ყულარი
ყულარი — მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ყულარისა და ქვემო ყულარის ძველი საერთო სახელწოდება; საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით — მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული.
XVIII საუკუნეში „ყულარის“ სახელით ცნობილი იყო მომთაბარე თურქმანული ტომების (ელების) განსახლების ადგილები სომხითში, მდინარე შულავრის ხეობაში, მისი და მდინარე ხრამის (ქციის) შესართავთან.[1] ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „ქციის პირს, სად ერთვის წყალი შულავრისა, მუნ არიან ელნი ყულარად წოდებული“.[2] იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) შულავრის ხეობის დასახლებებს შორის დასახელებულია „ყულარი თავისის ობაებით ანუ სოფლით“ („ობა“ თურქმანული ელის სოციალური უჯრედია).[3] შემდგომში აქ ჩამოყალიბდა რამდენიმე სოფელი, მათ შორის: ზემო ყულარი და ქვემო ყულარი, რომლებიც 1929 წლამდე შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, შემდეგ კი — მარნეულის რაიონში.
1968 წელს მარნეულის რაიონის შულავერის სასოფლო საბჭოს გამოეყო რამდენიმე სოფელი (ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, დაშთაფა, ბუდიონოვკა, ყირმიზქენდი, კირიხლო) და შეიქმნა ყულარის სასოფლო საბჭო (შემდეგ — თემი), ცენტრით სოფელ ქვემო ყულარში.[4] 2000-იან წლებში ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფით მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებულია სოფლები: დაშტაფა, ზემო ყულარი, კირიხლო, მარადისი, მეწამულა (ყოფ. ბუდიონოვკა), ქვემო ყულარი, წითელსოფელი (ყოფ. ყირმიზქენდი).[5] 2014 წლის აღწერით ყულარის სოფლების მოსახლეობის საერთო რიცხოვნება იყო 4 980.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლორთქიფანიძე ი., ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, ტფ., 1935. — გვ. 363.
- ↑ „ქართლის ცხოვრება“, ტომი IV: ბატონიშვილი ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ). თბ., 1973. — გვ. 310.
- ↑ ბატონიშვილი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა). თბ., 1986. — გვ. 56.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1968, №9. — გვ. 446.
- ↑ მარნეულის მუნიციპალიტეტი (ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2007.