შაში
შაში — სპორტულ-სამაგიდო ინტელექტუალური თამაში ორი კაცის მონაწილეობით. შაშში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება 1897 წლიდან. შაშის მსოფლიო ფედერაცია (FMJD) შეიქმნა 1947 წელს.
თამაშის წესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშობენ მრგვალი მუქი და ღია ფერის კოჭებით კვადრატულ მრავალუჯრედიან დაფაზე (უჯრედები მონაცვლეობით შეღებილია მუქ და ღია ფერებად). არსებობს შაშის მრავალი სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დაფის უჯრედებისა და კოჭების რაოდენობით, ისე წესებით. ყველაზე ცნობილია ინგლისური (ამერიკაში ეწოდება ჩეკერსი), გერმანული, ესპანური, რუსული (12 კოჭი 64-უჯრედიან დაფაზე), ფრანგული, პოლონური (20 კოჭი 100-უჯრედიან დაფაზე) და კანადური (30 კოჭი 14-უჯრედიან დაფაზე) შაში. 100-უჯრედიანი ფრანგული შაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და საერთაშორისო შაში ეწოდა. თამაშის წესებით, კოჭი გადაადგილდება ერთ მუქ უჯრედზე დიაგონალურად წინ ნებისმიერი მიმართულებით. მეტოქის კოჭის მოსაკლავად, მოთამაშემ თავისი (მოკვლა შეიძლება წინ და უკან სვლით) კოჭი მოწინააღმდეგის კოჭზე უნდა გადაატაროს და დასვას მის შემდეგ თავისუფალ უჯრედზე, დაფის უკანასკნელ ჰორიზონტალურ ხაზამდე მიყვანილი კოჭი გადაიქცევა „დამკად“, რომელსაც ნებისმიერ მანძილზე შეუძლია გადაადგილება. თამაშის მიზანია მეტოქის კოჭების მოსპობა ან ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მათ არც ერთი სვლის საშუალება აღარ ექნებათ.
თამაშის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაში ერთ-ერთი უძველესი თამაშია მსოფლიოში. ქალაქ ურის (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ ძვ.წ. 3000 წლისთვის შაშის მსგავსი თამაში უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო. ეგვიპტეში, ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში ნაპოვნია შაშის ოცდაათუჯრედიანი დაფა. ძველბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის ნაშრომში მოყვანილი მითის მიხედვით, თამაში გამოიგონა ანტიკური პანთეონის ღმერთმა ჰერმესმა, რომელმაც მთვარის ღვთაებას შესთავაზა მასთან ეთამაშა და, თუ მოუგებდა, ხუთი დღე მიეცა. ჰერმესმა გაიმარჯვა, 5 დღე მიიღო და 360 დღეს დაუმატა, რაც ჯამში ერთ წელიწადს შეადგენს. სხვა ვერსიით, შაში გამოიგონა ძველბერძენმა გმირმა პალამედოსმა, რომელიც ქალაქ ტროის ალყაში მონანილეობდა. ალყა ათ წელიწადს გაგრძელდა და პალამედოსმა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად შაში გამოიგონა. საბერძნეთიდან შაში რომის იმპერიაში გავრცელდა, სადაც მას „ლატრუნკულის“ უნოდებდნენ („ლატრო“ - ლათ. მეომარი). თანამედროვე ტიპის შაში, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XII საუკუნის საფრანგეთში ჩამოყალიბდა. იქ მოხდა შაშის აღმოსავლური (მავრიტანული) ვარიანტის, ე.ნ. ალკერკის ერთგვარი სინთეზი ჭადრაკთან, კერძოდ, შემოიღეს ორფერი დაფა და კოჭების უჯრედებში განლაგება. თავდაპირველად დაფა ერთფერი იყო, კოჭებს კი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გადამკვეთ წერტილებში ათავსებდნენ. მოდერნიზებულ თამაშს ევროპაში „ლაზიერი" უწოდეს, რადგან კოჭი, რომელიც ბოლო ჰორიზონტალს მიაღწევს, ჭადრაკის ლაზიერივით შორს დადის. XV საუკუნეში, როდესაც ევროპაში საჭადრაკო ლაზიერს (სპარსულ „ვეზირს") დედოფალი, ანუ დამა უწოდეს, შეიცვალა შაშის სახელწოდებაც – ევროპული ენების უმეტესობაში მის დასახელებაში დღესაც ფიგურირებს „დამა". შუასაუკუნოვან ევროპაში შაში საკმაოდ პოპულარული იყო, ის მოხსენიებულია ბოკაჩოს „დეკამერონსა" და სერვანტესის „დონ კიხოტში“.
შაში საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში შაში XX საუკუნის 20-იან წლებში დაინერგა. 1970-იან წლებში კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ მაია მოსიძე და თამარ გამხიტაშვილი. 1991 წლიდან განახლდა საქართველოს ჩემპიონატები, ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მოშაშეა მამუკა ქავზიანიძე, რომელმაც ჰოლანდიის საერთაშირისო ტურნირსა და იტალიის ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 558.