შინაარსზე გადასვლა

შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“
დამდგმელი რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი
სცენარის ავტორი ძმები ვაინერები
როლებში ვლადიმერ ვისოცკი,
ვლადიმირ კონკინი,
არმენ ჯიგარხანიანი
კომპოზიტორი ევგენი გევორქიანი
ოპერატორი ლეონიდ ბურლაკა
სტუდია ოდესის კინოსტუდია,
მეორე შემოქმედებითი გაერთიანება
გამოსვლის თარიღი 1979
ხანგრძლივობა 390 წუთი (5 სერია)
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

„შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“ (რუს. „Место встречи изменить нельзя“) — საბჭოთა ხუთსერიიანი, მძაფრსიუჟეტიანი, დეტექტიური სატელევიზიო მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია სტანისლავ გოვორუხინი. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 1978-1979 წლებში.

ფილმის სცენარი არკადი და გიორგი ვაინერებს ეკუთვნის და დაფუძნებულია მათივე რომანის „მოწყალების ერა“ სიუჟეტზე. სურათში მოქმედება ხდება ომის შემდგომ მოსკოვში, სადაც ბანდა „შავი კატა“ მოქმედებს. მის დაჭერაში მონაწილეობენ მოსკოვის სამძებრო განყოფილების (МУР) ბანდიტიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, კაპიტან ჟეგლოვის ხელმძღვანელობით. ფილმის სიუჟეტი ეხმიანება ივან მიტინის კრასნოგორსკის ბანდის რეალურ ისტორიას, რომელიც 1950-იანი წლების დასაწყისში მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში ძარცვებსა და მკვლელობებს ეწეოდა.

პავილიონის სცენები ძირითადად ოდესის კინოსტუდიაში გადაიღეს. მთავარი როლები შეასრულეს ვლადიმერ ვისოცკიმ და ვლადიმირ კონკინმა. ფილმში ასევე მონაწილეობენ არმენ ჯიგარხანიანი, სერგეი იურსკი და სხვა ცნობილი საბჭოთა მსახიობები.

ჟეგლოვის და შარაპოვის ძეგლი კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

სურათს არ აქვს კინემატოგრაფიული ჯილდოები. ფილმის შემქმნელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დიპლომები მიიღეს, ხოლო ვისოცკიმ სამჯერ მიიღო ჯილდო კაპიტანი ჟეგლოვის როლის შესრულებისთვის: 1981 წელს ერევანში IX საკავშირო კინოფესტივალზე - სპეციალური დიპლომი და ჟიურის პრიზი, 1987 წელს - სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1998 წელს - რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემია. 1999 წელს ვლადიმერ კონკინს მიენიჭა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიზი შარაპოვის იმიჯის შექმნისათვის. პერსონაჟების ცნობილმა ფრაზებმა შეავსო პოპულარული გამონათქვამებისა და აფორიზმების ლექსიკონები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]