შვაბიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვაბიური მაულტაშენი

შვაბიური სამზარეულო (გერმ. Schwäbische Küche) — ტრადიციული შვაბიური კერძების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს შვაბიურ, ვიურტემბურგულ, ალგოვიურ და ბავარიაში მოქცეული ვიურტემბერგის გასტრონომიებს. მეზობელი ბადენისაგან განსხვავებით, მასზე ფრანგული სამზარეულოს გავლენა არ ვრცელდება. იგი მდიდარია ატრიებითა და სხვა ცომეულის კერძებით. განსაკუთრებით ცნობილი შვაბიური საჭმელებია: მაულტაშენი და შპაცლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემწვარი ხორცი და ხახვი შპაცლით

იმის გამო, რომ შვაბია ძირითადად ქვიანი ნიადაგებისაგან შედგება და საძოვრები თითქმის არაა, ძველად შვაბიელები ნაკლებად მისდევდნენ მეცხოველეობას, შესაბამისად, ამ რეგიონში ნებისმიერი ხორცი ძალიან ძვირად ფასობდა. შეიძლება ითქვას, რომ ხორცს მხოლოდ არისტოკრატები და გამდიდრებული ადამიანები მიირთმევდნენ, დაბალი ფენებისათვის კი იგი მიუწვდომელი იყო. ამის გამო, უბრალო ხალხმა ცომისა და მცენარეებისაგან მრავალი კერძი შექმნა. სწორედ ამის გამოა, რომ შვაბიური სამზარეულო ერთობ მდიდარია ცომეულით. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, შვაბიის სხვადასხვა მხარეში გასტრონომია განსხვავებულია, მაგალითად: ობერშვაბენში, სადაც შედარებით ნაყოფიერი ნიადაგებია, უფრო აქტიურად მისდევენ მეცხოველეობას და შესაბამისად აქაური კერძების რეცეპტებში უფრო ხშირად შეხვდებით რძეს, ნაღებსა და ყველს.

შვაბიის კათოლიკურ ნაწილებში, ავსტრიის გავლენით სამზარეულო უფრო ეპიკურია და მდიდარია ცომეულით. ჰოენლოეს მხარის მდინარეებიდან შვაბიელები აქტიურად იჭერენ თევზს, განსაკუთრებით კი კობრს, რომელიც რეგიონის ფავორიტია და ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ულმი, აუგსბურგი, რავენსბურგი და ბიბერახი, მისგან არაერთ კერძს ამზადებენ. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ასე თუ ისე შვაბიურ გასტრონომიაზე მაინც მოახდინეს გავლენა ფრანგულმა და იტალიურმა სამზარეულოებმა.

XVII საუკუნის შუა ხანებში შვაბიაში პირველად შეიტანეს კარტოფილი, რომელმაც მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა და ინტეგრირდა ადგილობრივ სამზარეულოში. ცხადია, ამას მრავალი ახალი რეცეპტის შექმნა მოჰყვა. სწორედ ამ დროს გამოიგონეს კარტოფილის სალათი და შუფნულდენი.

ის, რაც დღეისათვის ტრადიციულ შვაბიურ სამზარეულოდაა მიჩნეული, მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ დაბალი ფენების, ე.წ. გლეხების მიერაა შექმნილი, რასაც ძველად თავად შვაბიელი არისტოკრატები „ღარიბი ხალხის კერძებს“ უწოდებდნენ და ამჯობინებდნენ, რომ უცხოური კერძები ეჭამათ.

ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქრისფხვნილიანი Nonnenfürzle-ები

ოფენშლაპერი პურის პუდინგის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მზადდება ძველი პურის, სანელებლების, ვანილისა და დარიჩინისაგან, რომლის ორ ფენას შორისაც იდება ვაშლის, ქიშმიშისა და ნუშის ნაზავი და ბისკვიტი იჟღინთება ნაღებისა და კვერცხის მიქსტურათი, რის შემდეგაც იგი სპეციალური ფორმით იდგმება ღუმელში და ცხვება.

კირშენპლოცერი ძალიან ჰგავს თეთრ ფუნთუშებს, რომლის ცომიც კარაქის, კვერცხის, რძისა და შაქრით მზადდება, შემდეგ, გადახვევამდე ემატება ალუბლები და იდგმება ღუმელში. შვაბიელები მას ცხლადვე მიირთმევენ.

პფიცაუფი არის ასევე ღუმელში მოსამზადებელი დესერტი. იგი ერთგვარი სუფლეა, რომელსაც ვაშლის, ან ვანილის სოუსთან ერთად მიირთმევენ. აღსანიშნავია, რომ არსებობს მისი მარილიანი ვარიაციის რეცეპტიც, რომელსაც შემწვარ ბეკონთან და ყველთან ერთად ჭამენ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი შვაბიური დესერტი, სახელად Nonnenfürzle, რომელსაც შაქრიანი ბურთების სახე აქვს. იგი არის ზეთში შემწვარი ტკბილი ცომის ბურთები შაქრის ფხვნილით, რომელსაც, ტრადიციის მიხედვით მხოლოდ კარნავალებზე ამზადებდნენ და მთავარი დესერტის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე, თუმცა დღეს მას ნებისმიერ შვაბიურ საკონდიტროში შეხვდებით. როგორც წესი, მას შაქართან, ვანილის სოუსთან ან ალუბალთან ერთად მიირთმევენ.

ბაინეტი არის ვაშლით მომზადებული სადა დესერტი, რომელსაც ასევე ტრადიციული ვანილის სოუსით მიირთმევენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lucy Maynard Salmon, Nicholas Adams, Bonnie G. Smith Editors Nicholas Adams, Bonnie G. Smith The family cookbook (1923) History and the texture of modern life: selected essays Edition illustrated University of Pennsylvania Press, 2001 ISBN 0-8122-3587-8, ISBN 978-0-8122-3587-6 Length 276 pages page 66
  • Harold McGee. On food and cooking: the science and lore of the kitchen page 552
  • Hannah Widdifield Hannah Widdifield Widdifield's new cook book; or, Practical receipts for the housewife Peterson, 1856 Original from the New York Public Library Digitized Aug 7, 2008 410 pages page 181
  • Tricia Laning New cook book Edition 12, illustrated Meredith Books, 2005 ISBN 978-0-696-22732-5 pages 639 Better Homes and Gardens page 126
  • Mrs. C. M. Crawford Houston Civic Club cook book Authors Houston Civic Club (Houston, Tex.), Publisher s.n., 1906 Original from the New York Public Library Digitized Jul 22, 2008 128 pages
  • Mary Stuart Smith Virginia cookery-book (from a South Carolina lady) Compiled by Mary Stuart Smith Harper, 1912 Original from Harvard University Digitized Jun 29, 2007 352 pages page 29