შავყელა მურტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შავყელა მურტალა
Black-necked Grebe Schwarzhalstaucher.jpg
ქვესახეობა nigricollis მობუდრის მოკაზმულობაში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podiceps nigricollis (Brehm, 1831)
ქვესახეობები
  • P. n. nigricollis
  • P. n. gurneyi
  • P. n. californicus
სინონიმები
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696610
გავრცელება
PodicepsNigricollisIUCNver2019-2.png
  გამრავლება
  მკვიდრი
  მიგრაციის მარშრუტები
  გამოზამთრება

შავყელა მურტალა,[2] ყურებიანი მურტალა[2] (ლათ. Podiceps nigricollis) — წყალმცურავი ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო სიდიდისაა, სხეულის სიგრძე 28–34 სმ-ია,[3] ფრთა 12–14,5 სმ,[1] ფრთების შლილი — 52–55 სმ,[4] ნისკარტი — 20–25 მმ, მასა — 300–400 . სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგის მხარეს მურა-შავია. თავი და კისერი ზემოდან — კიდევ უფრო მუქი შავი. ყურების მიდამოებში გრძელი და წვრილი, მოყვითალო, ოქროსფერი და ქარცი ბუმბულთა კონებია. სხეულის გვერდები ქარცია, აყრია მუქი ლაქები. კუდქვეშა ბუმბულები კვამლისფერია, კისერი ქვემოდან და ჩიჩახვი შავი; დანარჩენი ქვემო მხარე — თეთრი. მეორე რიგის მომქნევი ბუმბულები და რამდენიმე შიგნითა პირველი რიგის მომქნევი თეთრია. ნისკარტი — შავი, ნესტოებთან ოდნავაა ჩაზნექილი, ხოლო წვერო ზემოთკენ წამოწეულია. ფეხები გარეთა მხრიდან მოშავოა, შიგნითა მხრიდან — წენგოსფერ-რუხი. თვალები წითელია. ზამთარში ზემო მხარე მურა-შავი ხდება, ქვემო მხარე, ყელისა და თავის გვერდების ჩათვლით — თეთრი. კისრის წინა მხარე კვამლისფერია. წაგრძელებული ბუმბულები თხემზე და ყურების მიდამოებში აღარ არის.[1] ცურვის დროს კისერი ვერტიკელურადაა დაყენებული. ფრენის დროს შეიმჩნევა ფრთების მუქი ბოლოები.[5] ფეხები საკმაოდ უკან აქვს განლაგებული. თითოეული თითზე შემოკრულია ფართო ლაპოტები. გამოსცემს საკმაოდ მრავალფეროვან ხმებს — მაგ., „პიიტი“ ან „უიტ“ და რაკრაკის ხმები.[6]

ბუდობს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონში. მათ შორის ყველაზე ფართოდ გვხვდება ევროპის დიდ ნაწილში, მცირე, წინა და შუა აზიაში, ციმბირის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთით მდინარე ობამდე, ჩრდილოეთით მინსკამდე, მოსკოვამდე, პერმამდე და ომსკამდე. მეორე არეალი მდებარეობს ზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ მანჯურიაში. ბუდობს აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე ეთიოპიაში. ზამთრობს ინგლისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, ისიკ-ყულის ტბაზე, კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ამერიკაში უმთავრესად წყნარი ოკეანის სანაპიროებზე გვხვდება — კლდოვანი მთებიდან, აღმოსავლეთით ნევადისა და ტეხასის შტატებამდე, ჩრდილოეთით ვაშინგტონამდე, ხოლო სამხრეთით — გვატემალამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი,[1] ანუ მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნევა.[3] გვხვდება ჯავახეთის ტბებზე.[6] ზამთარში შეინიშნება შავ ზღვაზე.[5]

კარგად ყვინთავს. მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ დაბობღავს.[6] ბინადრობს სხვადასხვა სიდიდის დამდგარ წყალსატევებზე, თუმცა გვხვდება მდინარეებსა და მათ ყურეებშიც. სხვა მურტალებთან შედარებით ნაკლებადაა დაკავშირებული ლელიანთან. თავს არ არიდებს ღია ადგილებსაც. ზამთარში შეინიშნება ღია შიდა წყალსატევებსა და ზღვებზეც.[1] გადაფრენის დროს — მთის მდინარეებზეც.[5] ბუდობს უპირატესად კოლონიებად, წყლის მცენარეებისაგან აკეთებს ჩვეულებრივად მცურავ ბუდეს. მაისში დებს 3–6 კვერცხს.[1] ნაჭუჭი მოთეთროა.[7] მორიგეობით კრუხობს ორივე მშობელი. ინკუბაცია 20—21 დღემდე გრძელდება. წელიწადში ერთ თაობას იძლევა, იშვიათად — ორს.[7]

შავყელა მურტალას საკვებ რაციონში თევზები ცოტაა, ისიც მხოლოდ წლის ცივ პერიოდში. გამრავლების დროს უმთავრესად იკვებება წყლის მწერებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, იშვიათად — თავკომბალებითა და მცენარეულობით.[1] პოპულაციას საფრთხეს უქმნის წყალსატევთა დაბინძურება (მ.შ. სულფიდებით), საკვების ნაკლებობა (წყლის ტემპერატურის ცვლილების შედეგად) და სხვ.[8] რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია.[1]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შავყელა მურტალა (P. c. nigricollis).[1]

სურათი ლათინური სახელი ინფორმაცია
Geoorde-fuut-1 (15764180785).jpg P. n. nigricollis
(C .L. Brehm, 1831)
ჩვეულებრივი შავყელა მურტალა: ნომინალური სახეობაა. გვხვდება დასავლეთი ევროპიდან დასავლეთ პალეარქტიკამდე, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ აფრიკაში. იზამთრებს სამხრეთსა და დასავლეთში.[9]
P. n. gurneyi
(Roberts, 1919)
გვხვდება სამხრეთ აფრიკაში.[9]
Eared Grebe Out for a Swim (8601172886).jpg P. n. californicus
(Heermann, 1854)
გვხვდება სამხრეთ-დასავლეთი კანადიდან აშშ-ის დასავლეთ შტატებამდე. იზამთრებს სამხრეთში, აღწევს გვატემალამდე.[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, გვ. 42–43, თბ.: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985.
  2. 2.0 2.1 2.2 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 65, 141, 190, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. 3.0 3.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 18, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. Eared Grebe Identification, All About Birds, Cornell Lab of Ornithology (ინგლისური). www.allaboutbirds.org. ციტირების თარიღი: 2020-09-26.
  5. 5.0 5.1 5.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы : Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. — стр. 34, 432 c.
  6. 6.0 6.1 6.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  7. 7.0 7.1 Eared Grebe (Podiceps nigricollis). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2020.
  8. BirdLife International (2018). "Podiceps nigricollis". The IUCN Red List of Threatened Species 2018: e.T22696610A132584321. https://www.iucnredlist.org/species/22696610/132584321. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  9. 9.0 9.1 9.2 Llimona, F.; del Hoyo, Josep; Christie, David A.; Jutglar, F.; Kirwan, G. M.. Black-necked Grebe (Podiceps nigricollis). Handbook of the Birds of the World Alive. Lynx Edicions (2017). ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2017.