შვედური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრადიციული შვედური საშობაო სუფრა

შვედური სამზარეულო (შვედ. Svenska köket) — ტრადიციული შვედური კერძების ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ჩდილოეთ და სამხრეთი რეგიონები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებიან კერძებით.

ისტორიულად, შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძირითადად ხორცს მიირთმევდნენ, მათ შორის ირმისასაც. მათგან უმეტესობა სათავეს საამების კულტურიდან იღებს, სამხრეთში მცხოვრები შვედები კი ხილ-ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. მრავალი ტრადიციული კერძი, მაგალითად შვედური ხორცის ბურთები, ძალიან მარტი მოსამზადებელია, თუმცა კონტრასტული არომატებით გამოირჩევა.

შვედური სამზარეული საკმაოდ გახსნილი და მიმღებლურია უცხოურების მიმართ. XVII-XVIII საუკუნეებში შვედეთში განსაკუთრებით ფრანგულმა კულინარიამ იმძლავრა, თუმცა არც სხვა კულტურები დაჩაგრულა, რის გამოც დღეისათვის შვედეთში ხშირად შეხვდებით იაპონურ სუშისა და იტალიურ ლატეს.

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული შვედური კერძი: შვედური ხორცის ბურთები კრემ-სოუსით, კართოფილის პიურეთი, კიტრის მწნილითა და წითელი მოცვის ჯემით.

შესაძლოა ითქვას, რომ შვედურ სამზარეულოს აქვს ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც თითქმის ყოველ მეორე კერძში გამოიყენება, ასეთებია: რძე, კვერცხი, ქათმისა და ღორის ხორცი, კენკრა, შაქრიანი პური და კურკიანი ხილეული. ასევე გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია მოხარშული კარტოფილი.

შვედური სამზარეულო ასევე გამოირჩევა პურის მრავალფეროვნებით, რომელთაც აცხობენ: ჭვავს, ხორბალს, რძესა და შვრიას, ასევე განასხვავებელ ფუნთუშეულ, ბრტყელ და მარცვლელულისგან დამზადებულ პურს. არსებობს სანელებლებისაგან დამზადებული და ტკბილი პურიც. შვედურ სამზარეულოში ხშირად შეხვდებით ხორცეულს, რომელსაც თითქმის ყოველთვის ხახვთან ერთად ამზადებენ და წითელი მოცვის ჯემს აყოლებენ.

შვედური სამზარეულოსათვის დამახასიათებელია მაღალი სიბლანტის მქონე მცენარეული სუპები, მაგალითად: ვარდის სუპი და მოცვის წვნიანი, რომელთაც როგორც ცხლად, ისე ცივად მიირთმევენ. კარაქი და მარგარინი აქ ცხიმის ძირითადი წყაროა, თუმცა შვედეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ზეითუნის ზეთი.

შვედეთის საკონდიტრო ნაწარმს ძირითადად შიგთავსიანი და უბრალო ფუნთუშები, ასევე ორცხობილები და ნამცხვრები წარმოადგენენ, რომელთა უმეტესობაც ძალიან ტკბილია და ხშირად მიირთმევენ ყავასთან.

კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედური ბლინები

საუზმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, შვედური საუზმე ასოცირდება ღია სენდვიჩებთან, ან პურის ჩიფსებთან. სენდვიჩში ძირითადად ბაზად იყენებენ კარაქიან პურს, შემდეგ კი აწყობენ მაგარ ყველს, თხელ ძეხვს, ხიზილალას, მესმერს (ნორვეგიული ტკბილი სოუსი, რომელიც მზადდება კარაქისა და შრატის შერევით), პომიდორსა და კიტრს. ასევე ტრადიციულ საუზმედ ითვლება იოგურტი, ან რძიანი მარცვლეული, როგორებიცაა სიმინდის ფანტელები, მიუსლი, შვრია და სხვა. საუზმეზე ჩვეულებრივი სასმელია რძე, წვენი, ჩაი ან ყავა.

ხშირ შემთხვევაში შვედები საუზმეზე პურზე ტკბილეულს, მაგალითად: ჯემს ან შოკოლადს უსვამენ. ცნობილია ისიც, რომ ბევრი შვედი დილით ყავასთან ან ჩაისთან მარმალადის მიყოლებას ამჯობინებს. ასევე პოპულარული საუზმეა შვედური ბლინები, რომელიც თავისი სითხელით გამოირჩევა, რომელსაც სპეციალურ ტკბილ სიროპთან ერთად მიირთმევენ.

