შარლ II (ბურბონის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ II დე ბურბონი
Meister von Moulins 004.jpg
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1488
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი, 1488
წინამორბედი: ჟან II
მემკვიდრე: პიერ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1434
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1488
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: აგნეს ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ II დე ბურბონი (ფრანგ. Charles II de Bourbon; დ. 1434 — გ. 13 სექტემბერი, 1488) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნეს ბურგუნდიელის ვაჟი. კათოლიკე კარდინალი, ლიონის არქიეპისკოპოსი და კონსისტორიის წევრი. 1488 წლის 1 აპრილს უფროსი ძმის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ იგი ბურბონის ჰერცოგი ხდება, თუმცა სულ რამდენიმე თვეში თავადაც გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მისი უმცროსი ძმა, პიერ II ავიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლი დაიბადა 1434 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, აგნეს ბურგუნდიელის შუათანა ვაჟი. ვინაიდან მას უფროსი და ჯანმრთელი ძმა უკვე ჰყავდა, შარლს სასულიერო კარიერისათვის დაუწყეს მზადება და მონასტერში გააგზავნეს განათლების მისაღებად. 1444 წლის 6 ივნისს, 11 წლის შარლი ლიონის არქიეპისკოპოსად დაინიშნა. 1456 წელს შარლის მამა გარდაიცვალა, რის გამოც ბურბონის ჰერცოგი მისი ძმა, ჟან II გახდა.

შარლს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-თან და ისიც ცნობილია, რომ მიუხედავად მისი რელიგიური წოდებებისა, იგი ხშირად, დიდი სიამოვნებით ერთვებოდა სამეფო კარის ინტრიგებში. ვინაიდან იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო, ლუი XI-მ რომის პაპ პავლე II-ს იგი ჯერ ლუქსემბურგის, ხოლო შემდეგში მანის ეპისკოპოსად დაანიშნინა. იგი ასევე აქტიურად ერეოდა პოლიტიკაშიც, სწორედ ის იქნა გაგზავნილი ასწლიანი ომის დასრულებისას ინგლისთან მოლაპარაკებებისათვის, რასაც თავი დიდი წარმატებით გაართვა. ასევე მისი გავლენით, მისმა ძმამ ცოლად შეირთო მეფე ლუის და, ჟანა დე ვალუა, შემდეგ კი ისე მოახერხა, რომ ჟანა და ჟანი მომავალი მეფე შარლ VIII-ის ნათლიები გახდნენ, რითაც კიდევ უფრო დაუნათესავდნენ ბურბონები სამეფო ოჯახს. გარდა ინგლისელებთან წარმოებული საოცარი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, 1475 წელს შარლმა მეგობრული ურთიერთობები დაამყარა საფრანგეთსა და მეამბოხე ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ს შორის.

1472-1476 წლებში შარლი იყო თვით რომის პაპის ლეგატი ავინიონში. თუმცა, 1474 წლიდან შარლსა და პაპ სიქსტუს IV-ს შორის ურთიერთობები აირია, რის გამოც პაპმა თავისი ძმის შვილი, ჯულიანო დელა როვერე ჯერ ავინიონის ეპისკოპოსად, სულ ორ წელიწადში კი ლეგატად დანიშნა. ცნობილია, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი, პაპსა და ლუი XI-ს შორის კონფლიქტის წარმოშობისა. საბოლოოდ, მცირე შეტაკებების შემდეგ, ჯულიანო კვლავ ავინიონის ლეგატად რჩებოდა, თუმცა, სამაგიეროდ შარლი კლერმონის ქორეპისკოპოსი გახდა და პაპმა სიქსტუსმა მას კარდინალობა უბოძა.

ავინიონის დატოვების შემდეგ შარლი ლუის გაჰყვა და მასთან ერთად დიდ ბრძოლებში ჩაება. 1477 წელს იგი იბრძოდა არრაში, შემდეგ კი 1486 წელს იგი ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ გულადს შეებრძოლა, რომელმაც კომპიენის ბრძოლაში იგი დაატყვევა და ლა შარიტე-სურ-ლუარის ციხე-სიმაგრეში გამოკეტა.

რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ შარლი გაანთავისუფლეს. 1488 წლის 1 აპრის მისი უფროსი ძმა, ჟან II უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც შარლ II გახდა ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი. ამის შემდეგ, შარლმა ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა და ამავე წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. ვინაიდან მას შვილები არ ჰყოლია, ტახტზე მისი ძმა პიერ II ავიდა, რომელიც მეფე ლუის ასულზე იყო დაქორწინებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heers, Jacques (2003). Louis XI. Paris: Perrin. ISBN 978-2262020842.
  • Hugo, Victor (1888). Notre-Dame De Paris. Translated by Isabel F., Hapgood. ISBN 978-1482664737.
  • Louis XI; Charavay, Étienne; Vaesen, Joseph F.L. (1887). Lettres de Louis XI, roi de France: publiées d'après les originaux pour la Société de l'histoire de France, vol. 4 (in French). Paris: Librairie Renouard. ISBN 978-0270898828.
  • Louis XI; Charavay, Étienne; Vaesen, Joseph F.L. (1895). Lettres de Louis XI, roi de France: publiées d'après les originaux pour la Société de l'histoire de France, vol. 5 (in French). Paris: Librairie Renouard. ISBN 978-1294898825.