ყოფჩისკარის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყოფჩისკარის კომპლექსიარქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალილოს ჩრდილოეთით, 1,5-2 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადის ყოფჩურის ხეობაში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1988 წელს გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). კომპლექსი შეიცავს ნანგრევებად ქცეულ სწორკუთხა კოშკს, პატარა დარბაზულ ეკლესიას და რამდენიმე ნაგებობის ნაშთს. კომპლექსს გარს ეკრა ლოდებით მშრალად ნაწყობი გალავანი, რომლის კვალი აქა-იქღაა შემორჩენილი. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (5,5 x 3,8 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და დუღაბით. აქა-იქ გამოყენებულია შირიმის კვადრებიც. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი და ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილი (სიმაღლე 0,6-0,8 მეტრი). შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით მოკლე მხრებით გამოყოფილი არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძზე ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზია (შემორჩენილია მცირე ნაწილი) მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული. ქვედა საფეხურს შუაში სწორკუთხა ამბიონი აქვს. დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია საკურთხევლისწინა ჯვრის კვადრატული ბაზისი. ჩრდილო კედელს მთელ სიგრძეზე დაბალი საფეხური გასდევს. ეკლესიის აღმოსავლეთით, 15 მეტრზე, გათხრილია კლდის ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით ნაგები აკლდამა, რომელშიც აღმოჩნდა 25 ჩონჩხი. გამოვლინდა მინის მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და ღილები, რკინის ისრისპირი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]