შალვა ჯაოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაოშვილი.
შალვა ჯაოშვილი
Shalva Jaoshvili.jpg
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1942(1942-01-20)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი თებერვალი, 2005 (63 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
საქმიანობა ჰიდროლოგია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი და პროფესორი
ჯილდოები ღირსების ორდენი (2000)

შალვა ჯაოშვილი (დ. 20 იანვარი, 1942 — გ. თებერვალი, 2005) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ჯაოშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1965 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მონაწილეობდა ალპინიადებსა და მაღალმთიან ექსპედიციებში. 1965 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; ამავე ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი; 1972 წელს გადავიდა ზღვის ნაპირების შემსწავლელ ლაბორატორიაში. აქ იგი ასრულებდა მსხვილმასშტაბიან ექსპერიმენტულ დაკვირვებებს ბიჭვინთის, მდინარეების ბზიფის, მოქვის, ჩაქვისწყლის, ყოროლისწყლის და სხვა სანაპიროებზე, რომლის მიზანი იყო მდინარეთა შესართავებსა და სანაპირო ზოლში ნატანის მოძრაობის შესწავლა. სწორედ ახალმა სამუშაოებმა გადაწყვიტა მისი შემდგომი მოღვაწეობა. იგი მთლიანად გადაერთო მდინარეებსა და სანაპირო ზოლის ნატანის შესწავლაზე, რასაც სამეცნიერო მნიშვნელობის გარდა, პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა, რადგან სანაპიროს მდგრადობას სწორედ ნაპირწარმომქმნელი ნატანის ბალანსი განაპირობებს.[1]

1981–91 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვაში“ ლითოდინამიკის ლაბორატორიის გამგედ; 1992 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. სანაპიროებისა და მდინარეთა შესართავების კვლევისას მან დეტალურად გამოიკვლია საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში და სანაპიროზე მიმდინარე ლითოდინამიური პროცესები, გამოყენებული იქნა ახალი მეთოდები (წყალქვეშა დაკვირვებები). 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იუნესკოს უმაღლესი ჰიდროლოგიური კურსები და მიენიჭა ექსპერტის წოდება სპეციალობით „მდინარეთა შესართავები და კალაპოტური პროცესები“; 1998 წლიდან მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1972 წელს თემაზე: „კოლხეთის მდინარეთა ჩამონადენის ფორმირება და რეჟიმი“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1989 წელს თემაზე: „მდინარეთა ნატანი და მათი როლი ზღვის სანაპიროს დინამიკაში“ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი). შალვა ჯაოშვილს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია უცხო ენებზეც (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ბულგარეთი, უკრაინა და სხვა). ნაშრომები ეხება მდინარეების ნატანის და კალაპოტის პროცესებს, ზღვიური შესართავებისა და ნაპირების დინამიკას, ჰიდროლოგიის სხვადასხვა საკითხებს და გარემოს დაცვის პრობლემებს.[1]

მისი მონაწილეობით ქალაქ პომორიეში (ბულგარეთი) მომზადდა მონოგრაფია — „საზღვარო ეკოლოგიური რეგიონები, შავი ზღვა“; იყო იუნესკოს ოკეანოგრაფიული კომისიის შავი ზღვის რეგიონალური კომიტეტის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის „ნატანის ნაკადები შავ ზღვაში“ ეროვნული კოორდინატორი; მონაწილეობდა შავი ზღვის შემსწავლელ რამდენიმე საერთაშორისო ექსპედიციაში; აღნიშნული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მიწვეული იყო საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, ბულგარეთში, ისრაელში. 1987 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი, ხოლო 2000 წელს ღირსების ორდენი.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Речные наносы и пляжеобразование на Черноморском побережье Грузии. Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1986;
  • Реки Черного моря. Тбилиси, 2003.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.