შიგერუ იოშიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგერუ იოშიდა
იაპონ. 吉田 茂
შიგერუ იოშიდა იაპონ. 吉田 茂
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 1958 – 10 დეკემბერი, 1954

დაბადებული22 სექტემბერი, 1878
იოკოსუკა, იაპონიის იმპერია
გარდაცვლილი20 ოქტომბერი, 1967 (89 წლის)
მოქალაქეობაიაპონიის დროშა იაპონია
ეროვნებაიაპონელი
პოლიტიკური პარტიალიბერალური პარტია (1950-1955)
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (1955-1967)
საქმიანობადიპლომატი, პოლიტიკოსი

შიგერუ იოშიდა (იაპონ. 吉田 茂; დ. 22 სექტემბერი, 1878 — გ. 20 ოქტომბერი, 1967) — იაპონელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელსაც 1946-1947 და 19448-1954 წლებში იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოშიდა ბავშვობაში

იოშიდა 1878 წელს კანაგავას პრეფექტურის ქალაქ იოკოსუდაში დაიბადა. მისი მამა, ტაკეუჩი ცუნა, მეწარმე და პოლიტიკური აქტივისტი იყო, რომელც 1890 წელს იაპონიის პირველი პარლამენტის წევრი გახდა. იოშიდა ოჯახში თოთხმეტ შვილს შორის მეხუთე იყო. მისი დედის ვინაობა უცნობია, ვარაუდობენ, რომ იგი გეიშა იყო.

იოშიდას დაბადებიდან მალევე მისი მამა პოლიტიკური აქტივიზმის გამო დააპატიმრეს, რის შემდეგაც 1881 წელს იგი მამის მეგობარმა, მდიდარმა ვაჭარმა კენძო იაშიდამ და მისმა მეუღლემ, კოტოკომ იშვილეს. იოშიდამ სწავლა სოფლის სკოლა-ინტერნატში დაიწყო. 1889 წელს მან დაწყებითი სკოლა დაამთავრა. ამავე წელს კენძო იოშიდა გარდაიცვალა და შიგერუმ მისგან მემკვიდრეობით ქონება მიიღო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ კოტოკომ იოშიდა ქალაქ იოსოში გადაზრდა. 1894 წელს შიგერუმ საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი ხანმოკლე დროით ბიზნესის სკოლაში, შემდეგ კი კეიოს უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში სწავლობდა, რომელიც ამჟამად ტოკიოს მეცნიერების უნივერსიტეტის სახელწოდებითაა ცნობილი.

1904 წელს იოშიდამ ტოკიოს იმპერიულ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, რომელიც 1906 წელს სამართლის ხარისხით დაამთავრა.[1] რუსეთ-იაპონიის ომში იაპონიის გამარჯვებიდან მალევე, იოშიდამ საგარეო სამსახურში მისაღები გამოცდა ჩააბარა და იაპონიის დიპლომატიური კორპუსის წევრი გახდა.

დიპლომატიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წელს იოშიდა დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, ხოლო 1907 წელს – ქალაქ შენიანში. 1912 წელს იგი კოლონიური კორეის ქალაქ ანდონში მსახურობდა. 1919 წელს იოშიდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე იაპონური დელეგაციის წევრი იყო.[1] 1920 წელს იგი გაერთიანებულ სამეფოში იაპონიის საელჩოს მდივანი გახდა.

1930 წელს იოშიდა იაპონიის ელჩი იტალიაში, ხოლო 1936 წელს გაერთიანებულ სამეფოში გახდა. 1930-იან წლებში იგი ცდილობდა ჩინეთზე იაპონიის გავლენა გაეზარდა, რა მიზნითაც მხარს უჭერდა მანჯურიისა და მონღოლეთის დამოუკიდებლობას, რაც ქვეყანის დასუსტებას გამოიწვევდა.[1] 1938 წელს, გაერთიანებულ სამეფოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, იოშიდამ დიპლომატიური კარიერა დაასრულა.

