შალიკაშვილის ქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შალიკაშვილის ქალიქართველი სახელოვანი ქალი, რომელიც ცხოვრობდა XVI საუკუნეში. მისი დაბადების და გარდაცვალების წლები უცნობია, ასევე უცნობია მისი სახელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცხოეთში გადახვეწილ ქართველ ქალთაგან აღსანიშნავია XVI საუკუნის სახელოვანი ქალი, ოთარ შალიკაშვილის ასული, რომელიც საქართველოდან ყაზმინს (სპარსეთში) იყო გათხოვილი, ლუარსაბ მეფის დედის, ნესტან-დარეჯნის მკვლელ შაჰ-თამაზზე. ოთარ სალიკაშვილის ქალს შაჰ-თამაზისგან ჰყავდა ორი ვაჟი: შაჰ-ისმაილი და შაჰ-ხუდაბანდა. მიდი შვილიშვილი იყო ცნობილი ტირანი შაჰ-აბაზ პირველი.

1569 წელს სპარსთა მიერ ღალატით შეპყრობილი ქართლის მეფე სვიმონი, შაჰ-თამაზს დაპატიმრებული ჰყავდა ყაზმინს - ალამუთის ციხეში. რამდენიმე ხანში სპარსეთის ტახტზე ავიდა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი, რომელმაც დედის ჩაგონებით ტყვედ მყოფი სვიმონი და ბაგრატ მუხრან-ბატონის-ძე არჩილი ცოლ-შვილიანად გაათავისუფლა და შირაზიდან ისპაჰანში ჩამოიყვანა. შაჰ-ისმაილის გარდაცვალების შემდეგ, გამეფდა მისი ძმა შაჰ-ხუდაბანდა, უფროს ძმაზე უფრო მკაცრი ტირანი. მან სპარსეთში მყოფ სვიმონს მოსთხოვა სჯულის გამოცვლა, თანაც შეჰპირდა სამშობლოში დაბრუნებას და ქართლის ტახტის მიცემას. ქვეყნის ჭირ-ვარამით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა სვიმონდა ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა. ოთარ შალიკაშვილის ქალი მწვავედ განიცდიდა სამშობლოს ბედუკუღმართ მდგომარეობას, დიდად ეხმარებოდა სვიმონს თავისუფლების მოპოვებაში, როცა მან გაიგო სვიმონის სჯულის გამოცვლა, დიდად შეწუხდა. შალიკაშვილის ქალმა თავისთან მიიწვია სვიმონი, „მისცა ნიჭნი მრავალნი და სამოსელნი სამეფო და წარმოგზავნა თავისსა ქართლად“ და თან გამოაყოლა იქ მყოფი ტყვე ქართველები. ოთარ შალიკაშვილის ქალწულის ამ მოქმედებაზე და სვიმონის განთავისუფლების შესახებ, ბერი ეგნატაშვილი წერს: „შაჰ-ხუდაბანდას დედამ - ოთარ შალიკაშვილის ქალმან მოიყვანა მეფე სვიმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაგს მოახვევენ, - და იგიცა ქართველი იყო, - მანცა ეგრეთვე ყო და წარმოუგზავნა ლეჩაქი თვისი და მიუმცო: „ მეფე სვიმონ, გწადდეს ლეჩქი ესე აიღეო და გწადდეს ხრმალიო, ჩვენც მოგვეხმარე და შენს საბატონოსაცაო. და მისცა ნიჭი მრავალი და სამოსელი სამეფო და წარმოგზავნა თავისსა ქართლად და წარმოვიდა“. ხმალზე ლეჩაქის მოხვევა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოსა და სპარსეთს შორის დედაკაცის შუამდგომლობით სრული და დაურღვეველი მშვიდობიანობა და ერთობა დამყარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ქორიძე, „სახელოვანი ქართველი ქალები“, თბ., 1965