შინაარსზე გადასვლა

შემოქმედის მაცხოვრის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემოქმედის მაცხოვრის ხატი, დ. ერმაკოვი №126

შემოქმედის მაცხოვრის ხატი — მაცხოვრის, ოქროს პერანგიანი ხატი (45x34 სმ.), ჩასმულია 1 არშინი და 4 ვერშოკის სიგრძისა და 1 არშინი სიგანის (90x72 სმ) მეორე დიდ ხატში, რომელიც მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით. მასზე რელიეფურად გამოსახული იყო წმინდანები. ხატი ინახებოდა შემოქმედის მონასტერში და თარიღდება XVII საუკუნით. ამჟამად ხატი დაკარგულია.

1847-1848 წელს მარი ბროსემ იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, თუმცა ის გურიაში არ იმყოფებოდა. მას გურიის ტექსტები მიაწოდეს მიქაელ ბარათაშვილმა და ადამ ტრჟასკოვსკიმ, რომლებიც თავის 1851 წელის ნაშრომს თან დაურთო.[1]

1870 წელს ხატი ინახულა და გადაიღო დიმიტრი ერმაკოვმა. მარი ბროსე აღნიშნულ ხატს აღწერს, როგორც დიმიტრი ერმაკოვის ფოტო №126-ს.[2] ხატი, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში გვხვდება ასევე №13464 ფოტოზეც.

1873 წელს ხატი ინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, ხოლო 1890 წელს თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმაც შეიტანა. ხატზე მოხსენიებულნი არიან: გიორგი II გურიელი, მისი მეუღლე ელენე და ძე მამია II გურიელი, ასევე შემოქმედის წინამძღვარი სერაპიონი (მაჭუტაძე), შემოქმედელი მალაქია ბატონიშვილი, შემოქმედელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), იესე კანდელაკი და გულშან ცეცხლაძის ასული.

დიდი ხატის წინ ქვემო არშიაზე იკითხებოდა შემდეგი ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„ႾႠႲႭ: ႶႤႡႨႱႠႭ: ႸႤ: ႢႨ: ႢႳႰႨႦႨ: ႣႠ: ႧႠ: ႫႤႺႤႣႤ: ႫႠႧႨ: ႣႤႣႭႴႠႪႨ: ႤႪႬႤ: ႣႠ: ႻႤ: ႫႠႧႨ: ႫႠႫႠႨ: ႹႤႬ: ႼႨႬႠႫႻႶႥႰႫႠႬ: ႱႤႰႠႮႨႳႬ: ႫႠႽႳႲႠႻႤႫႬ: ႸႤႥႠႫႩႭႡႬႤႧ: ႾႠႲႨ: ႤႱႤ: ႶႫႰႧႤႡႨႱႠ: ႠႧႭႰႫႤႲႧႠ: ႱႠႳႴႪႭႧႠ: ႰႠ: ႫႤႭႾ: ႢႤႵႫႬႤႱ: ႣႶႤႱႠ: ႫႠႱ: ႢႠႬႩႧႾႥႨႱႠႱႠ: ႣႠ: ႸႤႫႰႺႾႳ: ႫႤ: ႫႠႰႿႬႤႧႠ: ႧႠႬႠ: ႠႬ:“
(ხატო ღვთაებისაო შეიწყალე გიორგი გურიელი და თანამეცხედრე მათი დედოფალი ელენე და ძე მათი მამიაი, ჩვენ წინამძღვარმან სერაპიონ მაჭუტაძემან შევამკობინეთ ხატი ესე ღვთაებისა ათცამეტთა საუფლოთა რათა მეოხ გვექმნეს დღესა მას განკითხვისასა და შემრაცხო მე მარჯუენეთა თანა. ამინ.)

თვით მაცხოვრის შუახატზე წინ ქვევით იყო ანაბეჭდი უკვე აძრობილი არშიის ხეზე:

ვიკიციტატა
„მაცხოვარო მეუფეოდა ხატო ღთაებისაო მოწყალე ექმენ და იხსენ ყოვლისა სატანჯველისაგან ძე გურიელისა პატრონისა მამიასი ფრიად ცოდვილი შემოქმედელ მიტროპოლიტი ნიკოლოზ, რომელმან განაახლა ხატი ესე შენი და დაასვა თავსა ზედა მრავალ ფასი თვალი.“

ზურგის მხარეზე ვერცხლის გარსამოსზე იკითხებოდა ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„Ⴕ჻ ႷႣ჻ ႻႪႨႤႰႭ჻ ႶႭ჻ ႣႠ჻ ႱႨႲႷႠႭ჻ ႶჂႭ჻ ႹႫႭ჻ ႲႬႭ჻ ႶႧႠႤႡႠႭ჻ ႧႠႡႰႱ჻ ႢႬႡႰႻႷႨႬႥႤႡႳႪႭ჻ ႾႲႭ჻ ႶႧႡႱႠႭ჻ ႫႺႾႥႰႭ჻ ႮႰႭ჻ ႶႧႨႱႠႭ჻ ႣႠႺႤႥ჻ ႭႰႧႠႥႤ჻ ႸႠ჻ ႺႾႰႡႠႧႠ჻ ႱႦႨႧ჻ ႣႠ჻ ჄႰႺႨႧ჻ ႸႤႫႵႫႣႪႨ჻ ႡႲႬႨႱ჻ ႸႥႨႪႨ჻ ႡႲႬႨ჻ ႫႪႵႨႠ჻ ႰႪႨႱႠ჻ ႡႰႻႬႡႨႧႠ჻ ႫႭႨႽႤႣႠ჻ ႦႳႰႢႨ჻ ႤႱႤ჻ ႮႲႨႭႱႬႨႱႠ჻ ႾႲႨႱႠ჻ ႸႬႨႱႠ჻ ႠႬ჻ ႣႠ჻ ႩႱႬ჻ ႵႰႬႩႬႱႠ჻ ႲႫႥ჻ ႣႣႱႠ჻ ႮႰႱႩႤႥႱႠ჻“
(ყოვლად ძლიერო ღმერთო და სიტყვაო ღვთისაო ჩემო ტნო ღვთაებაო თაბორს გაბრწყინვებულო ხატო ღვთაებისაო მაცხოვარო, პირო ღვთისაო დაიცევ ორთავე შინა ცხოვრებათა სულით და ხორცით შემოქმედელი ბატონის შვილი ბატონი მალაქია, რომლისა ბრძანებითა მოიჭედა ზურგი ესე პატიოსნისა ხატისა შენისა ამინ და კირიელეისონ. ქორინიკონსა 346 (1658) დიდსა პარასკევსა.)

ზურგის ქვემო ნაწილზე:

ვიკიციტატა
„ღვთაებისა უცვალო ხატო იხსენ წახდენისა და წაწყმედისა შემოქმედელ მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე და ძმა მისი კანდელაკი იესე მეუღლითურთ და ძით და რძლით და ასულითურთ. ამინ.“

ხოლო ზურგის არშიაზე იკითხებოდა:

ვიკიციტატა
„ႶႭ჻ ႸႤ჻ ႢႳႪႸႠႬ჻ ႺႤႺႾႪႠႻႨႱ჻ ႠႱႳႪႨ჻ ႠႬ჻“
(ღმერთო შეიწყალე გულშან ცეცხლაძის ასული ამინ.)