შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“
心中天網島

პირველი ქართული გამოცემის ყდა
ავტორი ტიკამაცუ მონძაემონი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი პიესა
გამოცემის თარიღი 1720

„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (იაპონ. 心中天網島; შინჯუ ტენ ნო ამიჯიმა ან შინჯუტენ ნო ამიჯიმა) — იაპონელი დრამატურგის, მონძაემონ ჩიკამაცუს, სამმოქმედებიანი პიესა, რომელიც თავდაპირველად ბუნრაკუს თოჯინების თეატრისთვის დაიწერა და მალევე ადაპტირდა კაბუკიშიც. მიიჩნევა, რომ ის ავტორის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული დადგმაა.[1][2] დონალდ კინმა, იაპონური წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა და მთარგმნელმა, იგი მოიხსენია, როგორც „ჩიკამაცუს შედევრი“.[3]

პიესის პრემიერა მისი დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1720 წლის 9 დეკემბერს შედგა. ისევე, როგორც შეყვარებულთა თვითმკვლელობა სონეძაკიში — ავტორის სხვა, არანაკლებ ცნობილი პიესა — სავარაუდოა, რომ ზემოხსენებულიც რეალური სასიყვარულო ისტორიით იყოს შთაგონებული, ანუ ე.წ. შინჯუთი, თუმცა ეს ფაქტი არ არის დადასტურებული, მიუხედავად მრავალი ხელნაწერის შესწავლისა. არსებობს ვერსია, რომ ავტორმა პიესის იდეა კონკურენტი მწერლისგან, კინო კაიონისგან ისესხა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები მოგვითხრობს ორი შეყვარებულის ამბავს, რომელთაც სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გამო ერთად ყოფნა ეკრძალებათ, შედეგად, ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ დარჩენიათ, ერთობლივი თვითმკვლელობაა, ე.წ. შინჯუ, იმ იმედით, რომ სხვა ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. ნაშრომი ეხება საკმაოდ მშფოთვარე და მძაფრ ემოციებს. „არც კარგ რჩევას და არც მიზეზს ძალუძს, მიიპყროს შინიგამით შეპყრობილის ყური“ — ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელიც ნაწარმოებს ბოლომდე თან სდევს. მიუხედავად იმისა, რომ პიესა შეიცავს გარკვეულ იუმორნარევ ტონს, მისი სიუჟეტი ბნელი აზრებისა და ნათელის, სადღესასწაულოს კონტრასტულ ნაზავს წარმოადგენს. ჩიკამაცუ აუდიტორიის გასართობად იყენებს ნედლ იუმორსა და სიმღერის სცენებსაც. „ჯიჰეი იმდენადვე უსარგებლოა, როგორც ძველი ფურცლები, რომელთაც საკუთარი ცხვირითაც ვერ შეუბერავ. ნამიდა! ნამიდა! ნამიდა!“. ესაა ტიპური სამმოქმედებიანი პიესა. ჩიკამაცუ ყურადღებას ამახვილებს სასიყვარულო წყვილის, ჯიჰეისა და კოჰარუს, სიგიჟით აღსავსე სასიყვარულო კავშირზე. ლამაზი და ტრაგიკული პანორამების შემცველი სპექტაკლი მთავრდება იმით, რომ ჯიჰეი კლავს კოჰარუს საკუთარი ხმლით, ხოლო თავად თავს იხრჩობს. სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტრიქონი მისი ბოლო სიტყვებია: „არ დატოვოთ ცრემლის კვალი ჩვენს მკვდარ სახეებზე!“. პერსონაჟთა ცხოვრებას უკვე თავიდანვე უბედურ ელფერი დაჰკრავს, რადგან ისინი სიღარიბეში ცხოვრობენ. ჯიჰეის სჭირდება თავისი ენერგიის ფოკუსირება სხვა რამეზე, გარდა მისი უბედური ცხოვრებისა და სუსტი კავშირების გარდა, ამიტომ ის დასახლდება ქალაქის გარეუბანში. პიესის მოქმედება საკმაოდ რთულ პერიოდში მიმდინარეობს, კერძოდ XVII საუკუნეში დაწყებული ექსპანსიისას. ამ დროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილს ებრძოდა და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ოჯახები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი, რათა გადაერჩინათ საკუთარი თავები. სწორედ ამ დროს, ჯიჰეი მიილტვის საკუთარ ცხოვრებაში უფრო მეტისკენ და სხვადასხვა ბიზნეს წარუმატებლობისდა მიუხედავად, სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს კურტიზან კოჰარუსთან.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჰარუ 19 წლის კურტიზანი ქალია, რომელსაც უკვე დაოჯახებული ჯიჰეი შეუყვარდება. ჯიჰეი ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა და ამის გამო იგი საკუთარ ოჯახს ვალებშიც კი ჩააგდებს. როცა ისინი იაზრებენ, რომ მათი ერთად ყოფნა თითქმის შეუძლებელია, ისინი ერთმანეთს უთანხმდებიან, რომ ე.წ. შინჯუს პროცესიას, ანუ ერთობლივ თვითმკვლელობას მიმართავენ. ამის შემდეგ, კოჰარუ რიგით სამურაისთან აბამს კავშირს, რომელსაც გამოუტყდება იმაში, რომ სიკვდილი არ უნდა და იმ  იმედით რომ სამურაი მას დაეხმარება, იგი ცოტა ხნით დროს მასთან დაჰყოფს. კოჰარუ სთხოვს მას, დარჩეს მასთან და იყოს მისი კლიენტი ერთი წლის განმავლობაში, რაზეც სამურაი თანხმდება, თუმცა ამ საუბრის მომსმენი გაშმაგებული ჯიჰეი გადაწყვეტს, შეიპყრას კოჰარუ და მოკლას იგი. ის ამ გეგმას ვერ განახორციელებს, მალევე კი გაიგებს, რომ ზემოხსენებული სამურაი მისი ღვიძლი ძმაა, ამ უკანასკნელთან საუბრის შემდეგ კი იგი ამბობს, რომ მისი ურთიერთობა კოჰარუსთან დამთავრდა.

