აჰმედი (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შეჰზადე აჰმედი)
Jump to navigation Jump to search
შეჰზადე აჰმედი
Şehzade Ahmed
მანისის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1481
მმართ. დასასრული: 1483
წინამორბედი: მეჰმედ II
მემკვიდრე: შეჰზადე ქორქუთი
ამასიის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1483
მმართ. დასასრული: 24 აპრილი, 1513
წინამორბედი: ბაიაზიდ II
მემკვიდრე: შეჰზადე მუსტაფა
სულთანი: ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1465
დაბ. ადგილი: ამასია, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1413
გარდ. ადგილი: ბურსა, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მურადი, ალაუდინი, სულეიმანი, ოსმანი, ალი, მეჰმედი, ქასიმი
ქამარ-უს სულთანი, ფატმა სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: ბაიაზიდ II
დედა: ბიულბიულ ხათუნი
რელიგია: ისლამი

შეჰზადე აჰმედი (თურქ. Şehzade Ahmed; დ. 1465, ამასია — გ. 24 აპრილი 1513, ბურსა) — ოსმალეთის სულთნის, ბაიაზიდ II-ისა და მისი ხარჭის, ბიულბიულ ხათუნის ვაჟი. მანისისა და ამასიის სანჯაყების მმართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედი დაიბადა 1465 წელს, ამასიაში, როცა ოსმალეთის სულთანი იყო მეჰმედ II. მისი მამა, ბაიაზიდი ტახტზე ავიდა 1481 წელს. აჰმედს ჰყავდა ორი ძმა: ქორქუთი და სელიმი. ოსმალური ტრადიციის მიხედვით, შეჰზადეს ანატოლიაში მდებარე ერთ-ერთი სანჯაყი უნდა ემართა. 1481 წელს ბაიაზიდმა იგი მანისის სანჯაყის მმართველად დანიშნა. 1483 წელს ბაიაზიდმა მანისაში ქორქუთი გაუშა, ხოლო აჰმედი დაინიშნა ამასიის სანჯაყის მმართველად. მათი უმცროსი ძმა, სელიმი ცოტა ხანში ტრაპიზონის მმართველად დაინიშნა. ქორქუთს ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ის, რომ მას ჰქონდა იმდროინდელი დიდი ვეზირის, ჰადიმ ალი-ფაშას მხარდაჭერა.

ყველაზე ბედნიერი ის შეჰზადე იყო, რომელიც მართავდა დედაქალაქთან მდებარე უახლოეს სანჯაყს. მამის გარდაცვალების შემდეგ, ვინც უფრო მალე იქნებოდა დედაქალაქში, მას უფლება ჰქონდა დაეკავებინა სულთნის ტახტი და ამაში ვერავინ შეედავებოდა. ითვლებოდა, რომ ვისაც მბრძანებელი დედაქალაქთან მდებარე უახლოეს სანჯაყში გააგზავნიდა, სწორედ ის იყო მისი რჩეული და სურდა, რომ ტახტზე ის შეჰზადე ასულიყო. 1502 წელს სულთან ბაიაზიდმა შეჰზადე ქორქუთი თექეს (დღევანდელი ანტალია) მმართველად დანიშნა. შედეგად, აჰმედის სანჯაყი დედაქალაქთან ძმების სანჯაყებთან შედარებით უფრო ახლოს აღმოჩნდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქორქუთის შემდეგ ბაიაზიდის რჩეული კვლავ აჰმედი გახდა.

ბრძოლა ტახტისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა სელიმმა დაინახა, რომ ბაიაზიდს ტახტზე აჰმედის აყვანა სურდა და მიხვდა, რომ რამე უნდა მოემექმედებინა. ის მივიდა მამასთან და სთხოვა, რომ გაეგზავნა რუმელიის სანჯაყში, რომელიც მდებარეობდა ოსმალეთის ევროპულ ნაწილში და ახლოს იყო დედაქალაქთან. მან მიიღო მტკიცე უარი ბაიაზიდისგან, მაგრამ მიიღო სემენდირის სანჯაყი. ამ სანჯაყში სელიმის გაგზავნა ბაიაზიდს ურჩია სელიმის სიმამრმა, ყირიმის ხან მენგლი I-მა. სელიმი ამ სანჯაყში არ გაემგზავრა, რადგან ის მაინც შორს იყო დედაქალაქისგან და დარჩა ტრაპიზონში. ბაიაზიდმა ეს ამბოხებად მიიჩნია და სელიმს ომი გამოუცხადა. 1511 წლის აგვისტოში, სელიმის არმია ბაიაზიდის არმიასთან სასტიკად დამარცხდა. ბაიაზიდს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი სიკვდილით დასჯა, თუმცა სელიმმა გაქცევა მოახერხა და თავი ყირიმს შეაფარა.[1]

