შაბურისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაბურისძენიქართლის მთიანეთის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XIII—XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეპყრათ ერისთავთ-ერისთავის ხელი. გვარის სახელწოდება წარმოიქმნა საკუთარი სახელიდან — შაბური. შაბურისძენი პირველად „ქართლის ცხოვრებაში“ იხსენიება XIII საუკუნის მიწურულის ამბებთან დაკავშირებით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ პერიოდში, და შესაძლოა უკვე XII საუკუნეშიც, შაბურისძენი არაგვის ერისთავები იყვნენ. ერისთავებად შაბურისძენი იხსენიებიან XIV-XV საუკუნეების მიჯნის წყაროებში: 1398 წელს მცხეთის საყდრისადმი მიცემულ შეწირულობის დოკუმენტს ამოწმებს ერისთავი მიქა შაბურისძე. გერგეტის სამების ტაძრის სულთა მატიანეში შემორჩენილია XV საუკუნის მოსახსენებლები შაბურისძენისა — ერისთავთ-ერისთავების ჭუჭას, ვარამის, ვახტანგის, მიქას (და მისი დის — ელენეს), ნუგზარის (მისი მეუღლის — დედისიმედის და შვილების: ლომის და შაბურის) და ვამიყის (და მისი ძმის ომარისა). 1465 წლის დოკუმენტის ცნობით, საქართველოს მეფეს გიორგი VIII-ს თავისი ასული მიუთხოვებია ვამიყ შაბურისძის ვაჟისათვის. 1474 წლის დოკუმენტის ცნობით, ერისთავთ-ერისთავმა ვამიყ შაბურისძემ თავის საგვარეულო ბოდორნის მონასტერს შესწირა თავისი მკვიდრი მამული, სოფელი ხანდაკი.

შაბურისძეთა რეზიდენცია, როგორც ჩანს, იყო სოფელი საშაბურო, ხოლო საგვარეულო მონასტერი და სამარხი — ბოდორნა. შაბურისძეთა საერისთავო ქვეყანა ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვეოდა XVII-XVIII საუკუნეების არაგვის საერისთავოს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება (დ. გვრიტიშვილი), რომ შაბურისძეთა საერისთავო მოიცავდა არაგვის ხეობის დაბლობ ნაწილს და ვანათელმა აზნაურებმა გააერთიანეს ის ხევის საერისთავოსთან, რომლის ცენტრიც იყო სიონში. ასე წარმოიქმნა გვიანდელი არაგვის საერისთავო, რომლის ერისთავები იყვნენ უკვე არა შაბურისძენი, არამედ ვანათიდან გამოსული აზნაურები, შესაძლოა წარმოშობით ოსები სიდამონიძეები. XV საუკუნის შემდეგ შაბურისძენი აღარ იხსენიებიან წყაროებში. საფიქრებელია, რომ XVII-XVIII საუკუნეებში არაგვის ერისთავები შაბურისძეთა შთამომავლები არიან: მას მხარს უჭერს საერთო საგვარეულო სახელები: ნუგზარ, შადურ, ლომი და სხვა, აგრეთვე საერთო საგამგებლო ქვეყანა, საერთო საგვარეულო მონასტერი, რეზიდენცია (დუშეთ-ბაზალეთ-საშაბურო), რაც შეეხება ნარატიული წყაროების გადმოცემას არაგვის ერისთავთა ვანათელი აზნაურისაგან წარმომავლობაზე, მათ ოსობაზე და სიდამონიძეობაზე (ვახუშტი ბატონიშვილი, ბერი ეგნატაშვილი, იოანე ბატონიშვილი, ვახტანგ ბატონიშვილი), უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ხარკს უხდის შუა საუკუნეების ტრადიციას — წარჩინებული პირების უცხოური წარმომავლობისად გამოცხადებას.

XVII-XVIII საუკუნეების წყაროებში მოხსენიებული აზნაური შაბურიშვილები (მათი ნაწილი საშაბუროში ცხოვრობდა, ნაწილი სახასო აზნაურებს შეადგენდა, ხოლო ნაწილი — ჯამბაკურ ორბელიანის აზნაურებს), შესაძლოა, ერისთავ შაბურისძეთა საგვარეულოს ნაშთს წარმოადგენენ. ძირითადმა შტომ კი დაკარგა ძველი საგვარეულო სახელწოდება და XVI-XVII საუკუნეებიდან არაგვის ერისთავებად იწოდა.

ერისთავი შაბურისძენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შანშე – დაახლ. XIII ს-ის შუა ხანები
  • ჭუჭაი – დაახლ. XIII-XIV ს-თა მიჯნა
  • ვარამ – დაახლ. მე14 ს.-ის პირველი ნახევარი
  • ვახტანგ – დაახლ. მე14 ს.-ის შუა ხანები
  • მიქაი – დაახლ. მე14 ს-ის მეორე ნახ. – 1398 წ.[1]
  • სურამელ ? – 1403 წ.[2]
  • ნუგზარ – დაახლ. 1419 –1465 წწ.[3][4]
  • ვამიყ – დაახლ. 1465 – 1494 წწ.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 668.
  • გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955