მეორე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სცენა იხსნება იმით, რომ ჯიჰეის ძმა სამურაი, სახელად მაგოემონი, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ეწვევა ჯიჰეის და მის ოჯახს. სამურაის მეუღლე ამბობს, რომ მას მოსმენილი აქვს გარკვეული ჭორები ჯიჰეისა და კოჰარუს ურთიერთობის შესახებ. ჯიჰეის აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა მოიტყუოს და თქვას, რომ ის სულ სხვა პიროვნება იყო და არა კოჰარუ. მალე ჯიჰეი იძულებული გახდება საბუთებით გაამყაროს საკუთარი არგუმენტი იმის შესახებ, რომ მას სხვა გარე ურთიერთობები არ ჰქონია. ოსანმა, ჯიჰეის მეუღლემ, თქვა, რომ მან კოჰარუსადმი გაგზავნილ წერილში მოუწოდა ამ უკანასკნელს, გასცლოდა საკუთარ მეუღლეს, რაზეც კოჰარუ დათანხმდა. ოსანს სჯერა, რომ კოჰარუ, დიდი ალბათობით, თავს მოიკლავს, თუ ის ჯიჰეის აღარ ნახავს, ამიტომ იგი ჯიჰეის მოუწოდებს, წავიდეს და უშველოს მას. ოსანი მთლე თავის დანაზოგს ახმარს ჯიჰეის წასვლასა და კოჰარუს თვითმკვლელობისგან დახსნის მცდელობას.

მესამე მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჰეის ძმა, სამურაი მაგოემონი, დამწუხრებულია მოსალოდნელი საშიშროების გამო და სურს, თავიდან აიცილოს მომავალი „ერთობლივი თვითმკვლელობის“ მცდელობა, თუმცა ჯიჰეი თავს მაინც იკლავს. ჯიჰეი და კოჰარუ გადაწყვეტენ, განსხვავებულ ლოკაციებზე მოიკლან თავი, რათა გამოჩნდეს, რომ კოჰარუს საკუთარი პირობა არ დაურღვევია ოსანის, ჯიჰეის მეუღლის წინაშე. ჯიჰეი კლავს კოჰარუს მის სხეულში მახვილის ორჯერ ჩასობით, რის შემდეგაც იგი თავადე იკლავს თავს ახლომდებარე ხეზე თავის ჩამოხრჩობით. დადგმა მთავრდება იმით, რომ უბედური შემთხვევის მეორე დღეს რიგითი მეთევზე იპოვის შეყვარებულთა გვამებს.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონელმა, ახალი ტალღის კინორეჟისორმა, მასაჰირო შინოდამ 1969 წელს პიესის ეკრანიზაცია, სათაურით „ორმაგი თვითმკვლელობა“, გადაიღო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shirane, Haruo (2002-07-10). Early Modern Japanese Literature: An Anthology, 1600-1900 (en). Columbia University Press, გვ. 313. ISBN 9780231507431. 
  2. Nichols, Robert (2010-10-18). Masterpieces of Chikamatsu: The Japanese Shakespeare (en). Routledge, გვ. 42. ISBN 9781136913426. 
  3. Keene, Donald (1999). World Within Walls: Japanese Literature of the Pre-modern Era, 1600-1867 (en). Columbia University Press, გვ. 258. ISBN 9780231114677.