შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში
შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა – ირანის შაჰის, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლის თამაზ I-ის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეტაპი. ლაშქრობა გაიმართა 1554 წელს.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაჰ-თამაზის ძირითადი ძალების გასვლისთანავე ლუარსაბ მეფემ ქართლში ჩაყენებული ყიზილბაშები გაწყვიტა და თბილისიც გაათავისუფლა. 1552 წელს სიონის ტაძრისთვის ბოძებულ სიგელში ლუარსაბ მეფე აღნიშნავს, რომ
„ჟამთა ვითარებისაგან უღმრთოთა აგარიანთა მიერ წარმახულსა ტახტსა ჩუენსა ტფილისს სახდომად თქუენი ძალით კულავ ვეგენით“
|
ჩვენ შევედით საქართველოს დედაქალაქში და
„განვწმინდეთ წმინდითა აიაზმითა პირველად დიდებული და პატიოსანი ტაძარი თქუენი და კუალად ყოველნი ეკლესიანი ტფილისისანი.“
|
მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუარსაბის ასეთი წარმატებით შეშფოთებული შაჰ-თამაზი 1554 წელს ქვემო ქართლში, საბარათიანოში შემოიჭრა. ლუარსაბ მეფემ სათანადო თადარიგი დაიჭირა. მან მოსახლეობა ციხესიმაგრეებსა და მიუვალ მთებში გახიზნა, თვითონ ერთ-ერთ ციხეში გამაგრდა და იქიდან ქვეყნის თავდაცვას ხელმძღვანელობდა. სახიზრებისა და ციხესიმაგრეების წინააღმდეგ მებრძოლი ყიზილბაშები დიდ ზარალს ნახულობდნენ, მაგრამ მაინც შეუპოვრად იბრძოდნენ და ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. შაჰ-თამაზის ჯარებმა თანდათანობით მთელი საბარათიანო დაიკავეს, მაგრამ ლუარსაბ მეფე მაინც ხელიდან გაუსხლტდათ და მისი შეპყრობა ვერც ამჯერად შეძლეს. ლუარსაბი შიდა ქართლში გადავიდა და ქვეყნის ამ ნაწილის გამაგრებას შეუდგა. ყიზილბაშებს აქაც დიდი ბრძოლების გადახდა დასჭირდათ. მათ ხელახლა დაიკავეს თბილისი, ააოხრეს მცხეთა და ბრძოლით გორისაკენ გაემართნენ, რადგან ლუარსაბ მეფე იქ ეგულებოდათ. მომხდურებმა შემუსრეს გორის ციხე, მაგრამ ლუარსაბი მაინც ვერ შეიპყრეს შაჰ-თამაზმა ჯარები მახლობელ ციხეებს შეუსია. მან აიღო წედისის ციხე და მთელი ძალით ატენისაკენ დაიძრა, რადგან შეიტყო, რომ აქ თავშეფარებული იყო ლუარსაბის დედა და ბევრი თავადის ცოლ-შვილი. ამათი ხელთ გდებით იგი თვით მეფის დამორჩილებასაც ვარაუდობდა.
ატენის ციხე მიუვალ კლდეზე იყო აღმართული და მისი აღება იერიშით შეუძლებელი შეიქნა. ციხეში მყოფმა ქართველებმა მრავალი ყიზილბაში ამოწყვიტეს. როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს
„ციხის აღება გაძნელდა, არც სიბა მიიტანებოდა, არც შეეთხრებოდა, არც სითმე ზარბაზანი მიუდგებოდა.“
|
თანაც ციხე ფარული წყალსადენით წყაროს წყლით მარაგდებოდა. მაგრამ ყიზილბაშებს აქ ერთი ქართველის სულმოკლეობამ უშველა. მათ შემთხვევით დაატყვევეს ციხიდან გამოსული დედოფლის მსახური კავთისხეველი ვინმე ბეთიაშვილი, რომელმაც სიკვდილის შიშით მტერს წყაროს სათავე უჩვენა. ყიზილბაშებმა ციხეს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს და უწყლობით შეწუხებული მეციხოვნენი ბოლოს და ბოლოს მტერს დანებდნენ.
ძვირფასი ტყვეების ხელთ გდებით გახარებული შაჰ-თამაზი აიყარა და სასწრაფოდ ირანისკენ გაეშურა. მას თან 30 000 ტყვე, მრავალი თავად-აზნაურის ოჯახობა და მეფის მოხუცი დედა მიჰყავდა. შაჰს იმედი ჰქონდა, რომ ამ ტყვეებით მეფე ლუარსაბზე ზემოქმედებას მოახდენდა. აჩაბეთის ციხეში მდგომმა ლუარსაბ მეფემ, როგორც კი გაიგო დედის დატყვევების ამბავი, დაედევნა უკუქცეულ მტრის ლაშქარს, რამდენიმეჯერ შეება კიდეც მის არიერგარდს, მაგრამ უშედეგოდ. ყიზილბაშებს დიდი ზიანი მიაყენა თუმცა, დედა და სხვა ტყვეები ვერ დაიხსნა. შაჰ-თამაზმა ისინი წინ გაუშვა და თვითონაც სასწრაფოდ გაეცალა ქართლს. ლუარსაბის დედამ მტერს თავი სამშობლოს წინააღმდეგ სამოქმედო იარაღად არ აქცევინა. დედოფალმა საწამლავი დალია და თავი მოიკლა. ამრიგად, შაჰ-თამაზს ლუარსაბ მეფის დამორჩილეის ეს ხერხიც ჩაეშალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა საქართველოში
- შაჰ-თამაზის მეორე ლაშქრობა საქართველოში
- შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობა საქართველოში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2008 წ. გვ. 168-169