - კვადრატული აგურით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ზუსტი ორიენტაცია, მარნისთვის საჭირო ელემენტების უქონლობა, ადასტურებს, რომ იგი თავიდანვე საკულტო დანიშნულებისათვის იყო აგებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთი კედელი, ჩამონგრეულია კამარისა და საბჯენი თაღების უმეტესი ნაწილი, მონგრეულია აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილი.

ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით რომლის შუაში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ორ-ორი მსგავსი სარკმელი, ერთმანეთის პირდაპირ გრძივ კედლებშიცაა. მათი თაღები კამარის მრუდშია მოქცეული. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია. დარბაზის გრძივი კედლები მარტივი პილასტრების ორი წყვილით სამ-სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი, რომლებსაც კამარა ეყრდნობოდა. კამარის ქუსლი, შესაბამისი კედლის მიმართ რამდენადმე წინაა წამოწეული და კედლის მთელ სიგრძეზე მცირე საფეხურს ქმნის. მსგავსი საფეხური საბჯენი თაღების ქუსლების დონეზეცაა.

პილასტრების აღმოსავლეთი წყვილით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ნავში საკურთხევლის სივრცე იყო გამოყვანილი. საკურთხევლის კედლებს მთელ სიგრძეზე გასდევდა აგურითა და ნალესობით გამოყვანილი მცირედ ნაშვერი თარო. შენობის გარე პერანგისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვა. აგურით მხოლოდ სარკმლის ღიობებია მოპირკეთებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]