შავი პრინცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი პრინცი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აკაკი ბაბუნაშვილი
აგრეთვე ცნობილი როგორც შავი პრინცი
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1971
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
გარდ. თარიღი 4 თებერვალი, 2019 (47 წლის)
გარდ. ადგილი ბათუმი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი რეპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1990-2019

აკაკი (შურიკა) ბაბუნაშვილი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით შავი პრინცი ან პრინცი P (დ. 4 ივლისი, 1971, ქუთაისი — გ. 4 თებერვალი, 2019, ბათუმი) — ქართველი რეპერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი დაიბადა ქუთაისში 1971 წლის 4 ივლისს,[1] დაამთავრა მეორე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.

1993 წელს საკუთარი კოლექტივი „ძებნილები“ ჩამოაყალიბა, ჯგუფში რეპერები: ფრედო, სმოკი, მასტი და დიჯეი ჯადო გაერთიანდნენ. 1995 წელს მათ რიგებს მეგოტი დაემატა. 1995-96 წლებში შავმა პრინცმა ძებნილებთან ერთად სადებიუტო ალბომი მოამზადა, რომელიც 1999 წელს სახელწოდებით „იძებნება“ გამოუშვა.

2000 წლიდან ძებნილებთან თანამშრომლობა დაიწყო რეპერმა ჯერონიმომ, და მალევე მოამზადეს ერთობლივი ალბომი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს გამოვიდა. ალბომის სხვადასხვა კომპოზიციებს შორის იყო „ჩემი ძმები“, რომელიც ნამდვილი მეგაჰიტი გახდა ქართველ ახალგაზრდებში და ჰიპ-ჰოპის მიმართ სრულიად სხვა მიდგომა წარმოშვა.

2003 წელს შავი პრინცი ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო. 2003 და 2004 წელს შავმა პრინცმა ზედიზედ ორი ალბომი გამოუშვა: „ორი რეპერი“ და „სიზმარში“, ორივე თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად, მალევე კი სოლო ალბომი „ბანდიტო“ გამოსცა. ეს იყო რეპერის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, გარდა აუდიო ვერსიებისა, გადაიღო ვიდეოკლიპები ათამდე სიმღერაზე, რომლებიც მუსიკალური ტელეარხების ეთერში რეგულარულად ტრიალებდა.

2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან რეპერს ნაკლებად ნაყოფიერი პერიოდი ჰქონდა, ამას თან დაერთო საქართველოში შოუ-ბიზნესის და განსაკუთრებით რეპ-მუსიკის კრიზისიც და მუსიკოსმა პოპულარულობა და აქტუალურობა დაკარგა, რისი დაბრუნებაც შემდეგში ვეღარ მოახერხა. გარკვეული პერიოდით შავი პრინცი კვლავ რუსეთში გაემგზავრა, სადაც მოსკოვის ღამის კლუბებში რეპავდა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ რეპერმა მუშაობა ახლგაზრდა თაობასთან გადაწყვიტა და ქუთაისში ხმის ჩამწერი, ვიდეო და ქორეოგრაფიული სტუდია დააარსა. ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ იმიჯში მცირედი ცვლილებები გატარებინა, 2013 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გამოჩნდა სატელევიზიო შოუ ნიჭიერში ახალი სახელით — პრინცი P, თუმცა ამ მცდელობას მისთვის განსაკუთრებული პოპულარობა აღარ მოუტანია.

შავი პრინცი ოთხჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ და არაოფიციალურ ქორწინებებში, მისი მესამე ცოლი სკანდალურად ცნობილი მოდელი მარი ბაბეტა იყო, რომელთანაც 2006-11 წლებში ცხოვრობდა. რეპერს სამი შვილი ჰყავს: მარიამი პირველი ქორწინებიდან, ბაჩანა (2005) მეორე ქორწინებიდან და ბარბარე (2010) მესამე ქორწინებიდან.[2]

რეპერი 2019 წლის 4 თე­ბერ­ვალს, 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­თუმ­ში, სადაც ხელოვანი ბოლო წლებში ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]