შინაარსზე გადასვლა

შილა (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შილა
დაიბადა I საუკუნე
რომი
გარდაიცვალა 50
მაკედონია
ხსენების დღე 13 ივლისი
მოღვაწეობა მწერალი და მისიონერი
ენა კოინე[1]
ეროვნება ებრაელები[1]

მოციქული შილა [2][3] (ბერძ. Σιλᾶς) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო) და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში13 ივლისი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის პირველ ეკლესიაში წმიდა შილა იყო კაცი პატივდებული და „შერაცხილი ძმათა შორის“ (საქმე, 15;22). 51 წელს იერუსალიმში გამართული მოციქულთა პირველი კრების შემდეგ უფლის მოწაფეებმა ანტიოქიელ ქრისტიანებს პავლესა და ბარნაბას ხელით წიგნი გაუგზავნეს და ამცნეს, რომ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს წინადაცვეთა და მოსეს სჯულის დამარხვა არ ევალებოდათ, შილა და იუდაც გააყოლეს, „რამეთუ... წინასწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინისცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს“. ანტიოქიაში მათ დიდხანს დაჰყვეს, შემდეგ ძმათაგან იუდა წარიგზავნა იერუსალიმში, შილამ კი „ჯერ-იჩინა დადგრომაჲ მუნვე“ და მოშურნედ შეეწეოდა წარმართთა მოციქულს მქადაგებლურ ღვაწლში. პავლესთან ერთად მან იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.

ქალაქ ფილიპეში მოციქულები შეიპყრეს, „მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა“ და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. „შუა ღამეს ოდენ“, როცა პავლე და შილა ლოცულობდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს, მეყსეულად „ძვრაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძვლითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს“. როცა საპყრობილის მცველს გამოეღვიძა და განხმული კარები იხილა, იფიქრა, ტუსაღები გაქცეულანო, მახვილი იხადა და თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ პავლე მოციქულმა „ჴმითა დიდითა“ გასძახა: „ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“. ნუგეშინისცემულმა მცველმა სანთელი მოითხოვა და, როცა ყველა პყრობილი ადგილზე დახვდა, „ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას“. მან იკითხა: „უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?“ პასუხად მიიღო: „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი“. მან რწმენით მიიღო მადლმოსილი სიტყვები, იმ ღამეს თავისთან ისტუმრა მოციქულები, „განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან“ და მთელი სახლეულითურთ ნათელიღო (საქმე; 15,20-16,34).

პავლე და შილა ფილიპედან ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მოხსენიებულია ეპისკოპოს დოროთეოსის „საეკლესიო აღწერილში“, რომელშიც გვაუწყებს ქრისტეს მოწაფეთა შესახებ, თუ რომელი სად მოღვაწეობდა. დოროთეოსის „აღწერილნი“ ერთვის გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილ დიდ სვინაქსარს. არსებობს იოანე ოქროპირის თხზულება, რომელშიც მოთხრობილია დოროთეოსის ამ შრომის შესახებ. ის შეტანილია კლარჯულ მრავალთავში (A 144, X ს., 173r-175r), გამოცემა, გვ. 385-387 - სრული არაა) და პარხლის მრავალთავში (A 95, XI, 78v-79r), ოღონდ ოქროპირის მოუხსენიებლად. სამივე თხზულება ერთი წარმომავლობისა ჩანს.

  1. 1 2 https://www.gotquestions.org/life-Silas.html
  2. წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I) — orthodoxy.ge
  3. გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 938, ISBN 978-99940-69-47-7.