შინაარსზე გადასვლა

შიდა გადასახლება საბერძნეთში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20,000 პოლიტიკური პატიმარი გადაასახლეს გიაროსზე საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ

შიდა გადასახლება — დისიდენტების დასასჯელი მეთოდი. გამოიყენებოდა სხვადასხვა ბერძნული მთავრობის მიერ. მას აქტიურად მიმართავდნენ პანგალოსის რეჟიმი (1925-1926), მეტაქსასის 4 აგვისტოს რეჟიმი (1936-1941), საბერძნეთის სამოქალაქო ომის პერიოდის მთავრობა (1946-1949) და საბერძნეთის ხუნტა (1967-1974). დასჯილებს, როგორც წესი, აგზავნიდნენ უფრო პატარა, ხშირად დაუსახლებელ ბერძნულ კუნძულებზე.[1] ბევრი ადგილი ფუნქციონირებდა მხოლოდ როგორც საპატიმრო კუნძული. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მაკრონისოსი, გიაროსი და აგიოს ეფსტრატიოსი, სადაც ბარაკებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსებდნენ ხოლმე პატიმრებს. მე-20 საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური გადასახლებისთვის საბერძნეთში სხვადასხვა დროს 100-ზე მეტი ადგილი გამოიყენებოდა.[2] [3]

შიდა გადასახლებას საბერძნეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს. მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა ვენიზელიზმის ოპონენტების წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ მონარქისტები, კონსერვატორები ან კომუნისტები.[4] ეროვნული განხეთქილებისას და ვენიზელოსის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1917 წლის ზაფხულში, ბევრი პოლიტიკური ოპონენტი (როგორიც იყო, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სპირიდონ ლამბროსი) შიდა გადასახლებაში გაუშვეს.[5] კუნძულებზე გადასახლებას ამჯობინებდნენ კონტინენტზე დაპატიმრებას, რადგან კონტინენტის ციხეები გადატვირთული იყო და გადასახლება აადვილებდა პატიმრების მიმოწერის მონიტორინგს და მათი პოლიტიკური გავლენის შეზღუდვას.[4] 1929 წელს, „იდიონიმონის“ კანონით, მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა, რამაც პატიმრების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. კუნძული აი სტრატისი აქტიურად გამოიყენებოდა 1929 წლიდან 1974 წლამდე. 1943 წლამდე კუნძულზე არ არსებობდა ფორმალური საპატიმრო ბანაკები და გადასახლებულები ქირაობდნენ სახლებს ადგილობრივი მოსახლეობისგან.[2]

1925 წლის ივნისში თეოდოროს პანგალოსმა ძალაუფლება უსისხლო სახელმწიფო გადატრიალებით ჩაიგდო ხელში. მისი მმართველობის პერიოდში რამდენიმე იზოლირებული კუნძული მემარცხენე აქტივისტებისა და კომუნისტების გადასახლების ადგილად იქცა.[3][6]

დისიდენტებისთვის საპატიმრო ბანაკები უნაყოფო კუნძულებზე მეტაქსასის რეჟიმმა (1936-1941) დააარსა.[4][7] შიდა გადასახლებით დასაჯეს დაახლოებით 1 000 ადამიანი, მათ შორის საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრები, სოციალისტები, პროფკავშირების ორგანიზატორები და სხვები, ვინც მთავრობას ეწინააღმდეგებოდა. პატიმართა უმეტესობა მუშათა კლასს ეკუთვნოდა, თუმცა იყვნენ ინტელექტუალებიც. შიდა გადასახლებაზე გასამართლებული პატიმრები უნაყოფო კუნძულებზე გადაჰყავდათ, სადაც მათ თავად უნდა ეზრუნათ საკვებსა და თავშესაფარზე.[4]

საბერძნეთის სამოქალაქო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს და შემდეგ (1946-1949) ათასობით მემარცხენე მებრძოლი და სავარაუდო თანამოაზრე დააკავეს და დააპატიმრეს. პოლიტიკური პატიმრები სამოქალაქო ომის შემდეგაც, 1950-იანი და 1960-იანი წლების განმავლობაშიც არ გაუთავისუფლებიათ. კუნძული მაკრონისოსი 1947-დან 1955 წლამდე გამოიყენებოდა და გახდა ერთგვარი „სამაგალითო ბანაკი“ ბერძნული ხუნტისთვის. აი სტრატისში, სადაც 1946-1947 წლებში 5 500 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, გაგზავნეს, პირველად შეიქმნა ბანაკები. ოცი ათასი ადამიანი გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში უკაცრიელ კუნძულ გიაროსზე, რომელსაც „ხმელთაშუა ზღვის დაჰაუ“ შეარქვეს. პატიმრებს ციხის მშენებლობაზე ამუშავებდნენ, მაგრამ კუნძული 1952 წელს გაერომ საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნია იქ არსებული ცუდი პირობების გამო. აი სტრატისი, რომელიც „მოუნანიებელი“ პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, 1963 წლამდე დარჩა ღია, თუმცა პატიმრების რაოდენობა თანდათან შემცირდა.