პრემიერ-მინისტრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიგერუ იოშიდა იტირო ჰატოიამასთან შეხვედრაზე

1945 წელს იოშიდა ახლადჩამოყალიბებული ლიბერალური პარტიის წევრი გახდა. 1946 წელს იაპონიაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც ძალაუფლებაში ლიბერალური პარტია მოვიდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერი, იტირო ჰატოიამა გახდა, თუმცა მალევე საოკუპაციო ხელისუფლებამ მას თანამდებობის დატოვება აიძულა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე შიგერუ იოშიდა დაინიშნა. საოკუპაციო ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა პრო-ამერიკული და პრო-ბრიტანული შეხედულებების, დასავლური სამყაროს შესახებ ფართო ცოდნისა და საზღვარგარეთ პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილების საფუძველზე შეარჩია. იოშიდა იაპონიის 45-ე პრემიერ-მინისტრი 1946 წლის 22 მაისს გახდა.

შიგერუ იოშიდა ხელს აწერს სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებას

1947 წლის 24 მაისს პრემიერ-მინისტად ხანმოკლე დროით ტეცუ კატაიამა დანიშნეს, რის შემდეგაც იოშიდა თანამდებობას 1948 წლის 15 ოქტომბერს დაუბრუნდა. 1951 წელს მან ხელი მოაწერა სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებას, ზავს ანტიჰიტლერულ კოალიციასთან, რომლის შედეგადაც 1952 წელს იაპონიის ოკუპაცია დასრულდა.

იოშიდას მმართველობის ქვეშ იაპონიაში აღდგა ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. მისი პოლიტიკა იაპონიის ეკონომიკური აღდგენისა და საგარეო საქმეებში დამოუკიდებლობის ხარჯზე აშშ-ს სამხედრო ძალებზე დამოკიდებულებისკენ იყო მიმართული, რაც ცნობილი გახდა, როგორც იოშიდას დოქტრინა, რომელმაც ცივი ომისა და მის შემდგომ პერიოდში იაპონიის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრა.[2]

2005 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ იოშიდას წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ გასაიდუმლოებული მასალები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 1952 წელს იოშიდას მკვლელობას გეგმავდნენ, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იჩირო ჰატოიამა დაიკავებდა. შეთქმულებას ტაკუშირო ჰატორი ხელმძღვანელობდა, რომელიც იაპონიის იმპერიული არმიის ოფიცერი იყო. მას 500 ათასი იაპონელი უცხადებდა მხარდაჭერას.[3]

იოშიდას მმართველობით უკმაყოფილების გამო ლიბერალური პარტიის მრავალი წევრი ახლადჩამოყალიბებულ დემოკრატიულ პარტიაში გადავიდა, რის შედეგადაც 1954 წლის 7 დეკემბერს ლიბერალურმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა. 10 დეკემბერს ქვეყანაში ახალი პრემიერ-მინისტი, იჩირო ჰატოიამა დაინიშნა.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოშიდას საფლავი აოიამას სასაფლაოზე

იოშიდა 1967 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ოისოში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კათოლიკობას მთელი ცხოვრების მანძილზე მალავდა, მას ქრისტიანულად აუგეს წესი. იოშიდას დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც ტოკიოს წმინდა მარიამის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა, 74 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.[4] იოშიდა აოიამას სასაფლაოზე დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Shigeru Yoshida.
  2. Beeson, Mark. (2001). "Japan and Southeast Asia: The Lineaments of Quasi-Hegemony", დაარქივებული 2007-09-03 საიტზე Wayback Machine. p. 4 of linked e-reprint, citing Pyle, Kenneth B. (1998) "Restructuring Foreign Policy and Defence Policy: Japan", in McGrew, A. et al. (1998). Asia-Pacific in the New World Order, pp. 121–36.
  3. CIA Papers Reveal 1950s Japan Coup Plot (28 February 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 August 2015.
  4. Shigeru Yoshida. YourDictionary.