ნესტორი (ყუბანეიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყუბანეიშვილი, ნესტორ)
Jump to navigation Jump to search
ეპისკოპოსი ნესტორ ყუბანეიშვილი

ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი (დ. 5 სექტემბერი 1853 — გ. 15 ივნისი, 1938) — სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს კი — თბილისის სასულიერო სემინარია. ამავე წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო. 1883 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად სოფელ ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1884 წელს ამ ეკლესიასთან დააფუძნა სამრევლო სკოლა. 1887 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მღვდლად. იყო ამავე ეკლესიასთან არსებული სანიმუშო სკოლის გამგე და საღვთო რჯულის მასწავლებელი. მოღვწეობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძარში. 1906 წელს მიიღო დეკანოზობა.

1910 წლის 5 იანვარს გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა. 1912-1915 წწ. მოღვაწეობდა შუამთის, ალავერდის, თეთრი გიორგის ეკლესია-მონასტრების წინაძღვრად. 1915 წელს, მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1919 წელს გახდა გელათის მონასტრის წინამძღვარი, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე, მონასტრის დახურვამდე. 1924 წლიდან ეპისკოპოსად აკურთხეს. 1924-1926 წწ. იყო ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსი, 1926-28 წლებში ჭყონდიდის ეპისკოპოსი გახდა. ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ; 1928 წელს ცაგერის, ხოლო 1929 წელს წილკნის ეპისკოპოსი იყო. 1930 წელს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობისას შეადგინა „სახელმძღვანელო საღმრთო რჯულის სასწავლებლად“; „შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, „ახსნითი ლოცვანი“, „ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა“, „საიდუმლოების ახსნა“, „ქრისტეს სწავლის გავრცელება“, „ღირსი მამა დავით გარეჯელი“, „ცოლქმრობა“, „გზა ცხოვრებისა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლოზ საღარაძე. ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია. თბილისი, 2014. გვ. 66-67.