შვაბიის ალბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვაბიის ალბი
შვაბიის ალბი
შვაბიის ალბი
კოორდინატები: 48°24′ ჩ. გ. 9°12′ ა. გ. / 48.400° ჩ. გ. 9.200° ა. გ. / 48.400; 9.200
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტერიტორიული ერთეული ბადენ-ვიურტემბერგი
ბავარია
უმაღლესი წერტილი ლემბერგი
სიმაღლე 1015 
სიგრძე 160 კმ
სიგანე 40-70 კმ
შვაბიის ალბი — გერმანია
შვაბიის ალბი

შვაბიის ალბი, შვაბიის იურა (გერმ. Schwäbische Alb; Schwäbischer Jura) — კუესტური სერი სამხრეთ გერმანიაში, შვაბია-ფრანკონიის იურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 160 კმ-ზე. სიმაღლე 1015 მ-მდე (მთა ლემბერგი). უმთავრესად აგებულია იურული კირქვებით. თხემი დაკარსტული პლატოა. სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა დამრეცია, ჩრდილოეთ-დასავლეთი — ციცაბო.

დანაწევრებულია დუნაისა და ნეკარის შენაკადებით. კალთები შემოსილია წიწვნარითა და მუხის ტყით, მდელოთი და ბუჩქნარით. შვაბიის ალბი ქმნის ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიმართულ კირქვიანი ფლატეების ღილკილოსებურ კლაკნილ უწყვეტ ხაზს, რომლის შეფარდებითი სიმაღლე 200 მ-იდან 300 მ-მდეა. აღმოსავლეთისაკენ შედარებით დადაბლებულია.

ზემოთ ქედზე მდებარეობს საკმაოდ ფართო კარსტულ ფორმებიანი პლატო ძაბრებითა და ჩაქცევებით. მასზე ბევრი ატმოსფერული ნალექი მოდის, ზამთრობით გარკვეული დროის განმავლობაში თოვლი არ დნება. იცის ძლიერი ქარი და ნისლი. კუესტის ციცაბო კალთები და ხევები, რომლებითაც დასერილია ის, დაფარულია ხშირი წიფლის ტყით, დანაწევრებულია და განშტოებებს და ბორცვ-შთენილებს ქმნის. შემდეგ, უფრო ძირს, მეტად დამრეცი, მერგელებისაგან აგებული კალთებია, რომლებიც ლიასური მერგელების ბორცვებიან, ზედა ტრიასული ქვიშაქვების სტრუქტურულ ბაქანს ებჯინება.

ქვიშაქვების ბაქანი შეადგენს ძლიერ დანაწევრებულ, მიხვეულ-მოხვეულ შიდა კუესტურ 200 მ-მდე სიმაღლის ფლატეების მქონე ქედს. კიდევ უფრო ძირს, საშუალოდ 300 მ-იდან 400 მ-ის სიმაღლემდე განლაგებულია აუზის ნიჟარებიანი კირქვებისაგან აგებული ბაქანი. ჩრდილო-დასავლეთით ის, თავის მხრითაც, წარმოშობს ეროზიულ საფეხურს ქვედა ტრიასული ქვიშაქვების პლატოებისაკენ. არის პალეონტოლოგიური რეზერვატი ჰოლცმადენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]