შვედური საშობაო შაშხი

მთავარი კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედური მთავარი კერძები უმეტეს შემთხვევაში ხორცისაგან მზადდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შვედურ სამზარეულოში არის ორი სახის პელმენი: კენკრის და სისხლიანი. სისხლიანი პირდაპირი მნიშვნელობით სისხლიანია მის ცომში ტრადიციის მიხედვით ირმის სისხლს უმატებენ, რაც მას მუქ წითელ შესახედაობას აძლევს. აქ ასევე შეხვდებით შავ პუდინგს, რომელშიც აგრეთვე სისხლს ურევენ. შვედურ სამზარეულოს მიეკუთვნება სისხლიანი სოსისიც, ე.წ. მორსილა. ისინი ასევე აქტიურად ამზადებენ სოსისს, სახელად ფალუკორვი, რომლის სამშობლოც ქალაქი ფალუნია.

გარდა ერთობ ცნობილი შვედური ხორცის ბურთებისა, რომელსაც საქონლის ხორცისგან ამზადებენ, შვედურ კულინარიაში ვხვდებით თევზის ხორცისგან დამზადებულ ბურთებსაც. შვედურ სამზარეულოში საკმაოდ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს საშობაო შაშხს, რომელიც საშობაო ვახშმის ძირითადი კერძია. იგი იხარშება ან იწვება ათქვეფილ კვერცხთან, პურის ნატეხებსა და მდოგვთან ერთად.

შვედურ სამზარეულოში აგრეთვე ვხვდებით კერძს, სახელად კოლდომარი, რომელიც ძალიან ჰგავს ტოლმას და მიიჩნევა, რომ იგი შვედებმა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში კარლ XII-ის დროს გადაიღეს თურქებისგან და შემდეგ თავისებურად გადააკეთეს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ შვედებმა ხორცი კომბოსტოს, ბულგარული წიწაკისა და ვაზის ფოთლის ნაცვლად ყაბაყში მოათავსეს. ისინი ასევე ამზადებენ კერძს, სახელად პოლსა, რომელიც არის შოტლანდიური ჰაგისის შვედური ვარიანტი, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ შვედები მას არ ახვევენ და დაშლილად მიაქვთ სუფრასთან.

დესერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედურ კულინარიაში ტკბილეულის მრავალი სახეობა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჯანჯაფილის თაფლაკვერები და ასევე ჯანჯაფილისაგან დამზადებული საშობაო სახლის ფორმის მქონე ტკბილეული. ასევე ცნობილია დანიური წარმოშობის შოკოლადის ბურთები, რომელშიც ტკბილი კარაქის ბურთს ფარავს შოკოლადი, ქოქოსი და შაქარი. აღსანიშნავია თავისი ჰაეროვნებით გამორჩეული „პრინცესის ნამცხვარი“. ხშირად გამოარჩევენ საფრონის ნამცხვარს, რომელსაც „წმინდა ლუსიას ფუნთუშა“ ეწოდება. შვედური ფუნთუშებიდან ყველაზე ცნობილია დარიჩინის ფუნთუშა.

შვედური საკონდიტრო ნაწარმიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „ბუდაპეშტის რულეტი“ და ნამცხვარი „ნაპოლეონი“. აღსანიშნავია, რომ შვედური „ნაპოლეონი“ ორიგინალისაგან განსხვავებულია და აქ თხელი ფირფიტების ნაცვლად ნაზი, თუმცა მყარი კრემი გამოიყენება. ნამცხვრების გარდა ცნობილია მარილიანი ძირტკბილას კანფეტები და ზეფირის რამდენიმე სახეობა, რომლებიც მხოლოდ შვედეთში გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jones, Lora (2018-04-13). "Coffee: Who grows, drinks and pays the most?". Retrieved 2018-05-13.
  • Schildt-Lundgren, Margareta (2000) Simply Swedish. ISBN 91-974561-7-9
  • Widenfelt, Sam, ed. (1950) Swedish Food. Gothenburg: Esselte
  • Rob Hincks, "Swedish semla: more than just a bun Archived 2011-06-06 at the Wayback Machine," Feb. 20, 2012.