შალვა ჩხეტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შალვა ჩხეტია
შალვა ჩხეტია Shalva Chkhetia.jpg
დაბ. თარიღი 10 აგვისტო 1899(1899-08-10)
დაბ. ადგილი კორცხელი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 მარტი 1978(1978-03-04) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ისტორია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შალვა ყარამანის ძე ჩხეტია (დ. 10 აგვისტო, 1899, კორცხელი, ზუგდიდის რაიონი — გ. 4 მარტი 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქივმცოდნე და საზოგადო მოღვაწე, დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ჩხეტია დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ კორცხელის ერთკლასიან, შემდეგ დარჩელის ორკლასიან სასწავლებელში. სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1918 წელს. ამავე წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ (სიბრძნისმეტყველების) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1923 წელს.

შალვა ჩხეტიამ 1923 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მე-11 ტექნიკუმში, ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად.

1924 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ არქივში სხვადასხვა თანამდებობაზე: ინსპექტორი, საინსპექტორო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-მეთოდიკური განყოფილების გამგე და არქივთმეცნიერების კაბინეტის გამგე. 1929 წლიდან შალვა ჩხეტიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კათედრაზე, ასპირანტის თანამდებობაზე მიიწვიეს.

1933 წლიდან თანამშრომლობს სამეცნიერო აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში უფროს მეცნიერ-მუშაკად.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ჩხეტია, პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1933 -1936 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში კითხულობდა არქეოგრაფიას, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - არქივთმეცნიერების კურსს. 1940 წლიდან თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში საქართველოს ისტორიის კურსი მიჰყავდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ჩხეტიას 1941 წელს მიენიჭა ისტორიის დოქტორის ხარისხი, 1942 წელს გახდა პროფესორი. სხვადასხვა დროს შალვა ჩხეტია მუშაობდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდ არქივში: მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, კიევში, ყირიმში, ბაქოში, ერევანში, ეჩმიაძინში და სხვა.

შალვა ჩხეტია ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას საქართველოს ისტორიისა და არქივთმეცნიერებაში, რომელთა დიდი ნაწილი იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად, პერიოდულ გამოცემებში, პრესაში.

მისი უშუალო მონაწილეობით რუსეთის სიძველეთა საცავებიდან ჩამოტანილია არაერთი ხელნაწერი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი, რომელიც XIX ს. გატანილი იყო საქართველოდან სხვადასხვა პირის მიერ. მათ შორისაა: IX საუკუნის სახარება (ფ.N1446, ხელნაწერი N107) ჩამოტანილი ლენინგრადის საჯარო წიგნსაცავიდან, „სამართალი ვახტანგ VI-ისა“ (ფ.N1446, ხელნაწერი N115) ჩამოტანილია მოსკოვის ლაზარევის სახელობის ინსტიტუტიდან, „ვეფხისტყაოსანი“--გადაწერილი XVIII ს. (ფ. N1446, ხელნაწერი N166) და ბევრი სხვა. ეს ხელნაწერები დღემდე დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში.

მრავალი წლის განმავლობაში შალვა ჩხეტია იყო საქართველოს მთავარი საარქივო სამართველოს პერიოდული გამოცემის „საისტორიო მოამბის“ რედაქტორი. შალვა ჩხეტია ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით. იგი იყო ნიკო ბერძენიშვილის პრემიის ლაურეატი.

საინტერესოა შალვა ჩხეტიას შრომები: „აკაკი წერეთელი და სვანეთის აჯანყება“, „გენერალი ალ. ჭავჭავაძე“, „თბილისი თავისი ისტორიის გარიჟრაჟზე“, „საქართველოს დედაქალაქი თბილისი“ , „ამქრები და ხელოსნები თბილისში 1860-იან წლებში“, „თვითმპყრობელობის რეპრესიები 1905 წელს სამეგრელოში“, „თანამედროვე არქივთმეცნიერების პრობლემები და მეთოდები“ და სხვა.

პირადი არქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ჩხეტიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც თავმოყრილია როგორც მისი ბიოგრაფიული ხასიათის მასალები, დაბადების მოწმობა, ატესტატი, თსუ დამთავრების დიპლომი, დახასიათებები, ავტობიოგრაფიები, სიგელები, ისე სამსახურებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ხელნაწერი და ნაბეჭდი მონოგრაფიები, წერილები, რეფერატები, მოხსენებები, ამონაწერები სხვადასხვა წყაროებიდან, რეცენზიები, ლექცია-კონსპექტები, პირადი მიმოწერა, ფოტოსურათები, წიგნები.

შალვა ჩხეტია გარდაიცვალა 1978 წელს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11
  • საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, შალვა ჩხეტიას პირადი ფონდი N2099