შაორის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაორის ქვაბული — მთიანი ქვაბული მდინარე რიონის აუზში. სამხრეთ-დასავლეთიდან ისაზღვრება ნაქერალის, სამხრეთ-აღმოსავლეთით რაჭის, ჩრდილო-დასავლეთით გობიშურის ქედებით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიკორწმინდა-თლუღის ამაღლებით. ქვაბულის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 1000-1200 მ. ქვაბული წარმოქმნილია ტექტონიკური, მდინარეულ-ეროზიული და კარსტული პროცესებით. კარსტი უფრო მეტად ქვაბულის დასავლეთ ნაწილსა და ფერდობებზეა. ფსკერზე გვხვდება 4-5 მ სისქის ალუვიონი. შაორის ქვაბულში ზედაპირული წყლები და მათი ნაკადები იშვიათია. რელიეფი ნაკლებადაა დანაწევრებული. შაორის ქვაბულში შექმნილია შაორის წყალსაცავი, რომლის ფართობია 9,2 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე 14,5 მ.

ატმოსფერული ნალექების უდიდესი ნაწილი სწრაფად იჟონება კარსტულ ზედაპირში — ეგრეთ წოდებულ „სასულეებში“. ქვაბულის ჰავისათვის დამახასიათებელია მკაცრი ზამთარი და ხანგრძლივი ნოტიო ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 6,7°C, იანვრის —4,8°C, ივლისის 17,6°C; აბსოლუტურ მინიმალური —40°C (ხერგა), აბსოლუტურ მაქსიმალური 34°C. წლიურად 1000-იდან 1400 მმ-მდე ნალექი მოდის. თოვლის მყარი საფარი 142 სმ აღწევს. ქვაბულში განვითარებულია უმთავრესად კორდიან-კარბონატული, ადგილ-ადგილ — ტყის ყომრალი ნიადაგები. ქვაბულის ფსკერსა და დაბალ ფერდობებზე უფრო მეტად ბალახოვანი და ბუჩქნარი მცენარეულობა ხარობს. ნაწილობრივ ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. მაღალი ადგილები შემოსილია ფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]