შემოქმედის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შემოქმედის საეპისკოპოსო)
შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი

შემოქმედის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსო. მოიცავს გურიის მხარეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავროს შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედის საეპისკოპოსო იყო გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია ჯუმათის საეპისკოპოსოსა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოსთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე გიორგი გურიელისა და მისი მეუღლე ელენეს ძალისხმევით. მოიცავდა შუა გურიას (ტერიტორია მდინარეებს სუფსასა და ჩოლოქს შორის).

პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და სუფსასა და ჩოლოქს შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.

პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს, 1572 წელს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონი იყო ერთ-ერთი მოთავე შემოქმედის მონასტერში ზარზმის ეკლესიის მშენებლობისა. იქვე შემორჩენილია მისი გამოსახულება. ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე (1635 წლამდე) იყო. მან 1634 წელს გურიაში ჩამოიყვანა ქრისტეფორე კასტელი და სხვა კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე და 1639-57 წლებში. მისი ეპისკოპოსობის დროს შემოქმედის ეკლესია მინაშენით გაფართოვდა.

შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ ის 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყლოეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.

1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე მალაქია II გურიელი დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ მამია III გურიელმა, შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1703-1713). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა. 1713-1775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. ნიკოლოზის მღვდელმთავრობის პერიოდი გამოირჩევა გამოცოცხლებით, ეწეოდა ძველი ჯვარ-ხატების განახლებასა და შემკობას. ნიკოლოზი ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, ის ეხმარებოდა მამია IV გურიელს ერეკლე II-სთან მოლაპარაკებებში მისი ძმის, გიორგი გურიელის წინააღმდეგ. მონაწილეობდა1759 და 1761 წლის საეკლესიო კრებებში.

რუსეთ-ოსმალეთის ომმა 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი მაქსიმე II გურიაში ჩავიდა და გიორგი V გურიელთან შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.

1788 წლის 3 მაისს იოსები ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინა ვახტანგ III გურიელმა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ ბატონიშვილი იყო. იოსები შემოქმედელ მიტროპოლიტადაც იხსენიებოდა. 1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა. იოსებ თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1794 წლიდან შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე მოწყობილს მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა. 1794-1820 წლებში საშემოქმედლო ყმა-მამული ქაიხოსრო ბატონიშვილმა დაიკავა.

მეფის რუსეთის დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1811-1827 წლებში შემოქმედელი მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ II შერვაშიძე, ქაიხოსრო ერისთავის ძე, მაგრამ ამ დროს შემოქმედში საეპისკოპოსო კათედრა აღარ იდგა და გურიაში მხოლოდ ერთი, ჯუმათის ეპარქია იყო დარჩენილი. შემოქმედის ეპარქიის აღდგენის მცდელობა იყო 1819 წელს, როცა სვიმონ შემოქმედელი დასვეს ეპისკოპოსად, მაგრამ ეს ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, რადგან რუსეთის იმპერიის ინტერესებში არ შედიოდა შემოქმედიის ეპარქიის აღდგენა, რამდენადაც მას კურსი ეპარქიების შემცირებისკენ ჰქონდა აღებული.

ნიკოლოზ შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა, ჯუმათის ეპარქია გაუქმდა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა ეპარქია ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ 1833 წელს, შემოქმედის ეპარქია იმერეთის ეპარქიას არ შეუერთეს. ამ დროისთვის შემოქმედის ეპარქიაში შედიოდა 45 ტაძარი, რომელთაგან ყველა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.[1] მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვალებამდე, 1842 წლამდე. ასე გაგრძელდა 1844 წლამდე, გურიის ეპარქიის დაარსებამდე. 1885 წლის 12 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპარქია გაერთიანდა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის დებულების მიხედვით გურიის ყველა ყოფილი საეპისკოპოსო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ფარგლებში მოექცა. კათედრა დადგინდა ბათუმში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გურიის ტერიტორიაზე 130-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.[2] 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. ილია II შემოქმედის ეპარქიას განაგებდა 1967 წლის 1 სექტემბრამდე. შემდგომ ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიები გაერთიანდა ერთ ეპარქიად. 1967-1977 წლებში მისი ეპისკოპოსი იყო რომანოზ პეტრიაშვილი.[3]

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკათედრო ტაძარი ქ. ოზურგეთში

1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს გურიის მხარეს. ეპისკოპოსის რეზიდენცია დიმიტრი გურიელის სასახლეში განთავსდა. 1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი მეუფე იოსები დაინიშნა.

1987-დან 1995 წლამდე გურიაში რვა ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, აჭის, ლიხაურის, კვირიკეთის, დვაბზუს, ჯიხეთის მონასტერი, ჩოხატაურის, უდაბნოს სავანე. დღეს წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის 78 ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

ეპისკოპოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად შემოქმედის ეპარქიაში გარდა ეპარქიის ცენტრის, შემოქმედის ეკლესიისა, 45 ტაძარი შედიოდა. მათი ნუსხა 1828 წელს შეადგინა არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 712.
  • ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006, ISBN 99940-11-89-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. VIII გვ. 442
  2. კვესელავა ი., „ანტირელიგიური ღონისძიებანი საქართველოში“ ჟურნალი „მაცნე” №1, გვ. 76. — თბილის, 1979
  3. ეჯიბიშვილი მ. „საქართველოს ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების პერიოდში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 274-33 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154