ელიზაბეთ შორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შავი გეორგინა)
ელიზაბეთ შორტი

ფოტო გადაღებულია ელიზაბეთ შორტის დაპატიმრების პერიოდში 1943 წლის 23 სექტემბერს
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1924
ბოსტონი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1947 (22 წლის)
ლოს-ანჯელესი
სხეული იპოვეს ლოს-ანჯელესის მიდამოები
სხვა სახელები „შავი გეორგინა“
ეროვნება ამერიკელი
სიმაღლე 168 სმ

ელიზაბეთ შორტი, მეტსახელი „შავი გეორგინა“ (ინგლ. Elizabeth Short; დ. 29 ივლისი, 1924 — გ. 15 იანვარი, 1947) — ამერიკელი ქალი, რომელიც გახდა საზარელი და მეტად გახმაურებული მკვლელობის მსხვერპლი. მოკლული იქნა 1947 წლის 15 იანვარს ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთზე. მისი სხეული შუაზე იყო გადაჭრილი და ამოჭრილი ჰქონდა სასქესო ორგანოები. პირი კი ერთი ყურიდან მეორემდე ჰქონდა ჩაჭრილი. სხვადასხვა დროს დააკავეს 60-მდე ეჭვმიტანილი, თუმცა საბოლოოდ, მკვლელობა არც ერთ მათგანს არ დაუმტკიცდა. ელიზაბეთ შორტის მკვლელობა არის აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და გამოუცნობი დანაშაული.

დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში კლეო შორტისა და ფიბი მეის ოჯახში. ელიზაბეთის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა. მამამისმა ოჯახი მიატოვა მაშინ როდესაც ელიზაბეთი 5 წლისა იყო. პატარა ასაკში კინოს მიმართ ძლიერი ინტერესი გამოიჩინა. 19 წლისას ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

1940-იან წლებში ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც მუშაობდა ოფიციანტად. ჰოლივუდში მოხვედრაზე ოცნებობდა. 1943 წლის 23 სექტემბერს ქალაქ სანტა-ბარბარაში პოლიციამ დააპატიმრა ალკოჰოლის დალევის გამო როგორც არასრულწლოვანი. მოკლული იქნა 22 წლის ასაკში. მისი სხეული იპოვა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნაგავსაყრელთან ლოს-ანჯელესში.

სხეული წელის არეში ორ ნაწილად იყო გადაჭრილი. ამოკვეთილი ჰქონდა გარეთა და შინაგანი სასქესო ორგანოები, აგრეთვე მარჯვენა ძუძუს თავი. მისი პირი დასახიჩრებული იყო „გლაზგოს ღიმილით“. ეს მოვლენა იმთავითვე გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სადაც მას ხშირად „შავი გეორგინის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

„შავი გეორგინის“ საქმეს დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეტექტივი ბრაიან კერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]