სანამ ბაიაზიდი სელიმს ებრძოდა, აჰმედს შაჰქულუს აჯანყების ჩახშობა დაევალა დიდ ვეზირ ჰადიმ ალი-ფაშასთან ერთად. მასთან ერთად ქორქუთიც იმყოფებოდა. თუმცა, ბრძოლის ველზე აჰმედმა მოლაპარაკებები გამართა მოწინააღმდეგის არმიასთან. ის ჰპირდებოდა, რომ ბრძოლა არ იქნებოდა, თუ ისინი გადავიდოდნენ მის მხარეს და დაეხმარებოდნენ ტახტზე ასვლაში, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა ამბოხებაშიც. მაგრამ შაჰქულუმ უარი განაცხადა და მათ შორის ბრძოლა შედგა. აჰმედმა გაიმარჯვა. ბრძოლის ველზე დაეცა დიდი ვეზირი ჰადიმ ალი-ფაშა, რის შედეგადაც შეჰზადე ქორქუთმა ძალზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დაკარგა.

როგორც კი აჰმედმა გაიგო, რომ სელიმი დამარცხდა, მაშინვე ეგონა, რომ აღარ ჰყავდა ტახტის მოცილე და ამბოხება დაიწყო. ის თავს ანატოლიის სულთნად თვლიდა და მამის ტახტიდან ჩამოსაგდებად დედაქალაქისაკენ მიემართებოდა. როგორც კი შვილის ასეთი ურჩობის შესახებ ბაიაზიდმა გაიგო, მაშინვე უბრძანა, რომ დაბრუნებულიყო საკუთარ სანჯაყში, მაგრამ აჰმედი ითხოვდა, რომ დანიშნულიყო კონიის სანჯაყ-ბეიდ, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. შედეგად, აჰმედმა დედაქალაქისკენ სვლა განაგრძო, თუმცა მისდა მოულოდნელად, მისი ჯარი გადაუდგა და უარი განაცხადა დედაქალაქში წასვლაზე. აჰმედი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი სელიმმა გაიგო და სასწრაფოდ დაბრუნდა დედაქალაქში. ბაიაზიდს ძალიან ეშინოდა აჰმედის. სელიმმა მას ულტიმატუმი წაუყენა. ის ითხოვდა, რომ ბაიაზიდი ტახტიდან გადამდგარიყო და სულთნად იგი ეღიარებინა, ხოლო შემდეგ ის შეჰპირდა, რომ დაამარცხებდა აჰმედს. 1512 წლის, 25 აპრილს ბაიაზიდი გადადგა სელიმის სასარგებლოდ. სელიმი ტახტზე ავიდა სელიმ I-ის სახელით.[2][3]

სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმის მმართველობის პირველ თვეებში აჰმედი განაგრძობდა ანატოლიის კონტროლს. 1513 წლის 24 აპრილს იენიშეჰირთან ახლოს სელიმისა და აჰმედის არმიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სელიმის ჯარის სიმრავლის გამო აჰმედის არმია დამარცხდა. თავად აჰმედი სელიმმა იგდო ტყვედ და ცოტა ხანში მისივე ბრძანებით აჰმედი ბურსაში სიკვდილით დასაჯეს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე აჰმედს ჰყავდა ათი შვილი — შვიდი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმანი, ალი და მეჰმედი სიკვდილით მამასთან ერთად დაისაჯნენ, აჰმედის სამი ვაჟი სიკვდილით კაიროში დაისაჯა. ხოლო ყველაზე უფროსმა — მურადმა, რომელიც ისმაილ I-ის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული, თავი სიმამრის სასახლეს შეაფარა.

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქამარ-უს სულთანი — 1508 წელს დაქორწინდა დამატ მეჰმედ შალაბი ბეიზე, მუსტაფა ბეის ვაჟზე.
  • ფატმა სულთანი — 1508 წელს დაქორწინდა დამატ მეჰმედ ბეიზე, ქოჯა დავუდ-ფაშას ვაჟზე.
  • სახელი უცნობია — 1508 წელს დაქორწინდა დამატ სულეიმან ბეიზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt II, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 pp 226-231
  2. Joseph von Hammer: Geschichte der osmanischen Dichtkunst (condensation Mehmet Ata) Millitet yayınları, İstanbul pp 229-236
  3. NicolaeJorga:Geschichte des Osmanischen, (trans. by Nilüfer Epçeli), Yeditepe yayınevi, İstanbul, ISBN 975-6480-19-x, p.263-264