შარაოს წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარაოს წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუღისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მაღალი მთის წვერზე. კომპლექსში შედის ეკლესია, ორი ზურგიანი კოშკი, ერთი ნაგებობის ნაშთი და გალავანი.

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე გასდევს გვიანდელი მინაშენი. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. დგას თითქმის ოვალური მოხაზულობის ეზოს შუა ნაწილში. ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და მინაშენების გადახურვები, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდია. აფსიდს კონქის თაღის ორივე ქუსლის ნაწილი შემორჩა. აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროვებული და ბრტყლად გადახურული სარკმელია. ერთი სარკმელია სამხრეთ კედელშიც, რომლისგანაც მხოლოდ ქვემოთა ნახევარია შემორჩენილი. მინაშენში შესასვლელი სამრეთიდანაა. იგი ეკლესიის შესასვლელის მსგავსად ტიმპანიანია და ორივე მხრიდან შირიმით ნაწყობი თაღითაა გადახურული.

გალავანი ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები, რომლის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში თითო ზურგიანი კოშკია ჩართული. მათგან შემორჩენილია სამხრეთით მდებარე კოშკი. კოშკის სართულშუა გადახურვები და კედლების ზემოთა ნაწილები ჩამოშლილია. შიგნით, კოშკის შემორჩენილ კედლებში რამდენიმე თახჩაა. ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გალავანზე მიშენებული მოგრძო სწორკუთხა ნაგებობის ნაშთიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]