შვიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვიტა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  შვიტასებრთა
სახეობა:  შვიტასებრთა
ლათინური სახელი
Equisetum arvence

შვიტა (ლათ. Equisetum arvense) — მცენარე შვიტასებრთა ოჯახისა. აჭარაში მას ეძახიან ნაძვბალახას, ზემო იმერეთში ცხენის ბუას), მრავალწლიანი ფესურიანი ბალახია. მისი მოყავისფრო დამუხლული ფესურა გრძელი და მხოხავია. [1], ხშირად მრგვალი კოჟრებით (ეს კოჟრები იჭმება, განსაკუთრებით შემწვარი), თავისი გემოთი რამდენადმე კარტოფილს მოგვაგონებს. ღერო ორგვარია – გენერაციული და ვეგეტაციური. გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის წვერზე ცილინდრული სპორანგიუმით. ეს ღერო მარტივია (ე. ი. დატოტვილი არაა) რუხი – მოყავისფრო, 25 სმ – მდე სიმაღლის, მთელ სიმაღლეზე წვრილად დაღარული, ვაგინისებრი საბურველებით. ვეგეტაციური ღერო უფრო გვიან ამოდის დაღარული ღეროთი, რომელიც თითქმის მიწის პირიდანვე რგოლური დატოტვით ხასიათდება 10 – 15 სმ სიმაღლით, ტოტების რაოდენობა თითოეულ რგოლში 6 – 18 ცალის ფარგლებში ზეაღმართულნი არიან და ღეროს მიმართ მახვილ კუთხეს ქმნიან. თითოეული ტოტი მარტივია (ე. ი. განტოტვილი არაა) და 4 – 5 წიბოიანია. რედუცირებული ფოთლების სახით წარმოდგენილი ვაგინები ღეროზე ცოლინდრულია, 4 – 8 მმ სიგრძის, სამკუთხა – ლანცეტა, შავი მორუხო, 2 – 3 ერთად შეზრდილი, თეთრარშიანი კბილებით. ტოტების ვაგინები 4 – 5 კბილიანია. [2] მრავლდება სპორებით და ფესურის კოჟრებიდან მიღებული ამონაყარით. შვიტას ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: ბალახს აქუცმაცებენ არა უმეტეს 3 მმ სიგრძის ნაჭრებად, ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს 1:10 შეფარდებით, ადუღებენ 30 წუთი ნელი დუღილით, აგრილებენ 10 წუთს, ფილტრავენ (წურავენ), ბალახის ნარჩენ მასასაც ხელით წურავენ. [3] შვიტას წვენი და ნაყენი გამოცდილი იქნა ქართველი მკვლევარების მიერ (ვ. გერსამია), როგორც დიურეტული საშუალება. წვენს უნიშნავდნენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, 15 მლ დღეში სამჯერ, რის შედეგადაც დიურეზის მომატება აღინიშნა, თანდათან ძლიერდებოდა და მაქსიმუმს პრეპარატის მიღებიდან მესამე – მეოთხე დღეს მიაღწია. პრეპარატის მოხსნიდან მეორე – მესამე დღეს შარდის გამოყოფა მცირდებოდა.[3] შვიტას მატყლის ყვითლად და მწვანედ შესაღებადაც იყენებს ხალხი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]