შანდორ რუდნაი
შანდორ რუდნაი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1760[1] |
დაბადების ადგილი | Považany |
გარდაცვალების თარიღი | 13 სექტემბერი, 1831[1] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ესტერგომი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
![]() | |

შანდორ (ალექსანდრ) რუდნაი (უნგრ. Rudnay Sándor, სლოვაკ. Alexander Rudnay, დ. 4 ოქტომბერი, 1760 — გ. 13 სექტემბერი, 1831, ესტერგომი) — სლოვაკური წარმოშობის უნგრელი კარდინალი. 1819 წლის 17 დეკემბრიდან 1831 წლის 13 სექტემბრამდე იკავებდა ესტერგომის არქიეპისკოპოსისა და უნგრეთის პრიმასის თანამდებობას. 1826 წლის 2 ოქტომბრიდან იყო კარდინალ-მღვდელი.
რუდნაი სლოვაკური ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწეა. იგი ისტორიაში შევიდა როგორც არქიეპისკოპოსი, რომელმაც აღადგინა უნგრეთის მთავარი საეკლესიო კათედრა ესტერგომში და წამოიწყო წმინდა ადალბერტის ბაზილიკის მშენებლობა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრ (შანდორ) რუდნაი დაიბადა 1760 წლის 4 ოქტომბერს სოფელ სენტ-კერესტში (Szentkereszt), უნგრეთის სამეფოში (დღევანდელი პოვაჟანი, სლოვაკეთი), მემამულის ოჯახში.
მან განათლება მიიღო ჯერ ნიტრას გიმნაზიაში და შემდეგ ტრანავის აკადემიაში. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ბუდის უნივერსიტეტში, სადაც ფილოსოფიასა და თეოლოგიას ეუფლებოდა. 1784 წელს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო პეშტის უნივერსიტეტში. 1783 წლის 12 ოქტომბერს იგი მღვდლად აკურთხეს. იგი მრევლის მღვდელი იყო რამდენიმე სლოვაკურ დასახლებაში. 1806 წელს გახდა ესტერგომის სემინარიის რექტორი და თეოლოგიის პროფესორი.
1816 წლის 8 მარტს რუდნაი დაინიშნა ტრანსილვანიის (ერდელი, ზიბენბურგენი) ეპისკოპოსად. ეს არის თანამედროვე ალბა-იულიის ეპარქია (ტრანსილვანია, რუმინეთი). მისი ხელდასხმა ეპისკოპოსად შედგა 1816 წლის 21 აპრილს. 1819 წლის 17 დეკემბერს პაპმა რუდნაი დანიშნა ესტერგომის არქიეპისკოპოსად და უნგრეთის პრიმასად — უმაღლესი თანამდებობა უნგრეთის ეკლესიის იერარქიაში.
უნგრეთის ქალაქი ესტერგომი, უნგრების დუნაის აუზში ჩამოსვლის დროიდან, ქვეყნის რელიგიურ და სულიერ ცენტრად ითვლებოდა. სწორედ აქ აკურთხეს პირველი ქრისტიანი მეფე, წმინდა იშტვან I, რომელმაც ამავე ქალაქში ააგო უნგრეთის პირველი ქრისტიანული ეკლესია. 1543 წელს, ოსმალთა შემოსევის დროს, ესტერგომი მტერმა დაიპყრო, ხოლო საკათედრო ტაძარი თითქმის სრულად განადგურდა. ამ გარემოებამ აიძულა ესტერგომის არქიეპისკოპოსები, რეზიდენცია ტრნავაში გადაეტანათ. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის დიდი ნაწილი თურქთა ბატონობისგან ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს, ვენის ბრძოლის შემდეგ გათავისუფლდა, პრიმასის კათედრა ტრნავაში 1820 წლამდე დარჩა.
დანიშვნის შემდეგ, რუდნაიმ იმპერატორ ფრანც II-ის სრული მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება არქიეპისკოპოსის კათედრის დაბრუნებაზე ესტერგომში. იგი იყო იმ იდეის ინიციატორი, რომ განადგურებული საკათედრო ტაძრის ადგილას აეგო გრანდიოზული ბაზილიკა, რომელიც ესტერგომს კვლავ დაუბრუნებდა უნგრეთის სულიერი დედაქალაქის სტატუსს. ბაზილიკის თავდაპირველი პროექტი შექმნა არქიტექტორმა პალ კიუნელმა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა იანოშ პაკჰი. უნგრეთის მომავალი მთავარი საკათედრო ტაძრის საძირკველი 1822 წელს დაიდო.
1826 წელს რუდნაი კარდინალად დაინიშნა „in pectore“, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი წოდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. 1828 წლის 15 დეკემბერს პაპმა მისი კარდინალად გამოცხადება ოფიციალურად გაახმაურა.
წმინდა ადალბერტის ბაზილიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუდნაი ვერ მოესწრო თავისი მთავარი შემოქმედების — ესტერგომის საკათედრო ტაძრის — დასრულებას. იგი გარდაიცვალა 1831 წლის 13 სექტემბერს, მაშინ როცა ბაზილიკა ჯერ კიდევ შენდებოდა. წმინდა ადალბერტის ბაზილიკა საბოლოოდ 1856 წელს აკურთხეს. მისი დასრულების შემდეგ რუდნაის ნეშტი ტაძრის კრიპტაში გადაასვენეს.
არქიეპისკოპოსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რუდნაი გამოირჩეოდა, როგორც სლოვაკური კულტურისა და ეკლესიური ცხოვრების დამცველი. განსაკუთრებით აქტიურად ის ნორმატივს აყენებდა, რომ სლოვაკურ სამრევლოებში მხოლოდ ეთნიკური სლოვაკები უნდა დანიშნულიყვნენ მღვდლებად. ის მხარს უჭერდა სლოვაკურ კულტურულ ღონისძიებებს როგორც თავისი ავტორიტეტით, ისე ფინანსური მხარდაჭერით. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „მე სლოვაკი ვარ, და თუ პაპი გავხდებოდი, კვლავ სლოვაკად დავრჩებოდი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexander (Sandor) Cardinal Rudnay Divékújfalusi
- Кардинал Руднаи на сайте gcatholic.org
- Кардинал Руднаи на сайте The Cardinals of the Holy Roman Church. Biographical Dictionary (ინგლისური) დაარქივებული 2011-05-01 საიტზე Wayback Machine.
- Alexander Rudnay
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Dr. Constant v. Wurzbach Rudnay de Rudna und Divék-Ujfalú, Alexander // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 27. — S. 223.