შალაურის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შალაურის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ შალაურის სამხრეთით, ოთხიოდე კილომეტრზე თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ნაგებობას აშკარად ეტყობა მოგვიანებით ჩატარებული, აღდგენითი სამუშაოების კვალი, რომლის დროსაც, იმხანად დანგრეული დასავლეთ კედლის ნაცვლად, ახალი კედელი აუგიათ, ოღონდ არა თავდაპირველი კედლის ადგილზე, არამედ მისგან აღმოსავლეთით, დაახლოებით 1-1,5 მეტრ მანძილზე. ამის გამო დარბაზი ძლიერ არის დამოკლებული. იმდენად, რომ მისი სიგრძე თითქმის ორჯერ უფრო მეტია სიგრძეზე განახლებული კედელი საკმაოდ სქელია. იგი გრძივ კედლებს შორისაა ჩაშენებული ისე, რომ მათ ბოლოებთან ერთ ხაზზე კი არ არის, არამედ რამდენადმე წინაა წაწეული. ეკლესია ნაგებია წვრილი, რიყის ქვით, რომლებიც წესიერ, სწორხაზოვან რიგებადაა დაწყობილი. მოგვიანებით განახლებული კედელიც რიყის ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული. შიგნით, შესასვლელის ჩრდილოეთით, მოწყობილია მცირე, სწორკუთხა ნიშა. აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომლის კედელი, იატაკიდან 2 მეტრ სიმაღლეზე, დარბაზის გრძივი კედლებიდან მოკლე, პატარა მხრებითაა გამოყოფილი ზემოთ კი იგი უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს, ხოლო კონქი — კამარას. აფსიდის შუაში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ერთი, მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, აგურით ნაწყობი, კუბური ფორმის ტრაპეზია მიყრდნობილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია მოგვიანებით აგებული რიყის ქვის კანკელით. 1990 წელს ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფასადებზე აღდგა ჩამოშლილი საპირე წყობა და აგურის თაროსებრი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]