1967 წლის 21 აპრილის გადატრიალების შემდეგ ხუნტამ აქტიურად მიჰყო ხელი პოლიტიკური დისიდენტების დაკავებასა და საპატიმრო კუნძულების გამოყენებას. დაახლოებით 6 000 პირი გაგზავნეს გიაროსზე, რომელსაც ახლა „ბერძნულ გულაგს“ უწოდებდნენ. ხუნტა უარყოფდა, რომ იქ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდათ, მაგრამ ტყუილი გამოაშკარავდა, როდესაც გერმანელმა ჟურნალისტებმა „შტერნისთვის“ თვითმფრინავი იქირავეს და კუნძული მაღლიდან გადაიღეს. გიაროსი დაიხურა 1968 წლის ნოემბერში საერთაშორისო პროტესტის შემდეგ მისი ცუდი პირობებისა და წითელი ჯვრის კრიტიკის გამო. აი სტრატისი, რომელიც ხუნტამ ხელახლა გახსნა და ცალკეული შემთხვევებისთვის იყენებდა, 1968 წლის მიწისძვრამ გაანადგურა. ბანაკის დიდი ნაწილი დაინგრა.

1974 წლის ოქტომბერში, 1974 წლის საბერძნეთის საკანონმდებლო არჩევნების წინ, ხუნტის ხუთი ლიდერი, მათ შორის გეორგიოს პაპადოპულოსი, დროებით გადაასახლეს კეაზე.

შიდა გადასახლება 1974 წელს დასრულდა, მეტაპოლიტეფსის დროს. კუნძული მაკრონისოსი 1989 წლიდან დაცულია. საბერძნეთი ცდილობს, კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარონ, „გადასახლების კუნძულისა და მისი დარჩენილი ნანგრევების, როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოების, და ადამიანური სულისა და დემოკრატიის ტრიუმფის სიმბოლოების შესანარჩუნებლად ჩაგვრისა და დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ“.

  1. Mamoulaki, E (9 March 2016) „Pictures of Exile, Memories of Cohabitation: Photography, Space and Social Interaction in the Island of Ikaria“, Camera Graeca: Photographs, Narratives, Materialities (en). Routledge. ISBN 978-1-317-17005-1. ; Papaeti, Anna (2013). „Music, Torture, Testimony: Reopening the Case of the Greek Junta (1967–1974)“. The World of Music. 2 (1): 67–89. ISSN 0043-8774. JSTOR 24318197.; Michou, Maria (27 March 2017) „Inhabiting the memory of political incarceration in Greece: two women's narratives from the Civil War and the Junta“, The Politics of Culture in Turkey, Greece & Cyprus: Performing the Left Since the Sixties (en). Taylor & Francis. ISBN 978-1-317-42821-3. ; Asimakoulas, Dimitris (2005). „Brecht in dark times: Translations of his works under the Greek junta (1967–1974)“. Target. 17 (1): 93–110. doi:10.1075/target.17.1.06asi.; Pantzou, Nota (2015) „War remnants of the Greek archipelago“, Heritage and Memory of War: Responses from Small Islands (en). Routledge. ISBN 978-1-317-56698-4. ; Kenna, Margaret E. (2008). „Conformity and Subversion: Handwritten Newspapers from an Exiles' Commune, 1938–1943“. Journal of Modern Greek Studies. 26 (1): 115–157. doi:10.1353/mgs.0.0006. S2CID 144654989.
  2. 1 2 Pantzou, Nota (2011) „Materialities and Traumatic Memories of a Twentieth-Century Greek Exile Island“, Archaeologies of Internment (en). Springer, გვ. 191–205. ISBN 978-1-4419-9666-4. 
  3. 1 2 Πικρός, Γιώργης (1978) Καλπάκι, φυλακές - ξερονήσια (το μαρτύριο ενός λαού) (el). Καρανάση. 
  4. 1 2 3 4 Kenna, Margaret E. (2013) „introduction“, The Social Organization of Exile: Greek Political Detainees in the 1930s (en). Routledge. ISBN 978-1-134-43682-8. 
  5. Διλήματα της ελληνικής συνταγματικής ιστορίας:20ος αιώνας, Σπύρος Βλαχόπουλος, Ευάνθης Χατζηβασιλείου
  6. ΑΘΗΝΑ: Από πραξικόπημα σε πραξικόπημα. ციტირების თარიღი: 28 August 2023.
  7. Papaeti, Anna (2013). „Music and 're-education' in Greek prison camps: from Makronisos (1947-1955) to Giaros (1967-1968)“ (PDF). Torture: Quarterly Journal on Rehabilitation of Torture Victims and Prevention of Torture. 23 (2): 34–43. ISSN 1997-3322. PMID 24480891. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 21 September 2021. ციტირების თარიღი: 17 September 2020.