ყვავისფრჩხილოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყუავისფრჩხილოვანი)
Jump to navigation Jump to search

„დამწერლობა ხუცურსა და მხედრულს უნდა სხვადასხვადა
გრგლოვანს, ყუავისფრჩხილოვანსა, ასომთავრულს სმენ თავადა“.

არჩილ II, საქართველოს ზნენი

ყუავისფრჩხილოვანი, რომელიცა ანუ ფურცლისა დასასრულსა ტაეპსა შინა იხმევიან და ანუ ყოველთა ფურცელთა შინა ყოვლადისა წიგნისათა“.

ანტონ კათალიკოსი

ყვავისფრჩხილოვანი (ძვ. ყუავისფრჩხილოვანი) — ქართული დამწერლობის ერთ-ერთი თავისებური ხელი, სავარაუდოდ ხუცური (ნუსხური) დამწერლობის სახეობა. ამ მნიშვნელობით ეს სახელწოდება გვხვდება XVII-XVIII საუკუნეებში; მას მეფე არჩილ II იხსენიებს თავის თხზულებაში „საქართველოს ზნენი“, როგორც ქართული დამწერლობის განსაკუთრებულ სახეობად ხუცურის, მხედრულის, მრგლოვანისა და ასომთავრულის გვერდით[1]. უფრო ვრცელ განმარტებას იძლევა ანტონ კათალიკოსი; მასაც ყვავისფრჩხილოვანი თავის თანამედროვე საქართველოში გავრცელებულ წერის სახეობათა ჩამონათვალში მოჰყავს[2] და განმარტავს, რომ „ყუავისფრჩხილოვანი ... ანუ ფურცლისა დასასრულსა ტაეპსა შინა იხმევიან და ანუ ყოველთა ფურცელთა შინა ყოვლადისა წიგნისათა“.

ანტონის ცნობაზე დაყრდნობითა და დამწერლობის სახელწოდებიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილი თვლის, რომ ყვავისფრჩხილოვანი ხუცური წერის სახეობაა, იხმარებოდა წიგნის ან თითოეული გვერდის უკანასკნელი სტრიქონის დასაწერად და მისი ასოების მოყვანილობები მართლაც ფრინველთა კლანჭის მსგავსადაა მოკაუჭებული. ამგვარად შესრულებული უკანასკნელი ხაზი მართლაც გვხვდება ქართულ ხელნაწერებში, თუმცა საკმაოდ იშვიათია. ამის მიზეზად ჯავახიშვილი ასახელებს იმას, რომ ყვავისფრჩხილოვანი დამწერლობა კალიგრაფიულია და მხოლოდ განსაკუთრებულ, მხატვრული მიზნით შესრულებულ წიგნებში გამოიყენებოდა. ყვავისფრჩხილოვანი დამწერლობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს მიქაელ მოდრეკილის იადგარი[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, გვ. 114-124

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, გვ. 114
  2. ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, გვ. 115
  3. ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, გვ. 124